ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (494 310 ევრო) ძირითად ბადეში გასვლასთან ახლოსაა.
ბასილაშვილი Open Sud de France-ის კვალიფიკაციაში მე-3 განთესვით ჩაება და უკვე 2 გამარჯვებაც იზეიმა. ნიკოლოზმა საწყის მატჩში “უაილდ ქარდის” მქონე ჟოფრი ბლანკანეს 6:4, 6:0 სძლია, შემდეგ კი მასპინძელთა გაცილებით სახელოვანი წარმომადგენელი ფლორენ სერა 6:0, 6:3 გაანადგურა.
ცნობისთვის, 33 წლის სერას მიმდინარე რეიტინგში 328-ე ადგილი კი უკავია, თუმცა, 2006 წელს მსოფლიოს 36-ე ჩოგანიც კი გახლდათ.
ბასილაშვილმა, რომელიც კლასიფიკაციაში 157-ე პოზიციაზეა, მონპელიეში 6 სარეიტინგო ქულა უკვე გამოიმუშავა, ძირითად ბადეში გასვლა კი 12 ქულას მოუტანს.
ქართველ ჩოგბურთელს მიზნის მიღწევის კარგი შანსი აქვს, რადგანაც გადამწყვეტ რაუნდში მისი მეტოქე – კიდევ ერთი ფრანგი იანიკ იანკოვიცი კლასიფიკაციაში მხოლოდ 349-ე ადგილზეა.
უკვე ცნობილია, რომ ძირითად ბადეში გასვლის შემთხვევაში, ბასილაშვილის მეტოქე ამ ოთხეულიდან ერთ-ერთი იქნება: ტაცუმა იტო (იაპონია), დუდი სელა (ისრაელი), პოლ-ანრი მატიო (საფარნგეთი), ბენუა პაირე (საფრანგეთი).
ისიც ვთქვათ, რომ მონპელიეს ტურნირზე განთესილთა პირველი ოთხეული ასე გამოიყურება: გაელ მონფილსი (საფრანგეთი), ჟილ სიმონი (საფრანგეთი), ფილიპ კოლშრაიბერი (გერმანია), რიშარ გასკე (საფრანგეთი).