ტურინის “იუვენტუსის” და იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ “გაძეტა დელო სპორტს” ინტერვიუ მისცა. “ბებერი ქალბატონის” ყოფილი კაპიტანი ტურინში იმყოფება, სადაც “იუვენტუსსა” და “მილანს” შორის 7 თებერვალს გასამართ მატჩს დაესწრება.
- დელ პიერო, რომელს უფრო მეტი ვარსკვლავი ჰყავდა, “იუვეს” თუ “მილანს”?
- როგორ ავირჩიო? – მართებული იქნება თუ ვიტყვი, რომ ორივეს. რა თქმა უნდა სიამოვნებით ვითამაშებდი “მილანის” ვარსკვლავების მხარდამხარ. გამიმართლა, რომ ბევრ მათგანთან ერთად ნაკრებში ვითამაშე. შესანიშნავი იქნებოდა მარკო ვან ბასტენთან დუეტში თამაში. იგი ცენტრფორვარდის ნამდვილი ეტალონი იყო.
- როდესაც საკის “მილანმა” მოიგო პირველი ჩემპიონთა ლიგა, იტალიური ფეხბურთი შეიცვალა. თქვენ, მაშინ 15 წლისაც არ იყავით. “მილანი” იყო ყველაზე პოპულარული?
- ეს იყო მინიშნება ყველასთვის. “მილანი” ძალიან ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობდა და ნამდვილად შეცვალა იტალიური ფეხბურთი. განსაკუთრებულად სამმა ჰოლანდიელმა მისცა მაგალითი პატარა იტალიელებს.
- “იუვე” “მილანს” შორის თითქმის ყოველთვის იყო ჯანსაღი, სპორტული დაპირისპირება.
- დიახ, ასე იყო. მაგალითად, როგორც ჩოგბურთშია ფედერერისა და ნადალის დაპირისპირება. გამარჯვების სურვილი, მაგრამ ყოველთვის უდიდესი პატივისცემა მეტოქისადმი.
- 2010 წელს ბერლუსკონიმ თქვა, რომ სურდა კარიერა “მილანში” დაგემთავრებინათ. თუ ყოფილა შემოთავაზება ბერლუსკონისგან?
- 1992 წელს, ჯერ კიდევ “იუვეში” გადასვლამდე, მაგრამ აგრადიმ (“პადოვას” მაშინდელი სპორტული დირექტორი – ავტ) ჩემში დიდი თანხა მოითხოვა და შემდეგ მეც “იუვეში” აღმოვჩნდი. თუმცა, ბერლუსკონის ვეტყვი ერთ რამეს: ახლა მე ვარ თავისუფალი აგენტი, თუ მას სურს, მე ისევ აქ ვარ. ბერლუსკონი მნიშვნელოვანი ფიგურაა, როგორც “მილანისთვის”, ისე მთლიანად ფეხბურთისთვის. მან სწორად გააკეთა არჩევანი იმ ადამიანებზე, ვინც გვერდით ჰყავს და ამით შექმნა ინოვაციური მენტალიტეტი.