გელზენკირხენის “შალკეს” თავდამსხმელს, კლას-იან ჰუნტელაარს, დისკვალიფიკაცია შეუმსუბუქეს. ჰოლანდიელი შემტევი, ევსის ნაცვლად, ოთხ მატჩს გამოტოვებს.
ბუნდესლიგის გასულ ტურში, “ჰანოვერთან” დაპირისპირების დროს, ჰუნტელაარმა მეტოქის წინააღმდეგ იუხეშა, რის გამოც ჯერ წითელი ბარათი, მოგვიანებით კი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. “შალკემ” სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება მალევე გაასაჩივრა და შედეგსაც მიაღწია. ბოლო ინფორმაციით, ჰუნტელაარი 4-მატჩიან დისკვალიფიკაციას მოიხდის, ხოლო კიდევ 2 თამაში პირობითი იქნება. თუ ჰოლანდიელს, 2016 წლის 30 იანვრამდე, მოედნიდან კვლავ გააძევებენ, მის სასჯელს 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ავტომატურად დაემატება.