ფეხბურთი

14:32 | 3.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბორის პაიჭაძე –"ბერმუხა", "კარუზო", "რაინდი", "მოხეტიალე ფორვარდი"

ჩვენი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ბორის პაიჭაძეს, რომლის დაბადებიდან 3 თებერვალს 100 წელი შესრულდა, სამართლიანად უწოდეს "ქართული ფეხბურთის ბერმუხა". სწორედ, ამ ადამიანის სახელს უკავშირდება გასული საუკუნის 30-იანი წლების შუაგულიდან თბილისის "დინამოს" აღორძინება და მისი დიდი დამსახურებაა, რომ ნებისმიერი რანგის ტურნირში კლუბი ყოველთვის ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა. ბორის პაიჭაძე მე-20 საუკუნის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელადაა აღიარებული, ხოლო რუმინეთში "დინამოს" ტურნეს დროს, ადგილობრივმა პრესამ მას "ფეხბურთის კარუზო" უწოდა.

ბორის პაიჭაძე 1915 წელს, ჩოხატაურის მაზრის სოფელ ონჭიქეთში დაიბადა, მოგვიანებით კი, მისი ოჯახი საცხოვრებლად ფოთში გადავიდა. მოგეხსენებათ, საქართველოში ფეხბურთი ინგლისელებმა პირველად სწორედ ამ საპორტო ქალაქში შემოიტანეს და პაიჭაძეც ბურთს იქ ეზიარა.

ფეხბურთით სერიოზულად ბორის პაიჭაძე 16 წლის ასაკში დაკავდა და 1934 წლამდე ფოთის გემთშემკეთებელი ქარხნის გუნდში გამოდიოდა. შემდეგ, 2 წელი ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის ღირსებას იცავდა, ხოლო 1936 წელს თბილისის "დინამოში" მიიწვიეს. იმ დროს კლუბი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეორე ჯგუფში გამოდიოდა და პაიჭაძის დებიუტი ამავე წლის 6 ივნისს, დნეპროპეტროვსკის "დნეპრის" წინააღმდეგ შედგა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა თავის გამოჩენა პირველსავე მატჩში შეძლო. 1936 წლის შემოდგომაზე, როდესაც "დინამო" უკვე უმაღლეს ლიგაში გადავიდა, თბილისელებმა პირველი მატჩი 7 სექტემბერს კიევის "დინამოსთან" გამართეს და პაიჭაძე ცენტრალურ თავდამსხმელად მოგვევლინა. აღსანიშნავია, რომ მან უგოლოდ მოედანი არც იმ შეხვედრაში დატოვა.

მას შემდეგ მოყოლებული ცენტრფორვარდს "დინამოს" მაისური 1952 წლამდე არ გაუხდია. ამ ხნის განმავლობაში, მისი დახმარებით გუნდმა 1939, 1940 და 1951 წლებში ქვეყნის პირველობაზე ვერცხლის მედლები მოიგო. გარდა ამისა, 1936, 1946, 1947 და 1950 წლებში - მესამე ადგილი დაიკავა. პაიჭაძე საბჭოთა კავშირის თასის სამგზის ფინალისტია - 1936, 1937 და 1950 წლებში. მან თასის გათამაშებაში 40 შეხვედრა ითამაშა და თავი 25-ჯერ გამოიჩინა. 1937-1946 წლების ჩათვლით, გუნდის მიერ ჩატარებულ 7 საერთაშორისო შეხვედრაში ითამაშა და პირად ანგარიშზე 5 გოლი მიითვალა. 1938 წელს, საბჭოთა კავშირის უძლიერეს ფეხბურთელთა სიაში დაასახელეს და გარდა ამისა, გრიგორი ფედოტოვის სახელობის ბომბარდირთა კლუბის წევრია. არაერთი წლის განმავლობაში იგი "დინამოს" კაპიტანი იყო. კარიერის დასრულების შემდეგ, თბილისელთა მთავარ მწვრთნელად და გუნდის უფროსად მუშაობდა. მოგვიანებით, ეროვნული სტადიონის დირექტორად დაინიშნა, სადაც 23 წელი მუშაობდა. ბორის პაჭაძე ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერია. თუმცა, ამ რეგალიათა ჩამონათვალი სრულად ვერ ასახავს იმ წვლილს, რაც მან ქართულ ფეხბურთში შეიტანა.

