მადრიდის “რეალის” და პორტუგალიის ნაკრების ვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა BBC-თან საუბარში თავისი კლიენტის შესახებ საინტერესო მოსაზრება დააფიქსირა. მენდეშის თქმით, რონალდუ ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენია.
“კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. იმიტომ, რომ იგი მსოფლიოში საუკეთესოა და ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენია. თუ “რეალი” მის გაყიდვას გადაწყვეტს, ეს 400 მილიონ ევროზე ნაკლებ არ უნდა გააკეთოს. კრიშტიანუმ მითხრა, რომ მას უყვარს “მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივრები, მაგრამ დღეს “რეალის” ფეხბურთელია და კარიერის დასრულებაც აქ სურს”, - განაცხადა მენდეშმა.
29 წლის პორტუგალიელი “მანჩესტერში” 2003-2009 წლებში ასპარეზობდა, ხოლო “რეალში” 2009 წლიდან მოყოლებული ირიცხება. მას სამჯერ მოუგია “ოქროს ბურთი” 2008, 2013 და 2014 წლებში.