გიბრალტარში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირის ბოლოსწინა მე-9 ტურში ბელა ხოტენაშვილმა (2526) თეთრი ფიგურებით ამერიკელი ჯონ უოტსონი (2319) დაამარცხა, 6.0 ქულა მოაგროვა და მე-40 ადგილზე გადაინაცვლა.
5.5 ქულა აქვს ლელა ჯავახიშვილს (2486), რომელიც შავებით შვედ ნილს გრანდელიუსს (2602) დაუზავდა და ეს, უდავოდ, აქტივში უნდა ჩავუთვალოთ. ლელა 51-ე პოზიციაზე გახლავთ.
პრესტიჟული ტურნირის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე სალომე მელიაა (2473), რომელმაც თეთრებით ყაიმი კანადის სახელით მოთამაშე ვიკტორ პლოტკინთან (2306) გააფორმა და 5.0 ქულით 96-ე საფეხურზე გადაინაცვლა.
დღეს, 5 თებერვალს დასკვნითი მე-10 ტურის პარტიები შედგება. ხოტენაშვილი შავებითYრუს ალეკსანდრ მოტილევს (2665) ეთამაშება, ჯავახიშვილი თეთრებით ფრანგ ედუარდ რომაინს (2638) დაუპირისპირდება, მელია კი შავებით ვენესუელელ ანდრეს გერერო ვარგასს (2320) გაეჯიბრება.
The 2015 Tradewise Gibraltar Chess Festival-ის მოგების საუკეთესო შანსი ჰიკარუ ნაკამურას (აშშ, 2776) აქვს, რომლის აქტივშიც 8.0 ქულაა და ის უახლოეს კონკურენტს – ინგლისელ დევიდ ჰოუელს (2670) 0.5 ქულით უსწრებს.