ბორისის მამა სოლომონ პაიჭაძე, ფოთის პორტში მტვირთავების ბრიგადირად მუშაობდა და ფეხბურთისადმი დიდი სიყვარულით არ გამოირჩეოდა. მეტიც, იგი სპორტის ამ სახეობას უსაქმურთა გასართობად თვლიდა და როდესაც ბავშვები ეზოში ბურთის გორებისას მათკენ მიმავალ სოლომონს ხედავდნენ, თამაშს თავს ანებებდნენ. ცხადია, იგი არც ფიქრობდა რომ შვილი ფეხბურთელი გამხდარიყო და პატარა ბორისს სწავლისკენ უბიძგებდა. თუმცა, იმხანად ფოთში დიდ-პატარა ბურთის თამაშით გახლდათ გატაცებული და გამონაკლისი არც უმცროსი პაიჭაძე გახლდათ. თურმე, ერთხელ როდესაც სოლომონი სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა, მისი ყურაღდება ორკესტრის ხმამ და ხალხის ხმაურმა მიიქცია, რომელიც სტადიონიდან ისმოდა. როგორც გაირკვა, ფოთის გუნდი ხარკოვის "მეტალისტს" ეთამაშებოდა და სოლომონ პაიჭაძემ შვილის თამაში მაშინ პირველად ნახა. ბორისმა ხარკოველებს გადამწყვეტი გოლი გაუტანა და საკუთარ გუნდს 2:1 მოაგებინა. აღტაცებულმა ქომაგებმა, ფოთელი ფეხბურთელები მოედნიდან ხელში ატაცებული გაიყვანეს. საკუთარი შვილის თამაშით გაოცებულმა სოლომონმა სახლში მისვლისას ცოლს განუცხადა, ვერ გამიგია, ბორისმა ფეხბურთის თამაში ასე კარგად სად ისწავლაო. იქიდან მოყოლებული, უფროსი პაიჭაძე შვილის გატაცებას შეეგუა და მას ბურთის თამაშს აღარ უშლიდა.

ცხადია, ამან ბორისი ძალიან გაახარა და მალე ფოთის გუნდთან ერთად, თბილისში ჩამოვიდა დედაქალაქის ნაკრებთან დასაპირისპირებლად. იმ ვიზიტს პაიჭაძე ასე იხსენებდა: "თავდაპირველად, ნკვდ-ს მე-8 პოლკის გუნდს ვეთამაშეთ და 8:0 გავიმარჯვეთ. 2 დღის შემდეგ, თბილისის ნაკრებს შევხვდით, რომლის რიგებში იმ დროისთვის ცნობილი ფეხბურთელები – შოთა შავგულიძე, ალექსანდრ დოროხოვი, მიხეილ ასლამაზოვი, ბუკა ბერძენიშვილი და ჭიჭიკო ფაჩულია გამოდიოდნენ. მარჯვენა ინსაიდის პოზიციაზე ვთამაშობდი და დაპირისპირება ფაჩულიასთან მიწევდა, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთი გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი გახლდათ. როდესაც ჭიჭიკო ფოთში ჩამოდიოდა ხოლმე, მასზე ლამის ვლოცულობდი და მონუსხული ვუცქერდი, რათა ამ მოთამაშის ერთი მოძრაობაც არ გამომპარვოდა. მაშინ კი, იმის პატივი მერგო, რომ ბატონ ჭიჭიკოს წინააღმდეგ მეთამაშა. მატჩისთვის ძალიან სერიოზულად მოვემზადე, თუმცა არაფერი გამომივიდა, რადგან ფაჩულიამ ფეხი არ გამანძრევინა. ხასიათი ისე გამიფუჭდა, რომ შესვენებაზე ავტირდი და ჩვენს კაპიტან მიტრო ასათიანს ვუთხარი –არ შემიძლია მის წინააღმდეგ თამაში, შემცვალეთ-მეთქი. პირველი ტაიმის შემდეგ მოედანზე აღარ გავსულვარ და მიუხედავად იმისა, რომ თამაშს 2:1 ვიგებდით, საბოლოოდ 2:3 დავმარცხდით".

