ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ეტაპის ჯგუფურ ტურნირში საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. საწყლოსნო კომპლექს “ოლიმპიკში” იოვან პოპოვიჩის გუნდმა დიდი უპირატესობით დაამარცხა შვეიცარიის გუნდი. თამაშიდან თუ შედეგიდან გამომდინარე ქართველი სპორტსმენების უპირატესობა მთელი მატჩის განმავლობაში თვალშისაცემი იყო.
გუშინდელ მატჩთან შედარებით, რომელშიც საქართველოს ნაკრები მინიმალური სხვაობით რთულ ბრძოლაში დამარცხდა სლოვაკეთის გუნდთან, დღეს “ოლიმპიკის” ტრიბუნებზე შედარებით მცირე რაოდენობის გულშემატკივარმა მოიყარა თავი. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებს ქომაგობა არ აკლდა, განსაკუთრებით კი გულშემატკივართა გუნდ “ქომაგის” წევრები აქტიურობდნენ.
გულშემატკივართა შედარებითი სიმცირე სავარაუდოდ მეტოქის ფაქტორმაც განაპირობა. სლოვაკეთის გუნდი ჯგუფის ფავორიტად ითვლება, შვეიცარიის გუნდი კი ყველაზე სუსტია.
პირველი ტაიმი ქართველი წყალბურთელების სასარგებლოდ 11:4 დასრულდა. ამ მომენტისთვის პრაქტიკულად გარკვეული იყო გამარჯვებულის ვინაობა. სანახაობრივი თვალსაზრისით თამაში არ იყო შემოქმედებითად დატვირთული, თუმცა რამდენიმე ეპიზოდში იოვან პოპოვიჩის მოთამაშეებმა საკმაოდ ოსტატურად ითამაშეს და ქომაგთა ოვაცია დაიმსახურეს.
მატჩის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტან ზურაბ რურუას გავესაუბრეთ, რომელმაც კმაყოფილება გამოთქვა დაფიქსირებული შედეგით.
“პროგრამა მინიმუმ ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება იქნება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პორტუგალიის ნაკრები აუცილებლად უნდა დავამარცხოთ. დღევანდელ შეხვედრაში გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, იმედი მაქვს, ხვალინდელ შეხვედრასაც მაღალ დონეზე ჩავატარებთ” – განაცხადა გუნდის კაპიტანმა.
დღეს საქართველოსა და შვეიცარიის მატჩამდე პორტუგალიელთა გუნდი სლოვაკეთს დაუპირისპირდა და 6:15 დამარცხდა.
შეგახსენებთ 8 თებერვალს 10:00 საათზე შვეიცარიის მეტოქე სლოვაკეთი იქნება, ხოლო 11:45 საათიდან საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებთა დაპირისპირება დაიწყება.
ორი ტურის შემდეგ ორი მოგებით პირველი ადგილზე სლოვაკეთი იმყოფება, საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს თითო-თითო მოგება აქვთ. ასე რომ, მათ შორის მეტად პრინციპული მატჩი გაიმართება. რაც შეეხება შვეიცარიელ წყალბურთელებს, ისინი გამოკვეთილი აუტსაიდერები არიან.
საქართველო – შვეიცარია 21:9 (11:4)
საწყლოსნო კომპლექსი “ოლიმპიკი”
საქართველო: შუბლაძე, ქავთარაძე, ცრეპულია, ელეზი, იმნაიშვილი, ჯელაკა, ხვედელიანი, ბაღათურია, რურუა, გეგელაშვილი, ჯახაია, ბითაძე, სტრუჯიჩი
შვეიცარია: ჰენზი, მიულერი, რიკარდო, ჰერცოგი, ფროლი, რადიოვოჯევიჩი, გავასი, ველიკოვი, კასინა, ბელაჯაჩი, დამიანოვი