იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” გვამცნობს, რომ “ჯენოას” თავდამსხმელი ალესანდრო მატრი ტურინის “იუვენტუსში” გადავა. ამის შესახებ “ჯენოასა” და ”ფიორენტინას” მატჩის დაწყებამდე გენუელთა პრეზიდენტმა ენრიკო პრეციოზიმ განაცხადა.
“ჩვენ ბორიელო გვაინტერესებს. ანტონელი “მილანში” მიდის, მატრი კი “იუვენტუსში” სტურაროსთან ერთად”, - განაცხადა პრეციოზიმ.
სტეფანო სტურარო ტურინში სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის, მაგრამ მატრის ტრანსფერს ჯერჯერობით “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა არ ადასტურებს.
მიმიდინარე სეზონში 30 წლის ფორვარდმა 16 შეხვედრაში 7 გოლის გატანა შეძლო. ალესანდრო მატრი “ბებერი ქალბატონის” ღირსებას 2011-2013 წლებში იცავდა და სერია A-ში ჩატარებულ 69 მატჩში მეტოქეები 29-ჯერ დაამწუხრა.