მართალია, პაიჭაძეს ფეხბურთი უყვარდა, მაგრამ ფოთელი ბიჭების უმრავლესობის მსგავსად მეზღვაურობაზე ოცნებობდა. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, მან საზღვაო ტექნიკუმში ჩააბარა, სადაც მექანიკოსის დიპლომი მიიღო და მუშაობა ნავთობის გადამზიდავ გემ "ტენდრაზე" დაიწყო, რომელიც რეისს ოდესიდან ბათუმამდე ასრულებდა. როგორც "დამკვრელ" მშრომელს, მას მოგვიანებით საზღვარგარეთ ცურვის ნებაც დართეს. ტუაფსეში ყოფნისას, სადაც იგი ტანკერ "მეტალისტს" ელოდა, რათა ინგლისში გაყოლოდა, მოლოდნელად პაიჭაძემ ფოთიდან დეპეშა მიიღო: "მამა კვდება, ჩამოდი!".

ბორისი ფოთში შუაღამისას მატარებლით ჩავიდა და საკუთარ სახლს რომ მიუახლოვდა, ჩაბნელებული ფანჯრები დაინახა. ამის შემხედვარემ გაიფიქრა, რომ მამა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სახლში შუქი ენთებოდა. მართლაც, მამა ცოცხალი აღმოჩნდა და მეტიც, როდესაც დედამ დაიძახა – სოლომონ შეხედე ვინ ჩამოვიდაო, უფროსი პაიჭაძე ეზოში საცვლების ამარა გამოვარდა და შვილს კისერზე ჩამოეკიდა. როგორც გაირკვა, იგი სიკვდილს სულაც არ აპირებდა, მაგრამ სამაგიეროდ რთულ მდგომარეობაში ფოთის ნაკრები იმყოფებოდა, რომელსაც საქართველოს პირველობაზე თბილისში ბათუმელებთან განმეორებითი მატჩი უნდა ჩაეტარებინა. ფოთელებმა ამ მეტად საპასუხისმგებლო შეხვედრის წინ, პაიჭაძე ქალაქში ასეთი ორიგინალური მეთოდით ჩამოიყვანეს. თავდაპირველად, ბორისი მოედანზე გასვლას უარობდა, რადგან ერთი წელი ბურთისთვის ფეხი არ დაეკარებინა, მაგრამ მამის თხოვნის წინააღმდეგ ვეღარ წავიდა. ფოთელებმა თამაში 2:1 მოიგეს და ორივე გოლი პაიჭაძემ გაიტანა. ამის შემდეგ, უკვე ცხადი გახდა, რომ არჩევანი მას ფეხბურთის სასარგებლოდ უნდა გაეკეთებინა. არც შემცდარა.

