დღეს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი, რომელიც თბილისში 4 დღიანი ვიზიტით იმყოფება, მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა. პრესკონფერენციაზე კოკოშკოვს თან ახლდნენ ნაკრებში მისი ასისტენტი კოტე ტუღუში და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთ-ერთი ვიცეპრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა.
თბილისში ყოფნისას კოკოშკოვი დაესწრო "თბილისი მოლში" ჩატარებულ “ოლ სტარს”, შეხვდა ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატებს და დაესწრო საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშს, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში მისი ერთ-ერთი ასისტენტი დავით უსტიაშვილი ავარჯიშებს.
იგორ კოკოშკოვი თბილისიდან 3 თებერვალს მიემგზავრება.
შეგახსენებთ, რომ წინამორბედებისგან განსხვავებით, ევრო-2015-ის ფინალური ტურნირის ჯგუფური ეტაპი რამდენიმე ქვეყანაში ჩატარდება. თითოეული ჯგუფიდან გასული 4-4 გუნდი საფრანგეთში შეიკრიბება და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას ოლიმპიური სისტემით გააგრძელებს. საქართველოს ნაკრებს კენჭისყრამ ქალაქი ზაგრები (ხორვატია) არგუნა, სადაც ხორვატების, ბერძნების, სლოვენიელების, მაკედონიელებისა და ჰოლანდიელების ნაკრებ გუნდებთან ერთად ჯგუფიდან გამსვლელი I-IV ადგილებისთვის იბრძოლებს.
იგორ კოკოშკოვი: "მოგესალმებით ყველას. 100 პროცენტით ვენდობი ნაკრებში ჩემს ასისტენტებს. ხშირი ურთიერთობა მაქვს ფედერაციის წარმომადგენლებთან და ამიტომ აუცილებლად არ ვთვლი შუა სეზონში ჩემს საქართველოში ჩამოსვლას. ჩემს მიერ საქართველოს ნაკრებში მუშაობის პერიოდში ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო შუა სეზონში საქართველოში ჩამოვსულიყავი. მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს "ოლ სტარი", მაინც კმაყოფილი დავრჩი ყველა ვარსკვლავის მატჩით, რომელიც სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლში" ჩატარდა. შევხვდი ნაკრების წევრობის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე კანდიდატებს და დავესწარი 20-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთ ვარჯიშს. ნაკრების წევრობის კანდიდატებთან შეხვედრას ფორმალური სახე ჰქონდა. რაც შეეხება 20-წლამდელთა ნაკრებს, არის რამდენიმე პერსპექტიული კალათბურთელი, რომლებიც თავის თავზე თუ ბევრს იმუშავებენ, შეუძლიათ დიდი კალათბურთი ითამაშონ.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჩემი ახლანდელი ვიზიტი ჯერ არ დასრულებულა, უკვე შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი ამჟამინდელი ჩამოსვლა პროდუქტიული იყო.
გვაქვს ხშირი ურთიერთობა უცხოურ გუნდებში მოთამაშე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატებთან. ვისურვებდი, რომ წარმატებული სეზონი ჰქონდეთ, ევრო-2015-ის ფინალურ ტურნირს მომზადებულები რომ შევხვდეთ.
ფინალური ტურნირისთვის მზადებას 24 ივლისს სლოვენიაში დავიწყებთ. მანამდე ნაკრების წევრობის კანდიდატები თბილისში შეიკრიბებიან და ფიზიკურ მომზადებას გაივლიან.
ჩვენი ნაკრები ერთი ოჯახია. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ნაკრებში დიდ ცვლილებას არ უნდა ველოდეთ. თუმცა გამორიცხული არაფერია, რადგან შეკრების დაწყებამდე 5 თვეა დარჩენილი და არაა გამორიცხული ვინმე ისეთი კალათბურთელი გამოჩნდეს, რომელმაც შეიძლება ნაკრებში თამაში დაიმსახუროს. ჩვენთან ხომ ყველა კალათბურთელისთვის კარი ღიაა.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ კოკოშკოვმა მასმედიის წარმომადგენელთა რამდენიმე კითხვას უპასუხა.
- ანალოგიური ვიზიტით თბილისში ჩამოსვლას მომავალშიც აპირებთ?
როგორც უკვე აღვნიშნე, 100 პროცენტით ვენდობი ჩემს ასისტენტებს, არა მგონია ჩემი თბილისში ხშირი სტუმრობით რამე შეიცვალოს. ვაპირებ დავესწრო ევროლიგის ოთხთა ფინალის მატჩებს. იმედია, იქ ქართველი კალათბურთელებიც ითამაშებენ.
- საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატ რიკი ჰიკმანთან თუ გაქვთ ურთიერთობა?
- ჰიკმანთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ხშირად ვსაუბრობთ. თბილისიდან თურქეთში მივდივარ და ჰიკმანს პირადად შევხვდები.
- რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ჩვენი ნაკრების მიერ ჯგუფური ეტაპის დაძლევა?
- 6 დღეში 5 მატჩის ჩატარება ძალიან ძნელია. თუ გვინდა ჯგუფიდან გასვლა, ჰოლანდიას აუცილებლად უნდა მოვუგოთ, რომელსაც პირველ ტურში ვხვდებით.
- ნაკრებში ნიკოლოზ ცქიტიშვილისა და ლაშა გამყრელიძის დაბრუნებას თუ გეგმავთ?
- ნებისმიერი მათგანი, თუ შეასრულებს თავის მოვალეობას, რომელიც ნაკრებს სჭირდება, მე წინააღმდეგი არ ვარ.
ერთიც მინდა აღვნიშნო, ნაკრებში მოთამაშეები გვჭირდება და არა სახელები. ჩვენ ვეძებთ ნაწილაკებს, რომლებიც შეავსებენ გუნდს...”
კოკოშკოვის გარდა კომენტარი გააკეთეს კოტე ტუღუშმა და ვლადიმერ ბოისამ.
კოტე ტუღუში:” წინა წლებისაგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის როლი, სადაც ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდის რამდენიმე წევრი და წევრობის კანდიდატი თამაშობს.
- ნაკრების წევრობის კანდიდატებთან ბოლო შეხვედრაზე ახალი ხომ არავინ ყოფილა?
- ახალი არავინ ყოფილა. კოკოშკოვთან შეხვედრაზე 20-მდე კალათბურთელი იმყოფებოდა, რომლებიც გაფართოებულ სიაში ადრეც იმყოფებოდნენ.”
ვლადიმერ ბოისა:” ნაკრების ევრო-2015-ის ფინალური ტურნირისათვის მზადების მიზნით რამდენიმე საინტერესო ტურნირში მონაწილეობა გვაქვს დაგეგმილი. 14, 15 და 16 აგვისტოს თბილისის თასზე, თბილისში, ევრო-2015 ფინალური ტურნირის მონაწილე იტალიის, ლატვიისა და ესტონეთი ნაკრებ გუნდებს შევხვდებით. 20, 21 აგვისტოს საფრანგეთში, მასპინძელთა ნაკრებთან და ბელგიასთან ვითამაშებთ. 28, 29 და 30 აგვისტოს, იტალიისა და რუსეთის ნაკრებ გუნდებს შევხვდებით. მესამე გუნდის ვინაობა მალე გაირკვევა.
- როგორ აფასებთ ზაგრებში ჩვენი ნაკრების შანსებს?
- თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ჩვენ ნაკრებს შეუძლია მინიმუმ ჰოლანდიისა და მაკედონიის დამარცხება. მინიმუმ ორი მოგება კი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისია.