ბოლო პერიოდში, ინტერნეტის ერთ–ერთი სოციალური ქსელის საშუალებით, დიდი ინტერესითა და სიხარულით ვადევნებ თვალს ტყიბულში, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ “მეშახტის“ ქომაგთა აქტიურობას. ისინი შიშველი ენთუზიაზმის ხარჯზე მათი ქალაქისა და კლუბისათვის მეტად საჭირო საქმეს აკეთებენ და “მეშახტის“ ფან–კლუბს ყოველგვარი “ზემოდან“ დაფინანსების გარეშე აყალიბებენ.
აგერ, ცოტა ხნის წინ ამ ხალხმა შეძლო და აგროვებული თანხებით საგულშემატკივრო კაშნეები დაამზადებინა, რამაც დამატებითი სტიმული მისცა იმ ადამიანებს, ვისაც ტყიბული და იქაური კლუბი უყვარს, მაგრამ მთლად საგულშემატკივრო მარათონში რატომღაც ჯერ არ იყვნენ ჩართულები. ჩემი აზრით, ყველაფერი დიდი და მნიშვნელოვანი სწორედ შიშველი ენთუზიაზმით იწყება და თუნდაც ამიტომაა აღნიშვნის ღირსი ტყიბულელი გულშემატკივრები.
საქართველოში და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ფეხბურთი მუდამ სპორტის უპირველესი სახეობა იყო და ჩვენი ქვეყნის პატარა ქალაქების კლუბები მათი დაარსების დღიდან, ამ პატარა ქალაქების მცხოვრებთათვის მეტად ფასეული იყო, რადგან მათ კარგად იცოდნენ, რომ კლუბი ქალაქის სახეა და ძლიერი გუნდის ყოლა ყოველთვის პრესტიჟულია ქალაქის იმ მცხოვრებთათვისაც კი, ვისაც ფეხბურთი დიდად არ უყვარს. მაჩანჩალობა და სხვათა კუდში დევნა არავის ეპიტნავება და როდესაც ხედავ, რომ შენი ქალაქის ცნობადობას და პოპულარობას ძლიერი საფეხბურთო კლუბი განაპირობებს, მაშინ შენც ამ კლუბის ნაწილი ხდები და შვილებსაც ასწავლი, რომ ეს კლუბი ჩვეულებრივი გუნდი არ არის და იგი თქვენი ქალაქის, თქვენი ცხოვრებისა და თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია.
ეს ყველაფერი საქართველოში ყოველთვის იცოდნენ, თუმცა ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა მრავალ ფასეულობას შეურყია საფუძველი და ბევრი კარგი რამ მიეცა დავიწყებას. მაგრამ, იქ, სადაც ენთუზიაზმი და სიყვარულია, ადამიანებს წინ ვერავინ დაუდგება! ამიტომაც, სხვებთან ერთად, მეც დიდად მეიმედება ტყიბულელი და ზოგადად ყველა იმ ქომაგისა, რომლებიც ფან–კლუბების შექმნით ახალ სიტყვებს წერენ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში და იმედია, მათი ეს მცდელობები მომავალში საყოველთაო სახეს მიიღებს.
ეს ყველაფერი შესანიშნავია, მაგრამ, მხოლოდ ფან–კლუბებით ტყიბულში და ჩვენი ქვეყნის რეგიონებში დიდი საფეხბურთო პრობლემები სამწუხაროდ მაინც ვერ მოგვარდება და ამ საქმეს უფრო მასშტაბურად სჭირდება მიხედვაცა და მოგვარებაც. დაახლოებით ორი წლის წინ, ჩვენს აქტიურ მკითხველს შეიძლება ახსოვდეს კიდეც, რომ ვწერდი ჩემი ტყიბულში ყოფნის შესახებ. იმ ბლოგში რამდენჯერმე ვახსენე, თუ რაოდენ მძიმე და გულისმომკვლელი მდგომაროება დამხვდა ტყიბულის ცენტრალურ სტადიონზე, სადაც “მეშახტე“ საშინაო თამაშებს ატარებს.
სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურის მხრივ ეს კლუბი ძველებურად დიდი პრობლემების წინაშე დგას და იქნებ ადგილობრივი გულშემატკივრების აქტიურობამ და ზოგადად ამ ქალაქში ფეხბურთის გაცოცხლების სურვილმა და მუხტმა მაინც გაახედოს ქვეყნისა და იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელობა ტყიბულისაკენ, სადაც საფეხბურთო ტრადიციები ყოველთვის იყო -მეშახტეთა პატარა ქალაქში არაერთი ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი გაზრდილა.
ბოლოს კი გაუმარჯოს “მეშახტეს“ ახალდფეხადგმულ ფან–კლუბს! გამარჯვებებითა და წარმატებებით გევლით მეგობრებო!