თუმცა, მას გასარკვევი ერთი ფრიად დელიკატური საკითხი ჰქონდა. კერძოდ, სურდა გაეგო, ვინ გაუგზავნა ასეთი შემაშფოთებელი შინაარსის დეპეშა. მიუხედავად მცდელობისა, სიმართლის გარკვევა ვერ შეძლო. მხოლოდ 50 წლის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მისი ავტორი პაიჭაძის ყოფილი თანაგუნდელი კაკო იმნაძე ყოფილა. ბათუმელების დამარცხების შემდეგ, ფოთის ნაკრები უკრაინაში ტურნეში გაემგზავრა, სადაც 29 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ ერთი დაამთავრა ფრედ. დანარჩენი მატჩები ქართველმა ფეხბურთელებმა მოიგეს. მოგეხსენებათ, მაშინ გუნდებს რა პირობებიც ჰქონდათ და ხშირად მოთამაშეებს ღამეების გათენება სპორტულ დარბაზებში ან რაიმე დაწესებულების კორიდორში უხდებოდათ. სასტუმროზე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა. უკრაინაში მოგზაურობის შესახებ იმნაძე ბორისის თაობაზე ერთ სახალისო ისტორიას იხსენებდა: "მაკეევკაში სპორტულ დარბაზში ვცხოვრობდით და რინგის გვერდით გაშლილ ლეიბებზე გვეძინა. იქვე მოკრივის ხელთათმანები იდო. კრივის ილეთები მეტ-ნაკლებად ვიცოდი და ბორისს შერკინება ვთხოვე. გაოცებული დავრჩი, როდესაც აღმოვაჩინე, რომ იგი კრივში გათვითცნობიერებული იყო. მართალია, მასზე ფიზიკურად ძლიერი გახლდით, მაგრამ ისეთ დღეში ჩამაგდო, რომ ორთაბრძოლის შეწყვეტა თავად ვთხოვე. როგორც გაირკვა, ბორისი, თავის დროზე, ფოთის პორტის სპორტულ კლუბში კრივში ვარჯიშობდა. მართალია, არც თუ დიდი ხანი, მაგრამ როდესაც ადამიანი ნიჭიერია"...

ფოთელთა გუნდის კაპიტანი 42 წლის ეფრემ ლაითაძე იყო. როდესაც ერთ-ერთი ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ, ქართველები მოედანზე გავიდნენ, ტრიბუნიდან გულშემატკივარმა ლაითაძეს დაუძახა –"მამიკო, შვილები ვის დაუტოვეო?". თუმცა, ეფრემი არ დაბნეულა და უპასუხა –"აგერ, ჩემთან ერთად არიან". თან, ახალგაზრდა ბორის პაიჭაძეზე და გრიგოლ გაგუაზე მიუთითა. მეორე მატჩის წინ, აფიშაზე შემდეგი წარწერა გაჩნდა: "ქართველების გუნდში მამა-შვილი ლაითაძეები თამაშობენო". აღსანიშნავია, რომ ყოველი შეხვედრის დაწყებამდე, ეფრემი ე.წ. "შვილებს" მხარზე ხელს გადახვევდა და საკმაო ხნის განმავლობაში ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდა. "მამა-შვილობამ" ქართულ გუნდს კარგი რეკლამა გაუწია და სტადიონზე მაყურებელი თამაშიდან-თამაშამდე იმატებდა.

ამ ტურნეში ქართველებს კურიოზული ამბავიც გადახდათ. კერძოდ, მათ უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ თამაში თურქეთის ნაკრების დროშით მოუწიათ. იმ პერიოდში თურქეთის ეროვნული გუნდი საბჭოთა კავშირში იმყოფებოდა და როგორც წინასწარ იყო ჩაფიქრებული, მოსკოვში ჩატარებული მატჩის შემდეგ, ოდესას უკრაინის ნაკრებთან საპაექროდ უნდა სწვეოდა. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, თურქებმა ჩამოსვლა ვერ შეძლეს. არადა, აფიშები მთელ ქალაქში უკვე გაკრული იყო და ადგილობრივი ქომაგები რომ არ გაეწბილებინათ, შეხვედრის ორგანიზატორებმა თურქების სახელით თამაში ქართველებს თხოვეს, რომლებიც იმხანად სევასტოპოლში იყვნენ. ფოთელები წინადადებას დათანხმდნენ, მაგრამ ორგანიზატორებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ სტადიონზე ბევრი ფოთელი მოვიდოდა – მეზღვაურები, ვაჭრები და ა.შ. ცხადია, მათ მშობლიური ქალაქის გუნდის მოთამაშეები სხვებში არ შეეშლებოდათ და თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთში ტრიბუნებიდან შეძახილები გაისმა: "ეი, ეფრემ ფოთში შვილები და ცოლი ვის დაუტოვე? თუ შენც თურქად ჩაეწერე?", "ეი, ლადო ჩემი 20 მანეთი გმართებს, რით გადამიხდით – მანეთებით თუ ლირებით?".

