“მსოფლიო სპორტმა” ცოტა ხნის წინ სტატია შემოგთავაზათ, რომელიც იმ ფეხბურთელებს ეხებოდათ, ვინაც საკუთარი კარიერის უმეტესი წლები ერთ გუნდს დაუკავშირეს და გულშემატკივრებს თავი გარდა საფეხბურთო ინტელექტის ბრწყინვალებისა, ერთგულებითაც დაამახსოვრეს.
დაგპირდით, რომ მაშინდელი ჩამონათვალი სრული არ იყო და მას გაგრძელება აუცილებლად მოჰყვებოდა. დღეს სწორედ იმ მოთამაშეების შესახებ მოკლედ ვისაუბრებთ, რომლებმაც მწავნე მინდორზე ერთგულება მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცეს. ამჯერად უკვე რაღა თქმა უნდა განსხვავებული ათეულით.
პოლ სქოულზი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი) – პოლ სქოულზი “მანჩესტერ იუნაიტედის” ისტორიაში სამუდამოდაა აღბეჭდილი. პირველად ალექს ფერგიუსონმა ნიჭიერი ფეხბურთელს დიდ გუნდში სათამაშოდ 1993 წელს უხმო. მას შემდეგ კი “იუნაიტედის” ნახევადაცვის ცენტრში ერთი ადგილი ყოველთვის მისი იყო. 2011 წელს გადაწყვიტა ფეხბურთიდან წასულიყო, მაგრამ ერთი წლის მერე მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა და საბოლოოდ “ოლდ ტრაფორდის” პუბლიკას და არამარტო, 2013 წელს დაემშვიდობა. საკუთარ გუნდთან ერთად სქოულზმა ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შესაძლებელი გახლდათ.
ჯონ ტერი (“ჩელსი”, ინგლისი) – ლონდონის “ჩელსის” ღირსებას აგერ უკვე 16 წელია ერთგულად იცავს ჯონ ტერი. ამჟამად 34 წლის ფეხბურთელის დებიუტი “სტემფორდ ბრიჯზე” შორეულ 1998 წელს შედგა. მას შემდეგ ლონდონურ გუნდში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა არ შეცვლილა ტერი. იგი მხოლოდ ერთხელ, 2000 წელს “ნოტინგემ ფორესტში” იყო განათხოვრებული, თუმცა სახლში მალევე დაბრუნდა და მრავალი გამორჩეული გამარჯვება თანაგუნდელებთან ერთად გამოჭედა. ჯონ ტერის ინგლისის პრემიერლიგაში სადღეისოდ 450-მდე მატჩი აქვს ჩატარებული. გუნდს კი 2003 წლიდან მოყოლებული კაპიტნობს. აღსანიშნავია, რომ ტერიმ “არისტოკრატების” რიგებში თითქმის ყველა ტიტული მოიგო, რისი მოგებაც შესაძლებელი იყო.
ფრანკო ბარეზი (“მილანი”, იტალია) – “მილანის” შემადგენლობიდან სამუდამოდ ამოღებულია 6 ნომრიანი მაისური. ამ ნომრით ბოლოს “შავ-წითელი” მაისურით ლეგენდარული ფრანკო ბარეზი ასპარეზობდა. ფეხბურთიდან მისი წასვლის შემდეგ კი “როსონერის” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ბარეზისთვის ერთგულება ასეთი ფორმით დაეფასებინა. ბარეზი “სან სიროზე” 1977-1997 წლებში ირჯებოდა. 20 წლიანი კარიერის განმავლობაში არ დარჩენილა არანაირი მწვერვალი, რომელსაც იტალიელი ვერ შეწვდა. კარგა ხნის განმავლობაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენიც იყო, თუმცა შემდგომ პაოლო მალდინიმ გადაუსწრო.
გარი ნევილი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი) – ინგლისელ გარი ნევილს “მანჩესტერ იუნაიტედის” გარდა, სხვაგან არსად უთამაშია. ნევილი იმ ოქროს თაობის წარმომადგენელია, რომლებმაც 90-იანი წლების ბოლოს “წითელი ეშმაკების” ბობოქრობას ჩაუყარეს საფუძველი. პირველად იგი “ოლდ ტრაფორდზე” 1992 წელს გამოჩნდა. მომდევნო 19 წლის განმავლობაში კი “იუნაიტედის” დაცვის მარჯვენა ფლანგზე უკონკურენტო იყო. გარი ნევილმაც გასაკვირი არ იქნება, რომ მანჩესტერელთა რიგებში თითქმის ყველაფერი მოიგო (უეფას თასის გარდა). კარიერა მან 2011 წელს დაამთავრა. “იუნაიტედმა” კი ფეხბურთიდან გამოსათხოვარი მატჩიც გაუმართა. 2011 წლის აგვისტოში, “ოლდ ტრაფორდს” ნევილის საპატივცემულოდ ტურინის “იუვენტუსი” ეწვია.
