ინგლისის ჩემპიონატის 24-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს 7 შეხვედრა გაიმართება, რომელთაგან განსაკუთრებულ ინტერესს 2 მატჩი იწევევს. ტური “უაით ჰართ ლეინზე” გაიხსნება, სადაც ჩრდილო ლონდონურ დერბიში ერთმანეთს საძულეველი მეტოქეები დაუპირისპირდებიან: “ტოტენჰემი” “არსენალის” წინააღმდეგ. დღის ბოლო შეხვედრა “გუდისონ პარკზე” შედგება, სადაც უკვე ლივერპულური დერბის მომსწრენი გავხდებით.
16:45 ტოტენჰემი – არსენალი
“ტოტენჰემმა” მიმდინარე სეზონი ძალიან არასტაბილურად დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად გამოასწორა, რაც სატურნირო ცხრილშიც აისახა. მაურისიო პოჩეტინოს შეგირდები 40 ქულით მე-6 პოზიციაზე არიან და მე-3 ადგილზე მყოფ “მანჩესტერ იუნაიტედს” მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებინიან, დღევანდელ მეტოქესთან და “საუთჰემპტონთან” სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა და დღეს გამარჯვების შემთხვევაში “მამლები” შესაძლოა ოთხეულში აღმოჩნდნენ. კლუბმა ბოლო 5 მატჩიდან 3 მოიგო, 1 ფრე ითამაშა და 1 წააგო. “დეზებს” არავინ დააკლდებათ.
საძულველი მეტოქის მსგავსად, სეზონი არასტაბილურად დაიწყო “არსენალმაც”, თუმცა ნელ-ნელა “მეთოფეები” სასურველ ფორმაში შევიდნენ, რასაც წამყვანი მოთამაშეების დაბრუნებაც დაემატა. ლონდონელები 42 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფებიან და “საუთჰემპტონს” მხოლოდ ბურთების მაჩვენებლით ჩამოუვარდებიან. უკანასკნელი 5 მატჩიდან ვენგერის გუნდმა ოთხში იმარჯვა, ხოლო “წმინდანებთან” გასვლაზე დამარცხდა. დღევანდელ მატჩში მეთოფეები სანჩესს, დებუშის, არტეტას, უილშირსა და დიაბის მოისაკლისებენ.
პირველი წრის შეხვედრა “ემირათს სთედიუმზე” ფრედ 1:1 დასრულდა. “მამლები” 56-ე წუთზე ნასერ ჩადლიმ დააწინაურა, ხოლო 74-ე წუთზე ოქსლეიდ-ჩემბერლენმა გაათანაბრა.
სავარაუდო შემადგენლობები
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, უოლკერი, ვერტონგენი, ფასიო, როუზი, ბენტალები, მეისონი, ერიკსენი, დემბელე, ლამელა, კეინი.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა, ბელერინი, მერტესაკერი, კოშელნი, მონრეალი, კოკლენი, კასორლა, რემსი, ოზილი, უოლკოტი, ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
21:30 ევერტონი - ლივერპული
წინა წლებთან შედარებით, გაცილებით სუსტად გამოიყურება “ევერტონი”, რომელიც 23 ტურის შემდეგ მე-12 ადგილზე იმყოფება პრემიერლიგაში, რაც ამ კლუბისთვის ძალიან ცუდი შედეგია და თუ რობერტო მარტინესმა უახლოეს მომავალში მდგომარეობა ვერ გამოასწორა, დიდი ალბათობით პოსტის დატოვება მოუწევს. “კანფეტებს” ბოლო 3 მატჩია არ წაუგიათ და ხვალინდელი შეხვედრა ესპანელი სპეციალისტისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. დერბიში წარმატება “ლურჯებისთვის” ფსიქოლოგიურადაც წაადგებათ, რადგან მარტინესის შეგირდებს აშკარად მეტი შეუძლიათ და წელს თავიანთ შესაძლებლობებს აშკარად ვერ იყენებენ ბოლომდე. “ევერტონს” დღევანდელ შეხვედრაში ტიმ ჰოვარდი, ლეონ ოსმანი და სტივენ პიენაარი დააკლდებიან.
თანაქალაქელის მსგავსად სეზონი საშინლად დაიწყო “ლივერპულმაც”, მაგრამ ბრენდან როჯერსის გუნდმა ბოლო პერიოდში მკვეთრად მოუმატა, სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილამდე აღზევდა და ჩემპიონთა ლიგის ზონას მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან.
“ლივერპულმა” ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო და 1 ფრედ ითამაშა. “წითლები” ერთადერთი არიან პრემიერლიგაში, რომელთაც 2015 წელს არ წაუგიათ (3 მოგება და 1 ფრე). სტუმრებს მნიშვნელოვანი დანაკლისი არ აქვთ, ბრედ ჯონსისა და ჯონ ფლანაგანის არ ყოფნა დიდ პრობლემებს არ ქმნის.
პირველი წრის დერბი “ენფილდზე” ფრედ 1:1 დასრულდა. 65-ე წუთზე სტივენ ჯერარდმა საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ფილ იაგიელკამ შესანიშნავი გასროლით “ევერტონს” ქულა მოუპოვა.
სავარაუდო შემადგენლობები
ევერტონი (4-2-3-1): რობლესი, სტოუნზი, იაგიელკა, ბეინსი, კოულმენი, ბერი, ბეშიჩი, ბარკლი, ნეისმიტი, მირალაში, ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
ლივერპული (3-4-2-1): მინოლე, შკრტელი, სახო, ჩანი, ჰენდერსონი, ლეივა, მარკოვიჩი, მორენო, კოუტინიო, ჯერარდი, სტერლინგი.
მწვრთნელი: ბრედან როჯერსი
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ტურის სხვა მატჩების ანონსი იხილეთ ამ ბმულზე