4-7 თებერვალს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ფედერაციის თასის I ჯგუფის ევრო-აფრიკული ზონის მატჩებს უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოს საჩოგბურთო ნაკრებიც ითამაშებს.
ქართული გუნდის კაპიტანი მაკა ჩახნაშვილია, კორტზე გასვლა კი სოფო შაფათავას, ეკატერინე გორგოძეს, ოქსანა კალაშნიკოვას და მარიამ ბოლქვაძეს მოუწევთ.
საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ბელარუსს, პორტუგალიას და ბულგარეთს ეთამაშება, სხვა ჯგუფები კი ასე დაკომპლექტდა. A ჯგუფი: სერბეთი, უნგრეთი, ავსტრია. B ჯგუფი: დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, თურქეთი, ლიხტენშტეინი. D ჯგუფი: ბელგია, ხორვატია, ისრაელი, ლატვია.
ქართველი გოგონები 4 თებერვალს ბელარუსს ეთამაშებიან, 5-ში – პორტუგალიას, 6-ში – ბულგარეთს, შემდეგ კი საპლეიოფო მატჩებიც დაიწყება.
ტურნირის ფორმატის მიხედვით, A ჯგუფის გამარჯვებული D ჯგუფის პირველადგილოსან ეთამაშება, B და C ჯგუფების მეწინავეები კი ერთმანეთს დაუწყვილდებიან. ფინალისტები მსოფლიო ჯგუფი II-ის პლეი-ოფში თამაშის უფლებას მიიღებენ.
იგივე პრინციპით, ჯგუფების ბოლოადგილოსნები იმ 2 უარესი ნაკრების ვინაობას გაარკვეევენ, რომლებიც მომდევნო სეზონში II ჯგუფის ევრო-აფრიკული ზონაში ითამაშებენ.
ისიც ვთქვათ, რომ ბუდაპეშტში დაგეგმილ შეჯიბრზე არაერთ სახელოვან ჩოგბურთელს ვიხილავთ. მაგალითისთვის, ვიკტორია აზარენკას (ბელარუსი), კირსტენ ფლიპკენსის, იანინა ვიკმაიერის (ორივე – ბელგია), ცვეტანა პირონკოვას (ბულგარეთი), ჰიზერ უოტსონის (დიდი ბრიტანეთი) და შაჰარ პეერის (ისრაელი) ჩამოთვლაც საკმარისია.
როგორც აღვნიშნეთ, ქართველ ჩოგბურთელთა უმეტესობა ბუდაპეშტში იმყოფება, თუმცა, არის გამონაკლისიც. სოფო ქვაცაბაია, რომელიც ამჟამად ნაკრებს მიღმა დარჩა, თურქეთის ქალაქ ანტალიაში იმყოფება და 10-ათასიან ტურნირზე ითამაშებს. რაც შეეხება თამარ ჭალაგანიძეს, იგი ტუნისურ ელ კანტაუიში 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა, დანიელ ჯული ნოესთან 1:6, 3:6 დამარცხდა.
დასასრულ, ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის რეიტინგზეც ვთქვათ, სადაც ქართველთაგან საუკეთესო მაჩვენებელი კვლავ სოფო შაფათავას გააჩნია. ის 10 ადგილით დაწინაურდა და 231 ქულით 208-ე პოზიციაზე იმყოფება. თავის მხრივ, სოფო ქვაცაბაიამ წინ 34 საფეხურით წაიწია დ 79 ქულით 390-ეა.
208 (218). სოფო ქვაცაბაია – 231 ქულა; 323 (327). ეკატერინე გორგოძე – 106; 390 (424). სოფო ქვაცაბაია – 79; 528 (530). ოქსანა კალაშნიკოვა – 45; 693 (698). მარიამ ბოლქვაძე – 23; 901 (879). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 12; 1111 (1106). თამარ კუტუბიძე – 5; 1199 (1205). თამარ ჭალაგანიძე – 3;