ბლოგი

11:00 | 5.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

გერმანია ძლიერია, მაგრამ...

სხვისი რა გითხრათ და მე საქართველოს ნაკრების გერმანიასთან თამაშამდე დაახლოებით ისეთი გრძნობა მაქვს, როგორც სკოლაში მისვლის პირველ დღეს მქონდა. შეუცნობელი, შიშითა და აუცილებელი (მეტ-ნაკლებად გაცნობიერებული) უბედურების განცდით აღსავსე მოლოდინი.

რას მიქვია დათარსვა და წინასწარ მუხლების კანკალი? ალბათ ამასაც მომაწერენ, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე პირიქითაა. სწორედაც რომ ძალიან კარგია ჩვენს ბეჩავ ნაკრებს გერმანია რომ ხვდება და კიდევ უფრო კარგია, რომ ჩვენი რეალური ძალების (ანდა უძალობის) გამოცდა ყველაზე კარგად სწორედ მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონებთან შეგვიძლია. სკოლაში პირველად მისვლის მსგავსი შეუცნობელი შიშნარევი გრძნობა კი უნდა მაპატიოთ, რადგან სიმართლე სწორედ ესაა.

გერმანელებთან არამხოლოდ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის დროს, მაშინაც ვერ ვთამაშობდით კარგად, როდესაც თბილისის “დინამო” გუნდს ჰგავდა და ქართული ამბიცია ისე იყო ზეატყორცნილი - თქვენი მოწონებული. არ ვიცი ეს ერთგვარი კომპლექსია თუ რამ სხვა სენია, მაგრამ ნიშანდობლივი ფაქტია, რომ გერმანელები ჩვენგან როგორც ბუნებით, ხასიათით, შრომისმოყვარეობითა და სხვა თვისებით გამოირჩევიან, ასევე სულ სხვაგვარად აგორებენ ბურთს და აქამდე როგორც ჩანს ვერა და ვერ ჩავწვდით ალემანთა ქვეყნის ფეხბურთის რაობას.

გაზაფხულზე მოვუხერხებთ რამეს იოაჰიმ ლიოვის უძლეველ ბიჭებს? შევძლებთ მსოფლიო მასშტაბის მსუყე სენსაციის გამოცხობას? შედგება თბილისში ის, რაზეც 2 ათწლეულია ვოცნებობთ? მრავალი ასეთი კითხვის ნიშნით დასრულებული წინადადების ჩამოწერა შემიძლია, მაგრამ მათი პასუხები დღევანდელი გადასახედიდან იმდენად რთული და თითქმის წარმოუდგნელია, ხანდახან საკუთარი ფიქრებისაც კი მრცხვენია. “ბედავდე” გერმანიის ნაკრებთან საქართველოს ნაკრების წარმატებაზე ფიქრს, ჭეშმარიტად ქართველი უნდა იყო. აქ მხოლოდ უშიშრობაზე არაა საუბარი. ევროპელები ამას ალბათ თავხედობადაც კი შეაფასებენ, მაგრამ ჩვენ ხომ ყველაზე კარგად ვიცით რა ფიქრი და იმედები ბუდობს ჩვენს გულებში და რა ოცნებაა ღრმად ჩამარხული ქართველი ქომაგის ტვინში? ჰაი ჰაი რომ ვიცით და ვიცით...

ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს, როდესაც გერმანიის ნაკრები თბილისში პირველად ჩამოვიდა, მეც იმ 110 ათას ბედნიერ ქომაგს შორის ვიჯექი “ბორის პაიჭაძის” ტრიბუნებზე და მაშინ პირველად გავიგე ჩემს უკან მჯდომი უცნობი კაცის მიერ ნათქვამი: ”ქართველები მაგათ რაფერ მოვუგებთ? მაგენის თითო ფეხბურთელი ღირს ჩვენი ნაკრების ფასი”. ეს სიტყვები ღრმად ჩამრჩა გონებაში და ახლა რომ ვფიქრობ, ეს ეროვნული “შიშიანობა” შესაძლებელია სწორედ იქიდან იღებს სათავეს.

არადა მაშინ ფეხბურთელების მხრივ რა გვქონდა საწუწუნო? შეიძლება მთელი ჩვენი ნაკრები არა, მაგრამ, ჩვენს გუნდში მაშინ რამდენიმე ისეთი ბიჭი გვყავდა, იმდროინდელი გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებს ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდნენ და შეიძლება სჯობდნენ კიდეც. მაშ რატომ ჩამაქნევინა გამარჯვებაზე ფიქრზე ხელი იმ კაცმა თავიდანვე? იმიტომ რომ არ სჯეროდა საკუთარი ქვეყნის და ალბათ არც მომავლისა სჯერა.

ჩვენი დღევანდელი ნაკრები ბევრად ჩამოუვარდება 1995 წლის საქართველოს ნაკრებს და ახლანდელი გერმანიის ნაკრებიც არაფრით ჩამოუვარდება მაშინდელ “ბუნდესნაკრებს”, მაგრამ... მეც არ ვიცი, რატომ ვწერ “მაგრამს”...

0.1227