კალათბურთი

15:17 | 6.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟა კვარაცხელია: “კალათბურთის მაღალ დონეზე აყვანას მხოლოდ სახელმწიფო ვერ შეძლებს”

დღეს საკალათბურთო სუპერლიგის მეორე წრე აიღებს სტარტს. გულშემატკივარს წინ რეგულარული პირველობისა და პლეი ოფის მატჩები ელის. ჩემპიონატი თანდათან გადამწყვეტ ფაზაში შევა და დაძაბულობაც მოიმატებს. მეორე წრის სტარტის წინ ეროვნული პირველობის თვითმყოფადი მონაწილის “სოხუმის” მთავარ მწვრთნელს ვაჟა კვარაცხელიას შევხვდით და როგორც მისი გუნდის, ასევე ქართული კალათბურთისთვის საჭირბოროტო საკითხებზე ვესაუბრეთ.

- სუპერლიგის პირველ წრეში გუნდმა თავისი შესაძლებლობები ვერ გამოავლინა და აქტივში ერთადერთი მოგება აქვს. რითაა გამოწვეული ამგვარი შედეგი, რომელიც თქვენი გუნდის საკმაო რაოდენობის გულშემატკივარს არ აკმაყოფილებს?

- მოგეხსენებათ, გასული ჩემპიონატის მსვლელობისას გუნდი როგორ ურთულეს მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. ბიჭებმა უხელფასოდ ვაჟკაცურად ითამაშეს და იბრძოლეს, რასაც დუდუ დადიანის მემორიალის მოგება, საქართველოს ეროვნულ თასსა და ქორქია-საკანდელიძის მემორიალზე კი ფინალში გავედით. იმის გათვალისწინებით, რომ კალათბურთელები შიშველი ენთუზიაზმით თამაშობდნენ, სუპერლიგაშიც ურიგო შედეგი არ გვიჩვენებია. სამაგიეროდ, ფსიქოლოგიური დაძაბულობა ახალ სეზონში გადმოგვყვა. ამას თან რამდენიმე ხელისშემშლელი ფაქტორიც დაერთო. გუნდმა ახალი პირველობის სტარტისთვის მზადება გვიან დაიწყო. სტარტს სათანადოდ რომ შეხვდე, წვრთნა აგვისტოდან უნდა დაიწყო, ჩვენ კი ვარჯიშს სექტემბრის მიწურულიდან შევუდექით. სწორედ იმ პერიოდში გაირკვა, “სოხუმს” “საქართველოს რკინიგზა” რომ დააფინანსებდა. ჩემთვის მძიმე სტარტი მოულოდნელი არ ყოფილა და დაახლოებით ამგვარ შედეგს ველოდი კიდეც. თანაც, პირველი წრის მსვლელობისას ტრავმებმა დაგვრია ხელი. რამდენიმე მატჩი გამოტოვეს წამყვანმა მოთამაშეებმა ირაკლი ჩლაიძემ, გრიგოლ შვანგირაძემ, გიორგი ჯგერენაიამ, დავით დეკანოიძემ.

- ლაშა ფარღალავაზე უნდა გკითხოთ. ამ ნიჭიერმა კალათბურთელმა სუპერლიგის პირველ წრე საკუთარ შესაძლებლობებზე სუსტად ჩაატარა. სასტარტო ხუთეულშიც არ აყენებდით და შეხვედრებში შემცვლელის სტატუსით ერთვებოდა...

- ლაშაც უვარჯიშებელი შეხვდა ახალი პირველობის სტარტს. ამასთან, მას შენიშვნაც მსურს მივცე. ფარღალავას გაცილებით მაღალ დონეზე სათამაშოდ ხელს მოუწესრიგებლობა უშლის. მისი საკალათბურთო ტალანტის ბოლომდე გაშლას საქმისადმი შედარებით ნაკლებად პროფესიული მიდგომა უშლის. ვიტყოდი, რომ ლაშა ტალანტს ფლანგავს. დიდი სპორტსმენი განდეგილის ცხოვრებით უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საკალათბურთო მწვერვალების დაპყრობა წარმოუდგენელია.

- ზემოთ შარშანდელ ფინანსურ კრიზისზე ვისაუბრეთ. ამ კუთხით ამჟამად გუნდში რა მდგომარეობაა?

- “საქართველოს რკინიგზამ” ოქტომბრის მიწურულს 190 ათასი ლარი გადმოგვირიცხა, სეზონის მსვლელობისას კიდევ 300 ათას დასვამს ჩვენ ანგარიშზე. დიდი მადლობა ამ ორგანიზაციას “სოხუმის” დაფინანსებისთვის. ასევე კიდევ რამდენიმე ორგანიზაციის წვლილი უნდა აღვნიშნოთ. საკალათბურთო კლუბი "სოხუმი" გულთბილ მადლობას უხდის რესტორნების ქსელის მმართველ კომპანიას AMS GROUP-ს მხარდაჭერისა და დახმარებისათვის. ასეთი მხარდაჭერით AMS GROUP-ს თავისი წვლილი შეაქვს ქართული კალათბურთის განვითარებაში და საქართველოს ერთიანობის სიმბოლის - საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" ნორმალურად ფუნქციონერებაში. ეს ქსელი ყოველდღიურად ჩვენი გუნდის 6 წევრს ასადილებს. გვერდით გვიდგას ტავერნა „მონოპოლიც“, რომელშიც 2 კალათბურთელი სადილობს. სამადლობელი სიტყვებით უნდა მოვიხსენიოთ კლინიკა „ავერსიც“ - ამ ჰოსპიტალში „სოხუმის“ კალათბურთელებს უსასყიდლო გამოკვლევას უტარებენ. ტრენაჟორების ფიტნეს-ცენტრ „ასპრიაში“ კი ბიჭებს უფასოდ ვარჯიშის საშუალება აქვთ. ამასთან, ესპანური სპორტული ბრენდის, JOMA-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, სპორტული სააგენტო SBM, საკალათბურთო სოხუმის ტექნიკური პარტნიორია. ვთანამშრომლობთ რუსთაველის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის, გრიბოედოვის სახელობის აკადემიურ თეატრებთან, აგრეთვე თავისუფალ თეატრთან. სპორტსმენისთვის სულიერი განვითარება, ერუდიცია აუცილებელია. მალე ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი განაახლებს ფუნქციონირებას და ჩვენი ბიჭები ამ თეატრის წარმოდგენებსაც დაესწრებიან.

