თურქეთში შეკრებაზე მყოფ გორის “დილაში” 23 წლის ცენტრალური მცველი ალან ბაგაევი და 30 წლის სერბი უკანახაზელი სლავკო მარიჩი ისინჯებიან. ამის შესახებ გორული საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ბაგაევი რუსეთის მოქალაქეა და მიმდინარე სეზონი მეორე დივიზიონის ვლადიკავკაზის “ალანიაში” დაიწყო, სადაც 15 მატჩი ორი გოლი გაიტანა.
მარიჩი ბოლოს საბერძნეთის მეორე ლიგის “ლამიაში” ირიცხებოდა, სადაც არ უთამაშია. მანამდე, სამშობლოში “ბორაცში”, “სლობოდასა” და “რადნიჩკიში” ასპარეზობდა.
“დილას” მთავარმა მწვრთნელმა 25 წლის უჩა სოსიაშვილმა ორივე ლეგიონერი საქმეში გერმანიის რეგიონალლიგის “აუერბახთან” 1:1 დასრულებულ მატჩში ნახა.
გორელთა სასტარტო შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:
სომხიშვილი, ხურცილავა, ჯაფარიძე, კვახაძე, ქარქუზაშვილი, რაზმაძე, ფალავანდიშვილი, კვეკვესკირი, სეთურიძე, ერისთავი, თექთურმანიძე.
შეცვლაზე ითამაშეს: გვალია, გორელიშვილი, ხიდეშელი, ბაგაევი, მარიჩი, ჭეჭელაშვილი, კურმაშვილი, ახალკაცი, მელქაძე.
მატჩის მე-60 წუთზე ანგარიში ლუკა რაზმაძემ გახსნა, რომელმაც საჯარიმოს ფარგლებს გარედან ზუსტად დაარტყა. გერმანელებმა საპასუხო გოლი მე-80 წუთზე გაიტანეს.
“დილას” თბილისის “დინამოს” ყოფილი ნახევარმცველი ირაკლი ძარია შეუერთდა, რომელსაც გერმანელებთან არ უთამაშია.
მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას გორელები 6 თებერვალს შვეიცარიის “იანგ ბოიზთან” ჩაატარებენ.