ალესანდრო კოსტაკურტა (“მილანი”, იტალია) – პაოლო მალდინისა და ფრანკო ბარეზის ეპოქაში შეიძლება ითქვას ალესანდრო კოსტაკურტა ოდნავ დაიჩაგრა, მაგრამ მან მაინც მოახერხა “სან სიროზე” 21 წელი გაატარა. 1986-2007 წლებში მან “მილანის” მაისური 500-ზე მეტ მატჩში მოირგო. ამ ხნის განმავლობაში კოსტაკურტა მხოლოდ ერთი სეზონით იყო განათხოვრებული “მონცაში”, ისიც კარიერის დასაწყისში. კოსტაკურტა იმ დიდებული დაცვის ხაზის ძირითადი შემადგენლობის ერთ-ერთი წევრი იყო, რომლის გარღვევაც 80-იანი წლების მიწურულს და 90-იანი წლების დასაწყისში ყველა გუნდისთვის გადაუჭრელი ამოცანა გახლდათ. ალესანდრო კოსტაკურტა დიდი ფეხბურთიდან 2007 წელს წავიდა.
ჯეიმი კარაგერი (“ლივერპული”, ინგლისი) – “ლივერპულის” დაცვის ლიდერი ჯეიმი კარაგერი “ენფილდ როუდზე” 1996-2013 წლებში ირჯებოდა. იგი სამუდამოდ დარჩება მრავლისმნახველი ლივერპულელი ქომაგების გულებში. კარაგერმა პრემიერლიგაში 508 მატჩი გამართა. გამოსარჩევია, რომ მას სხვა გუნდის მაისური არასდროს მოურგია. მის კარიერას, ისევე, როგორც ბევრი გამორჩეული ლივერპულელის მოღვაწეობას, აშკარად აკლია ინგლისის ჩემპიონის ტიტული. თუმცა, სამაგიეროდ საკუთარ გუნდთან ერთად ყველა ევროტურნირის მოგება მოახერხა.
ტონი ადამსი (“არსენალი”, ინგლისი) – ლეგენდარული ინგლისელი მოთამაშე, რომელიც 19 წელი ერთგულად ემსახურა ლონდონის “არსენალს. საუბარი ტონი ადამსს ეხება. 1983-2002 წლებში იგი გუნდის შეუცვლელი ფიგურა გახლდათ. პრემიერლიგაში ადამსს “არსენალის” ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტჯერ უთამაშია. 21-ე საუკუნის დასაწყისში იგი “ჰაიბერიდან” წავიდა, წავიდა აქტიური სპორტიდანაც. და მაინც, მიუხედავად დროის გასვლისა, იგი ლონდონელ ქომაგებს დღემდე ახსოვთ.
ოლივერ კანი (“ბაიერნი”, გერმანია) – ლეგენდარულ გერმანელ მეკარეს მხოლოდ ერთ გუნდში არ უთამაშია, მაგრამ ვფიქრობთ, ამ სიაში მოხვედრას ნამდვილად იმსახურებდა. 1994 წლის ზაფხულში ოლივერ კანი მიუნხენის “ბაიერნმა” მოკრძალებული “კარლსრუედან” შეიძინა. მომდევნო 14 წელი კი “რეკორდმაისტერის” კარს საიმედო მცველი ჰყავდა. კანმა სამუდამოდ დაიმკვიდრა სახელი უდიდესი გუნდის დიად ისტორიაში. 2001 წელს ესპანური “ვალენსიას” წინააღმდეგ მოგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი დიდწილად მის კისერზეა. ოლიმ ფანტასტიურად ითამაშა მატჩის შემდგომ პენალტების სერიაში. ლეგენდარულმა მეკარემ ბუცები ლურსმანზე 2008 წელს დაჰკიდა.
ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”, იტალია) – კანის მსგავსად მხოლოდ ერთ გუნდს არ უკავშირდება ასევე გენიალური კიპერის, ჯანლუიჯი ბუფონის კარიერა. თუმცა აგერ უკვე მე-14 წელია ჯიჯი ტურინის “იუვენტუსის” ერთგულია. სწორედაც, რომ ერთგული, რადგან მას არაერთხელ გაცილებით სარფიანი წინადადება მიუღია, მაგრამ “ბებერი ქალბატონი” სხვა გუნდზე არასდროს გაუცვლია. ბუფონი “იუვემდე” “პარმას” კარს იცავდა. იგი არის ფეხბურთელი, რომლის სანაცვლოდ “იუვენტუსმა” არსებობის განმავლობაში ყველაზე დიდი თანხა გადაიხადა. 2012 წლიდან ბუფონს გუნდის კაპიტნის სამკლავურიც დამსახურებულად ჩააბარეს. “იუვესთან” მას მოქმედი კონტრაქტი კიდევ ორი წელი აკავშირებს.
ჯუზეპე ბერგომი (“ინტერი”, იტალია) – მილანის “ინტერში” ჯუზეპე ბერგომიმ ზუსტად ოცი წელიწადი გაატარა. 1979 წელს მისი დებიუტი შედგა მილანურ გუნდში, ოცი წლის თავზე კი ბოლოჯერ მოირგო “შავ-ლურჯი” მაისური. იტალიის ჩემპიონატში ბერგომიმ 519 შეხვედრა ჩაატარა. დიდი ხნის განმავლობაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით პირველიც იყო, თუმცა არცთუ დიდი ხნის წინ იგი უკან ხავიერ ძანეტიმ ჩამოიტოვა. ბერგომის “ინტერნაციონალეს” გარდა, სხვა გუნდში არ უთამაშია.