იტალიაში თანამედროვე სტადიონების მხრივ სერიოზული პრობლემები რომ არსებობს არახალი ამბავია. 2011 წელს, ტურინის “იუვენტუსმა” პირველმა ააშენა საკუთარი, ულტრათანამედროვე სტადიონი. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, “იუვენტუს სთედიუმზე” ყველა მატჩი სრული ანშლაგით ტარდება.
ახლა, “იუვეს” გზას სხვა იტალიური გუნდებიც დაადგნენ. ამჯერად, “მილანმა” გადაწყვიტა ახალი საშინაო არენის აშენება. “როსონერის” ვებგვერდზე უკვე გამოჩნდა მომავალი სტადიონის ვიდეო მაკეტი. სტადიონი პორტელოს დასახლებაში აშენდება და იგი 48 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი. წინასწარი ინფორმაციით, მისი მშენებლობა 300-დან 320 მილიონ ევრომდე დაჯდება, ხოლო ექსპლუატაციაში 2018 წლისთვის შევა. იგი სრულად “მილანის” საკუთრება იქნება.