"პუბლიკა მაშინვე მიხვდა საქმე რაშიც იყო და გვეგონა, რომ გაგვლახავდნენ. შესაძლოა, სხვა ქალაქში მართლაც ასე მოქცეულიყვნენ, მაგრამ არა ოდესაში, რომლის მცხვორებნიც იუმორით ცნობილი არიან. ტრიბუნებზე მოსულმა გულშემატკივრებს სიცილი აუტყდათ და ერთხმად მხარს გვიჭერდნენ. საბოლოოდ, თამაში 2:3 დავთმეთ" - იხსენებდა ბორის პაიჭაძე.

უკრაინულ ვოიაჟში მონაწილეობა კიდევ ერთმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, გაიოზ ჯეჯელავამ მიიღო, რომელიც ბავშვობაზე ჰყვებოდა: "პატარა რომ ვიყავი, მშობლებმა ახალი ფეხსაცმელები მიყიდეს. მალევე, მათ შეამჩნიეს, რომ მარჯვენა ფეხსაცმელმა ცვეთა უფრო სწრაფად დაიწყო, ვიდრე მარცხენამ. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ სკოლისკენ მივდიოდი თუ შინ ვბრუნდებოდი, მარჯვენა ფეხს ქვებს ისე ვურტყამდი, როგორც ბურთს. როდესაც მამამ დამტუქსა, მისთვის არაფერი ამიხსნია და შევეცადე, რომ ფეხსაცმელები თანაბრად გამეცვითა. ამიტომ, ახლა უკვე ქვებით თამაში მარცხენა ფეხით დავიწყე. მოგვიანებით, ეს ძალიან გამომადგა და მოედანზე ორივე ფეხს თანაბრად ვხმარობდი".

ჯეჯელავამ, რომელიც თავის ფინტებით გამოირჩეოდა, უკრაინაში კადეევკის გუნდის წინააღმდეგ შეხვედრის დროს, მეტოქის ყველა მცველს და მეკარეს აუარა გვერდი, ხოლო ბურთი კარში მოედანზე დაწოლილმა თავით შეაგორა. ამან ადგილობრივი არბიტრი ისე აღაშფოთა, რომ ქართველი ფორვარდს მეტოქის უპატივსცემლობის გამო, მინდორი დაატოვებინა.

უკრაინიდან ერთი კვირის დაბრუნებულები იყვნენ, რომ ფოთელთა 11 ფეხბურთელს თბილისში გადასვლა და სწავლის ამიერკავკასიის ინდუსტრიულ ტექნიკუმში გაგრძელება შესთავაზეს. ამ სასწავლების რექტორი ივანე ვაშაყმაძე, ფეხბურთზე ფანატიკურად იყო შეყვარებული. სწორედ, მან გამოაგზავნა ფოთში ფეხბურთელი კაკო ყალიჩავა, რომელმაც ადგილობრივ მოთამაშეებს რექტორის დანაბარები გადასცა. სტუდენტებად გახდომის შემდეგ, ინდუსტრიულმა ინსტიტუტმა 1935 წელს, მოსკოვში საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასწავლებლების პირველობა მოიგო - ფინალში მანამდე დაუმარცხებელ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს სძლია. ყოველი მატჩის შემდეგ, ქართველებთან გასახდელში სერგო ორჯონიკიძე შედიოდა, რომელმაც ჩემპიონებს საჩუქრად ველოსიპედები გადასცა.

