საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასის მიმდინარე გათამაშების წინ დაგეგმილი პროგრამა-მინიმუმი შეასრულა. მაკა ჩახნაშვილის გუნდმა ევრო-აფრიკული ზონის I ჯგუფში პორტუგალიას 2:1 სძლია და აღნიშნულ დონეზე დარჩენა გაინაღდა.
გასული დაპირისპირების პირველ მატჩში ეკატერინე გორგოძემ მარია ჟოაო კოელერი 6:3, 6:4 დაამარცხა, თუმცა, საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა მიშელ ლარჩერ დე ბრიტოს ვერ გაუმკლავდა – 1:6, 3:6.
შედეგად, ყველაფერი წყვილთა შეხვედრაში გადაწყდა, რომელშიც შაფათავამ და ოქსანა კალაშნიკოვამ კოელერს და ლარჩერ ბრიტოს 7:5, 6:4 სძლიეს.
დღის მე-2 მატჩში ბელარუსმა, რომლის რიგებშიც სახელოვანი ვიკტორია აზარენკაც გამოჩნდა, ბულგარეთს 3:0 სძლია და მსოფლიო ჯგუფი II-ის პლეი-ოფში თამაში გაინაღდა.
თავის მხრივ, ქართველმა ჩოგბურთელებმა ბოლო მე-4 პოზიცია თავიდან აირიდეს, ბოლო ტურში კი, 6 თებერვალს, ბულგარეთს გაეჯიბრებიან.