საკლუბო სეზონი განაახლეს ევროპაში მოთამაშე ქართველებმა. მათ რიცხვს სამი ხელბურთელი დაემატა: თურქეთის პირველი ლიგის კლუბ ტრაბზონ აქჩაბათში გადავიდნენ სამტრედიის შუამარბი ლექსო წითელიშვილი, ბათუმის ინსაიდი ზურაბ სიმონია და ტექნიკური უნივერსიტეტისა და ჭაბუკთა ნაკრების მეკარე ირაკლი ხიდეშელი.
აქჩაბათი თურქეთის რანგით მეორე ლიგაში ამჟამად მესამე ადგილზეა. 12 გუნდი ორ წრედ თმაშობს, ოთხი საუკეთესო კი გადის ფინალურ ტურნირზე, რომელიც ერთ წრედ იმართება და ორი გამარჯვებული უმაღლესი ლიგის საგზურს იღებს. ტრაბზონელები წინა სეზონშიც გავიდნენ ფინალში, მაგრამ მესამე ადგილზე დარჩნენ.
ქართველების ტრანსფერის გაფორმების წინ კლუბმა მეორე წრის პირველი მატჩი აიდინსფორთან 21-23 წააგო, შემდეგ კი ორჯერ გაიმარჯვა დიდი ანგარიშით. ჯერ სტუმრად 41-28 მოუგო ჰენტბოლ სპორკულუბუს, ხოლო შემდეგ შინ 38-34 დაამარცხა ანკარა ქეჩიორენი. ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ პირველი მატჩის ოქმი გვაქვს, სადაც 41 გოლიდან 25 ქართველების ანგარიშზეა - 13 წითელიშვილის, 12 - სიმონიასი. 14 თამაშიდან ტრაბზონ აქჩაბატს 9 მოგება, 2 ფრე და 3 წაგება აქვს და 20 ქულით მესამე ადგილზეა. წინ არიან გიოზთეფე (20) და ადანა (24), ხოლო მეოთხე ადგილზე ასევე 20 ქულით არის აიდინი. მეხუთე ადგილზე მყოფი იედითეფე უკვე 6 ქულით უკანაა.
თურქეთის უმაღლეს ლიგაში კი ტრაბზონის მეორე გუნდმა, ტრაბზონსფორმა სამ თამაშში 5 ქულა აიღო. რატი მსხვილიძე ტრავმის გამო კლუბს სეზონის ბოლომდე ვერ ეხმარება, ხოლო მეკარე გიგა ტორონჯაძემ თავისი წვლილი შეიტანა გენჩლერბისლიგისთან და მილი პიანგოსთან მოგებებში (25-23, 29-23) და სტუმრად მერსინთან ფრედ დასრულებულ შეხვედრაში - 24-24. შედეგად, ტრაბზონი ცხრილში სამი საფეხურით დაწინაურდა და 15 ქულით მეექვსე აგილზეა. პლეიოფში 8 გუნდი გადის.
რუმინეთის ჩემპიონატს ლიდერობს შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას კლუბი, ოდორჰეი, რომელმაც 2015 წელი ორი მოგებით დაიწყო. ტარგუ ჟიუსთან სტუმრად 30-28 მოგებულ თამაშში ვლადიმერ რუსია საუკეთესო იყო 10 გოლით, ხოლო შინ სტიაუასთან 2 გოლი გაიტანა - 31-22. რუსიას 15 თამაშის შემდეგ 50 გოლი აქვს, კლუბს კი - 33 ქულა. სტიაუასთან მატჩში საუკეთესო იყო შოთა თევზაძე, რომელმაც 22 დარტყმა მოიგერია.
ორჯერ დამარცხდა ირაკლი ჩიქოვანის ტიმიშოარა - შინ ბაია მარესთან 30-32 და სტუმრად პოტაისა ტურდასთან - 25-26. ჩიქოვანმა, შესაბამისად, 7 და 4 გოლი გატანა და სეზონში 72 დაუგროვდა, მაგრამ მისი გუნდი პლეიოფში გამსვლელ ზონას დაშორდა - ტიმიშოარა 16 ქულა აქვს, მე-11 ადგილზეა და მერვე ადგილზე მყოფ სტიაუას 3 ქულით ჩამორჩება.
სეზონი ჯერ არ განახლებულა, თუმცა, ახალი ამბავი მაკედონიიდანაც გვაქვს - რევაზ ჭანტურია ზომიმაკ-სტრუმიცას 2014 წლის საუკეთესო ხელბურთელად დასახელდა. სტრუმიცა 14 თამაშიდან 14 მოგება აქვს, ხოლო ქართველი გარემარბი კლუბში ჭაბუკთა გუნდის მწვრთნელადაც მუშაობს.
2015 წელს ჯერ არ უთამაშია სერგო დათუკაშვილის სერბულ კლუბს, ნოვი სადის ვოივოდინას. 7 თებერვალს სერბებს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ლიგაზე, სკოპიეში მატჩი აქვთ მეტალურგთან, ხოლო 14 თებერვალს - ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასის ჯგუფური ეტაპის პირველი თამაში დანიის სკიერნთან. 13-14 თებერვალს რანგით მესამე ევროტურნირის, ჩელენჯ კაპის მეოთხედფინალი აქვს ოდორჰეისაც - ლუქსემბურგის რედ ბოიზ დიფერდანჟს რუმინული კლუბი ორივეჯერ შინ ეთამაშება.