1936 წელს, საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატის დაწყებამდე, ბორის პაიჭაძე თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა. ამან ვაშაყმაძე ისე აღაშფოთა, რომ საკუთარ სტუდენტს უყვიროდა –""როგორ გააკეთე ასეთი რამ! რამდენი გადაგიხადეს?". რექტორმა არ იცოდა, რომ პაიჭაძის "დინამოში" გადასვლა ლავრენტი ბერიას ინიციატივა იყო, რომელიც ფეხბურთელს პირადად ესაუბრა. ბორისის გარდა, თბილისურ კლუბს კიდევ რამდენიმე ფოთელმა ფეხბურთელმა მიაშურა, რომელთაც საქართველოს "ნკვდ"-ს უფროსი გოგლიძე ელაპარაკა. პაიჭაძეს იმედი ჰქონდა, რომ ამ ნაბიჯით მამის გათავისუფლებას შეუწყობდა ხელს, რომელიც იმხანად დაპატიმრებული იყო. მითუმეტეს, ფეხბურთელს დაჰპირდნენ, რომ ამ საკითხის მოგვარებაში დაეხმარებოდნენ. ყველას კარგად მოეხსენება, რომ "დინამოს" სწორედ "ჩეკისტები" კურირებდნენ. თუმცა, საბოლოოდ ეს არ მოხერხდა.

"1941 წელს, ომის დაწყებამდე მამა კინაღამ გაათავისუფლეს. კოტლასიდან დეპეშა მოგვივიდა, რომელშიც იგი უკან დასაბრუნებლად გზის ფულის გამოგზავნას გვთხოვდა. მართალია, ფული გავაგზავნეთ, მაგრამ ომი დაიწყო და მამა აღარ გამოუშვეს. საკუთარი თავისთვის ვერ მიპატიებია, რომ 1936 წელს, როდესაც ბერიამ დამიბარა, ვერ გავბედე, მას მამის თაობაზე დავლაპარაკებოდი. 1942 წელს, მოსკოვში ყოფნისა ბერიას ადმინისტრაციაში დავრეკე და როდესაც მას ყურმილი გადასცეს შეხვედრა ვთხოვე. მან მიმიღო და მამის თაობაზე დავეკითხე. ამბის გასარკვევად, იგი ცოტა ხნით, კაბინეტიდან გავიდა და უკან შემოსულმა მითხრა – ძალიან საწყენია, მაგრამ მამაშენი გარდაიცვალა. სად იყავი აქამდე ბორის?" -იხსენებდა ბატონი ბორისი.

30-იანი წლების "დინამოს" ისტორიაში, ქრესტომათიულ მატჩად მოსკოვის ცდკა-სთან შეხვედრა ითვლება, რომელიც 1939 წელს შედგა. მაშინ, მოსკოველთა რიგებში რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი გამოდიოდა, რომელთა შორის გამორჩეული გრიგორი ფედოტოვი გახლდათ. სწორედ ამ ადამიანმა გაიტანა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში პირველმა 100 გოლი და ამიტომ, ეწოდა ბომბარდირთა კლუბს მისი სახელი. თბილისის "დინამოს" იმ დროს სათავეში მიხაილ ბუტუსოვი ჩაუდგა, რომელიც წარსულში გამოჩენილი ფეხბურთელი და ჭკვიანი ტაქიტიკოსი იყო. გუნდში უკვე გამოდიოდა გაიოზ ჯეჯელავა, რომელიც ერთი წლით ადრე, ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო გარემარბად ცნეს. რაც შეეხება პაიჭაძეს, იგი თბილისელთა გამოკვეთილი ლიდერი იყო. აღსანიშნავია, რომ ბორისი მწვრთნელების მიერ დადგენილ სათამაშო სქემებს არ ემორჩილებოდა და თამაშის საკუთარი სტილი ჰქონდა შემუშავებული. ის მინდვრის ნებისმიერ მონაკვეთზე შეიძლება გამოჩენილიყო და "დინამოს" შეტევას გაძღოლოდა. ამისთვის, პაიჭაძეს მეტსახელად "მოხეტიალე ფორვარდი" შეარქვეს. მისმა სათამაშო მანერამ ისეთი ავტორიტეტული სპეცილისტის კრიტიკაც კი გამოიწვია, როგორიც ბორის არკადიევი გახლდათ. თუმცა, ბუტუსოვმა ბორის უთხრა - ყურადღება არ მიაქციო, შენი თამაში ითამაშეო.