- დავუბრუნდეთ წმინდა საკალათბურთო თემებს. როგორ მოემზადა გუნდი მეორე წრის სტარტისთვის?

- სამწუხაროდ ტრავმები ბოლომდე ვერ მოიშუშეს ჯგერენაიამ და შვანგირაძემ. დავიმატეთ 2 ამერიკელი, დარიუს გილმორი და პელე პეილეი, თუმცა ისინი თბილისში უვარჯიშებლები ჩამოვიდნენ და მწყობრში ჩასადგომად დრო დასჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, ისინი პლეი ოფის მატჩებს სრულ საბრძოლო მზადყოფნაში შეხვდებიან. კმაყოფილი ვარ ბექა ბექაურის დაბრუნებით. იგი ნამდვილი სპორტსმენია, კალათბურთი და შრომა უყვარს. მწვრთნელები ასეთ მოთამაშეს „საჩუქარს“ ვუწოდებთ.

- გუნდს მიზნად რას უსახავთ?

- რეგულარული პირველობა მოწინავე ექვსეულში უნდა დავასრულოთ, პლეი ოფის პროგრამა-მაქსიმუმი კი ოთხეულში მოხვედრაა. მერწმუნეთ, ეს “სოხუმისთვის” რეალურად შესასრულებელი ამოცანაა.

- სუპერლიგის პირველმა წრემ თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა?

- რეგულარული პირველობის სტარტის წინ სკეპტიკოსები ამბობდნენ, სუსტი ჩემპიონატი გვექნებაო, მაგრამ ასე ნამდვილად არ გამოვიდა. დარწმუნებული ვარ, მეორე წრესა და პლეი ოფში დაძაბულობა ერთი-ორად მოიმატებს და გულშემატკივარიც საინტერესო ორთაბრძოლებს იხილავს. რამდენიმე გუნდს პირველობისთვის ბრძოლაში დაახლოებით თანაბარი შანსი აქვს. ფავორიტად “დინამოს”, “რუსთავს”, “შსს აკადემიასა” და “ბათუმს” ვთვლი. მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა პირველი ლიგის დაფუძნებით. კარგი იქნება, თუკი მომავალი სეზონიდან სუპერლიგაში გუნდების რაოდენობას ათამდე გავზრდით და მეცხრე-მეათე ადგილებზე გასული გუნდები უპირველეს დივიზიონში დასარჩენად დაბალი ლიგის 2 საუკეთესოსთან საპლეიოფო შეხვედრებს ჩაატარებენ.

- საკალათბურთო სპეციალისტთა და გულშემატკივართა ნაწილი ჩვენ ჩემპიონატში ლეგიონერთა ლიმიტის დაწესებაზე საუბრობს...

- ლიმიტი ახლაც მოქმედებს. ჩემი აზრით საუკეთესო გამოსავალი 3 უცხოელია, რომელთაგან პარკეტზე ერთდროულად 2 მოთამაშე უნდა იყოს.

- მეტად აქტუალურია სპორტისა და სახელმწიფოს ურთიერთობა. თქვენი აზრით, კალათბურთს რა მიმართულებით ესაჭიროება დახმარება?

- ქართული კალათბურთის განვითარებას და მაღალ დონეზე აყვანას მხოლოდ სახელმწიფო ვერ შეძლებს. აუცილებელია ბიზნესის ჩართვა. ასეა ჩვენ მეზობელ თურქეთში და ხომ ხედავთ, რა წარმატებას მიაღწიეს თურქებმა როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა კალათბურთში. ვფიქრობ, ამჟამად ჩვენ კალათბურთს გარდამავალი პერიოდი უდგას. სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი, მიხეილ გაბრიჩიძე და გიორგი ქართველიშვილი დიდ საქმეს აკეთებენ ქართული კალათბურთის საკეთილდღეოდ და სასიკეთო შედეგიც აუცილებლად დადგება. ეს პროცესი 7-8 წლის წინათ რომ დაგვეწყო, გაცილებით წინ ვიქნებოდით. კალათბურთის განვითარებისთვის აუცილებელია თითოეულ კლუბს 4-5 ასაკობრივი და გოგონათა გუნდი ჰყავდეს. ამასთან, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ევროტურნირებში მონაწილეობას. საქართველოს მინიმუმ რიგით მეორე საკლუბო შეჯიბრებაზე, ევროთასზე უნდა ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი.

- ბოლოს სანაკრებო თემაზეც ვთქვათ. რა შანსი გვაქვს ევროპის მომავალ ჩემპიონატზე?

- გამოცდილი, შეკრული ეროვნული გუნდი გვყავს, რომელსაც ჯერ ხოვატიაში, შემდეგ კი საფრანგეთში წარმატებით გამოსვლა ხელეწიფება. მწამს, ჩვენები ზაგრებში მინიმუმ ჰოლანდიასა და მაკედონიას მოუგებენ და ტურნირის მეორე, საპლეიოფე სტადიაზე გავლენ.

0.124662