საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეორე წრე გუშინ ბათუმსა და ქუთაისში დაიწყო, დღეს კი მატჩებს თბილისმა და რუსთავმა უმასპინძლა. თბილისის სპორტის სასახლეში ერთმანეთის პირისპირ “შსს აკადემია” და “მგზავრები-არმია” წარსდგნენ. პირველ წრესთან შედარებით კოტე ტუღუშისა და ბუბა ბერიშვილის გუნდები მაყურებლის წინაშე სახეცვლილნი წარსდგნენ. აკადემიელებმა საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატები ნიკა მეტრეველი და მიხეილ ბერიშვილი დაიმატეს. ამასთან, მალე გუნდს ლეგიონერიც შეემატება, რომელიც მეფარის პოზიციაზე ითამაშებს. რაც შეეხება “მგზავრები-არმიას”, დღეს დილით ჩამოვიდნენ მისი ახალი წევრები გამთამაშებელი და ცენტრალური ფორვარდი, რომლებიც მომავალ შაბათს თავიანთ სადებიუტო მატჩებს ჩაატარებენ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში. ამასთან ბუბა ბერიშვილის გუნდი დატოვეს თეიმურაზ ბაბუნაშვილმა და ოთო ბულიავამ.
დღევანდელ მატჩს რაც შეეხება, თამაში საინტერესოდ წარიმართა და ინტრიგა ბოლომდე იყო შენარჩუნებული. აკადემიელები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და 12:4 დაწინაურდნენ, თუმცა მგზავრებმა ქულათა სხვაობა პერიოდის მიწურულს სანდრო სანაძის ზუსტო ტყორცნის შემდეგ მინიმუმადე დაიყვანეს 16:15. ზედ საფინალო სირენის წინ აკადემიელებმა ზუსტი შეტევა განახორციელეს და საწყისი მეოთხედი 18:15 დასრულდა.
მეორე პერიოდში ბერიშვილის, ჩიკვილაძისა და ბიბილურის ზუსტი მცდელობების შედეგად “შსს აკადემია” 27:15 დაწინაურდა, რასაც მგზავრებმა 11-ქულიანი გაქცევა მიაყოლეს და სხვაობა კვლავ მატჩში მეორედ მინიმუმადე დავიდა 27:26. მეორე მეოთხედის მიწურულს კვლავ მოახერხა აკადემიამ წინ გაჭრა, პირველის მსგავსად მეორე პერიოდიც 3 ქულის სხვაობით მოიგო, დიდი შესვენების წინ კი 6-ქულიანი ჰანდიკაპი მიიღო 35:29.
მესამე პერიოდის შუაწელში რევაზ როგავას ზუსტი სამიანის შედეგად შეხვედრის მსვლელობისას ყველაზე დიდი 13-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა 50:37, თუმცა მგზავრებმა ამჯერადაც მოახერხეს სხვაობის შემცირება. ისინი 5 ქულით მიუახლოვდნენ მოწინააღმდეგეს თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს და როდესაც მეოთხე პერიოდის დასრულებამდე იმავე როგავამ სხვაობა 12 ქულამდე აიყვანა 66:54 ცხადი გახდა “შსს აკადემია” მიმდინარე ჩემპიონატში მეექვსე გამარჯვებას რომ მიიღებდა. საბოლოოდ კოტე ტუღუშის გუნდმა 75:62 მოიგო და პირველ წრესთან შედარებით კიდევ უფრო დიდი სხვაობით მოუგო “მგზავრები-არმიას”.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სუპერლიგის სასტარტო მატჩში აკადემიელებმა მგზავრებს 11-ქულიანი სხვაობით სძლიეს.
მოგებულთაგან საუკეთესო რევაზ როგავა გახლდათ, რომელმაც 18 ქულასთან ერთად 6 ჩაჭრაც განახორციელა. 18 ქულითა და 6 მოხსნით გამოირჩა აკადემიელთა მეფარე გიორგი შარაბიძე. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნება ურიგოდ არ აღუნიშნავს მიხეილ ბერიშვილს, რომელმაც თანაგუნდელებში ყველაზე მეტი მოხსნა (7) განახორციელა და აქტივში 12 ქულაც ჰქონდა. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი “მგზავრები-არმიას” კალათბურთელი მერაბ ბოქოლიშვილი გახლავთ (20 ქულა).
მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე კოტე ტუღუშმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირიდან ლეგიონერებით გაძლიერებული “მგაზვრები-არმია” ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. მანვე თქვა, რომ ხვალიდან გუნდი სერიოზულ მზადებას იწყებს მომდევნო ტურში “რუსთავის” წინააღმდეგ სათამაშოდ.
ბუბა ბერიშვილმა მოწინააღმდეგეს მოგება მიულოცა და საკუთარი გუნდის მარცხი უპირველესად კალათბურთელების ტრავმიანობით ახსნა (ამ მიზეზის გამო არ უთამაშია მეფარე დავით იოსელიანს). ბერიშვილმა დასძინა, რომ უცხოელები მის გუნდს ერთი-ორად გააძლიერებენ, გუნდი თამაშსაც გამოასწორებს და შედეგის გაუმჯობესებას აუცილებლად შეეცდება.