თბილისის “დინამოს” საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრეში 20 წლის მცველი ნიკა ჭანტურია უკაპიტნებს. ამის შესახებ თბილისური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ჭანტურიამ “დინამოს” ვებგვერდთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“პირველ ყოვლისა, ჩემთვის ეს უდიდესი პატივია. თუმცა, რამდენადაც სასიამოვნოა, იმდენად საპასუხისმგებლოა. “დინამოს” კაპიტნობა ადვილი არაა, მაგრამ ვეცდები ამ რთულ მისიას თავი ღირსეულად გავართვა. მადლობა ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ხელმძღვანელობას, რომელთაც ასეთი ნდობა გამომიცხადეს. ასევე. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, მათ შორის “დინამოს” ფანებს, ვინც გუნდის ამ გადაწყვეტილებას დადებითად მიიღებს.
ჩემი აზრით, შეკრება იდეალურად არის დაგეგმილი. ბევრი საინტერესო ამხანაგური მატჩია, რაც მწვრთნელებს გუნდის მდგომარეობის შეფასების მეტ შესაძლებლობას მისცემთ, ფეხბურთელებს კი უკეთ შეთამაშების.
“შტურმი” ამ ფორმაციის “დინამოსთვის” პირველი მეტოქე იყო. ბევრმა ახალმა ფეხბურთელმა ითამაშა. პირველი თამაშის კვალობაზე ბუნებრივია შეცდომები იყო. მოსამზადებელი ეტაპიც სწორედ იმისათვის არსებობს, რომ ეს ხარვეზები აღმოვფხვრათ. ვფიქრობ, მთლიანობაში “შტურმთან” მატჩი დადებითად უნდა შეფასდეს. შეკრებაზე ყველაზე რთული მოწინააღმდეგე პრაღის “სპარტაა”. ასეთი მაღალი დონის მეტოქესთან გამოჩნდება ჩვენი რეალური ძალა. კარგი სპარინგი იქნება ძალების მოსასინჯად”.