ინფორმაცია მათთვის, ვინც 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გასამხნევებლად წასვლას გეგმავს. მალე გაყიდვაში გამოვა ევრობასკეტის C ჯგუფის ბილეთები, სადაც ქართველთა მეტოქეები მასპინძელი ხორვატია, სლოვენია, მაკედონია, საბერძნეთი და ჰოლანდია არიან.
ბილეთები რეალიზაციაში 16 თებერვალს ჩაეშვება და პირველ ეტაპზე, რომელიც 14 მარტამდე გასტანს, კონკრეტული გუნდების მატჩებზე დასაწრები პაკეტების შეძენა იქნება შესაძლებელი.
ინდივიდუალურ თამაშებზე ბილეთები 15 მარტიდან 15 აპრილამდე გაიყიდება, კიდევ ერთი ეტაპი კი სტარტს 1 ივლისიდან აიღებს. ცხადია, ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე საინტერესო სწორედ პირველი ვარიანტია, რაც საქართველოს ნაკრების 5-ვე მატჩზე დასწრების საშუალებას იძლევა.
უკვე ცნობილია, რომ ბილეთის ფასი 10 ევროდან (75 ხორვატული კუნა) 33 ევრომდე (250 კუნა) იქნება. ყველაზე იაფი მე-4 კატეგორიის ბილეთებია, უძვირესი კი – პირველი კლასის. ისიც ვთქვათ, რომ 6 წლამდე ბავშვებს დარბაზში შესვლა უფასოდ შეეძლებათ.
და ალბათ, მთავარი – ვისაც ევრობასკეტის C ჯგუფის ბილეთების შეძენა გსურთ, ამ ვებ-გვერდს უნდა დაუდარაჯდეთ http://www.eventim.hr/hr/
შეგახსენებთ, რომ მომავალი ევროპის ჩემპიონატი 5-20 სექტემბერს გახლავთ დაგეგმილი და პირველად ისტორიაში, საწყის რაუნდს ერთბაშად 4 ქვეყანა – საფრანგეთი, გერმანია, ხორვატია და ლატვია უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრები ხორვატის დედაქალაქ ზაგრებში ითამაშებს, ჩვენი ნაკრების კალენდარი კი ასეთია: 5 სექტემბერი – ჰილანდია; 6 სექტემბერი – სლოვენია; 8 სექტემბერი – საბერძნეთი; 9 სექტემბერი – მაკედონია; 10 სექტემბერი – ხორვატია.
მერვედფინალში გასასვლელად ჯგუფის ოთხ მოწინავე გუნდში მოხვედრაა საჭირო.