ფეხბურთი

21:13 | 4.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სამტრედიას” ფრემდე ცოტა დააკლდა

თურქეთის ქალაქ ბელეკში, შეკრებაზე მყოფმა უმაღლესი ლიგის ბინადარმა საფეხბურთო კლუბმა “სამტრედიამ” მორიგი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. იმერელთა მეტოქე ამჯერად მოლდოვის უმაღლესი ლიგის მესამეადგილოსანი ტირასპოლის “შერიფი” გახლდათ.

შეხვედრის პირველი ტაიმი ნელ ტემპში წარიმართა და შეიძლება ითქვას სახიფათო მომენტი გუნდებს საერთოდ არ შეუქმნიათ. მეორე ნახევარიც იგივე ტემპში დაიწყო. სამტრედიელთა მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ზამთარაძემ მეორე 45 წუთიც იმავე შემადგენლობით დაიწყო, რომლითაც პირველი ნახევარი დაასრულა. 57-ე წუთზე მოლდოველებს გოლის გატანის რეალური შანსი მიეცათ. მატეო სუშიჩი მეკარე რევაზ თევდორაძესთან პირიპირ გავიდა, თუმცა იმერელთა კიპერმა საკუთარი გუნდი გოლისგან იხსნა. ცოტა ხანში გოლის გატანა “სამტრედიასაც” შეეძლო. რევაზ გეწაძემ სახიფათოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, თუმცა ბურთი მოლდოველთა კარს ზემოდან ოდნავ გადასცდა. შეხვედრა ამის შემდეგაც დუნედ წარიმართა. საბოლოოდ, “შერიფმა” გამარჯვების გოლი შეხვედრის ბოლო წუთზე გაიტანა. ევგენი რებენჟა სტანდარტის დროს სამტრედიელმა ფეხბურთელებმა უმეთვალყურეოდ დატოვეს და მასაც თავით ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია. აღსანიშნავია, რომ დღეს სამტრედიელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ალექსანდრე იაშვილს, რომელიც მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.

“სამტრედია” მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას გროზნოს “ტერეკის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

“შერიფი” – “სამტრედია” 1:0 (0:0)

ბელეკი, თურქეთი

“სამტრედია”: თევდორაძე, თევდორე გრიგალაშვილი, კაკუბავა, ხიზანიშვილი (თევზაძე 74), კვირკველია, დათუნაიშვილი (გორგიაშვილი 61), ბეჭვაია, დოლიძე, შარიქაძე, გეწაძე, ი. კერძევაძე (იაშვილი 65)

“შერიფი”: დეგრა (ჟურიკი 46); პოტიგუარი (რებენჟა 71), რიკარდინიო (სემიროვი 74), ბალიმა (სუშიჩი 46), პაირელი (სატალჩინი 46); ილიმპიო, ტიაგო გალვაო (ანტონიუკი 62), ერნანდესი, სემიროვი (კადუ 46), მურეშანი, მარკიცკი (როზგონიუკი 86)

გოლი: 1:0 რებენჟა (90)

0.11294