ესპანური გამოცემა “ელ მუნდო დეპორტივოს” ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონას” ტურინის “იუვენტუსის” ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას შეძენა სურს. კატალონიელებს ზაფხულში ტრანსფერების განხორციელების უფლება არ აქვთ, თუმცა არიედო ბრაიდა იმედოვნებს, რომ ტურინელებთან სიტყვიერ შეთანმებას სწორედ ზაფხულში მიაღწევს, ხოლო ფეხბურთელის ოფიციალურად “ნოუ კამპზე” გადაყვანას უკვე 6 თვის შემდეგ, 2016 წლის იანვარის სატრანსფერო ფანჯრის დროს მოახერხებს.
21 წლის პოგბა აქამდე მსურველთა ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა. ფეხბურთელით “რეალი”, “მანჩესტერ სიტი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და ფრანგული პსჟ-ც არიან დაინტერესებულნი.
ახალგაზრდა მოთამაშეს “იუვენტუსთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. იტალიელები მას დღეისათვის 90 მილიონ ევროდ აფასებენ.