ჭადრაკი

15:47 | 4.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯავახიშვილმა და ხოტენაშვილმა 5-5 ქულა მოაგროვეს

ქართველმა მოჭადრაკეებმა გიბრალტარში მიმდინარე პრესტიჟული ტურნირის მე-8 ტური დაუმარცხებლად განვლეს და სატურნირო მდგომარეობაც გაიუმჯობესეს.

5.0-5.0 ქულა აქვთ აქტივში ლელა ჯავახიშვილს (2486) და ბელა ხოტენაშვილს (2526), რომელთაც შესაბამისად, 48-ე და 61-ე ადგილები უკავიათ. გასულ ტურში ჯავახიშვილი თეთრი ფიგურებით სალეჰ სალემს (ემირატები, 2603) დაუზავდა, ხოლო ხოტენაშვილმა შავებით ირანელი სარასადატ ხადემალშარიე (2372) დაამარცხა.

სალომე მელიამ (2473) შავი ფიგურებით ყაიმი დანიელ სორმთან (ჩეხეთი, 2319) გააფორმა და 4.5 ქულით 103-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ბოლოსწინა მე-9 ტურში ხოტენაშვილი (2526) და მელია თეთრებით ითამაშებენ, შესაბამისად, ჯონ უოტსონთან (აშშ, 2319) და ვიკტორ პლოტკინთან (კანადა, 2306). რაც შეეხება ჯავახიშვილს, ის შავი ფიგურებით ნილს გრანდელიუსს (შვედეთი, 2602) დაუპირისპირდება.

8 ტურის თავზე ჩემპიონობის საუკეთესო შანსი ჰიკარუ ნაკამურას (აშშ, 2776) აქვს, რომელსაც 7.5 ქულა გააჩნია და უახლოეს კონკურენტებს – დავიდ ჰოუელს (ინგლისი, 2670), დანიელ ნაროდიცკის (აშშ, 2622) და აქსელ ბახმანს (პარაგვაი, 2629) ქულით უსწრებს.

0.124607