ცდკა-სთან მატჩი მნიშვნელოვანი იმით გახლდათ, რომ გამარჯვების შემთხვევაში "დინამო" ჩემპიონატში მეორე ადგილს და შესაბამისად, ვერცხლის მედლებს მოიპოვებდა. თუმცა, თბილისელებისთვის პირველი ტაიმი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რადგან მათ იგი 1:4 დათმეს. ეს ერთადერთი ბურთი პაიჭაძემ გაიტანა. მეორე ტაიმში დინამოელებმა შეხვედრაში გარდატეხა შეიტანეს, რაც პირველ რიგში, პაიჭაძის დამსახურება იყო და მასპინძლებმა 5:4 მოიგეს.

კარიერის განმავლობაში ბატონი ბორისი მოედანზე მუდამ კორექტული იყო და ფაქტობრივად, არასოდეს პასუხობდა მის წინააღმდეგ უხეშად მოთამაშე მეტოქეებს. ამიტომ, ეძახდნენ მას ფეხბურთის "რაინდს". თუმცა, იყო ერთი მცველი, რომელიც ქართველ თავდამსხმელთან შეხვედრის დროს, მუდამ ცდილობდა პაიჭაძე მწყობრიდან გამოეყვანა. დინამოელებმა მას არაერთხელ თხოვეს, რომ მსგავს რამეებს შეშვებოდა, რამაც ნაყოფი არ გამოიღო. მაშინ, თანაგუნდელებმა ბორისს უთხრეს, რომ ამ ფეხბურთელისთვის საკადრისი პასუხი თავად გაეცა. მართლაც, პაიჭაძე ასე მოიქცა და ერთ-ერთ მატჩში მეტოქემაც მოედანი კოჭლობით დატოვა. მსაჯმა კი მომხდარზე თვალი დახუჭა, რადგან პაიჭაძის ავტორიტეტი ძალიან დიდი იყო.

ბატონი ბორისი დიდი ფეხბურთიდან 1951 წელს წავიდა, მაგრამ იგი არავის გაუცილებია და არც საბენეფისო მატჩი მოუწყვიათ. მსგავსი რამ, საბჭოთა კავშირში უცხო ხილი იყო, მითუმეტეს იმ პერიოდში. ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს არც ახსოვდა თუ რომელ გუნდთან ითამაშა ბოლო შეხვედრა. მართალია, მას მწვრთნელობა არ სურდა, მაგრამ დაარწმუნეს, რომ გუნდში მისი დარჩენა საჭირო იყო. პაიჭაძემ "დინამოში" ცოტა ხანი იმუშავა და შემდეგ გუნდის უფროსი გახდა. მწვრთნელობის თაობაზე მას საკუთარი მოსაზრება ჰქონდა: "კარგი ფეხბურთელი და კარგი მწვრთნელი – ორი სრულიად განსხვავებული რამაა. ფეოლა ფეხბურთს საერთოდ არ თამაშობდა, მაგრამ გამოჩენილი მწვრთნელი გახლდათ. მახსოვს, როდესაც 1966 წელს ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატიდან გავრილ კაჩალინთან ერთად ვბრუნდებოდი, ლონდონის აეროპორტში ფეოლა ვნახეთ. როგორც გაირკვა, იგი მშობლიურ რიო დე ჟანეიროში კი არ მიფრინავდა, არამედ იტალიაში. თურმე, მას ბრაზილიის ნაკრების წარუმატებელი გამოსვლა ვერ აპატიეს და სამხრეთამერიკელი გულშემატკივრები სამშობლოში არ უშვებდნენ. არადა, მანამდე ფეოლას თავკაცობით გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატი ზედიზედ ორჯერ მოიგო. ასეთია მწვრთნელის ბედი".

ლეგენდარული ფორვარდი 1990 წელს გარდაიცვალა, ხოლო 1991 წელს მისი სახელი ეროვნულ სტადიონს მიენიჭა, ამჟამად კი ჩვენი ქვეყნის უმთავრეს სტადიონს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა ეწოდება.

0.111126