19 წლის ქართველი მცველი ლაშა დვალი ინგლისის “რედინგში” ვარჯიშობს, თუმცა ამ ეტაპზე გაურკვეველია, სად გააგრძელებს კარიერას. “რედინგის” 21-წლამდე გუნდთან ერთად ამხანაგური მატჩებიც გამართა, თუმცა შესაძლოა სხვა გუნდში გაანათხოვრონ, ვინაიდან ოფიციალურ შეხვედრებში თამაშის უფლებას დიდ ბრიტანეთში არსებული კანონი უკრძალავს. ლაშას ინგლისში დავუკავშირდით და მცირე კომენტარი ჩამოვართვით.
- ამჟამად ვვარჯიშობ “რედინგის” ძირითად და სარეზერვო გუნდებთან ერთად. 21-წლამდე გუნდის მაისურით ამხანაგურ შეხვედრებშიც მივიღე მონაწილეობა, ვეთამაშეთ “ქროული თაუნსა” და “ველინგტონ იუნაიტედს”, ხოლო სამშაბათს “ექსეტერ სიტისთან” უნდა ვითამაშოთ.
- შესაძლოა “სკონტოში” დაბრუნდე?
- “სკონტოში” დაბრუნების შანსი მცირეა. ლატვიის ჩემპიონატში თამაშს “რედინგში” დარჩენას ვამჯობინებ, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ შეხვედრებში თამაშის უფლება არ მაქვს. ინგლისურ კლუბში დარჩენის შემთხვევაში გუნდთან ვარჯიშითა და ამხანაგურ შეხვედრებში მონაწილეობით შემოვიფარგლები.
- არსებობს სხვა გუნდში გადასვლის ვარიანტი?
- დიახ. შესაძლოა “რედინგიდან” წავიდე და ჩემთვის მისაღებ გუნდში გამოსყიდვის უფლებით ინგლისურმა კლუბმა სეზონის ბოლომდე გამანათხოვროს.
- ამჟამად ვინაა შენი აგენტი?
- ჩემი აგენტი რომა ორეშუკი იყო, თუმცა მასთან კონტრაქტის ვადა ამოიწურა. ჯერჯერობით აგენტი არ მყავს.
- როგორც ცნობილია, “რედინგში” დარჩენის შემთხვევაში ჩემპიონშიფში თამაშის უფლება არ გექნება. ეს წესი გუნდის 21-წლამდე შემადგენლობაში თამაშსაც ეხება?
- დიახ. ეს წესი სარეზერვო გუნდსაც ეხება. ძირითად გუნდს სეზონის მსვლელობისას თითქმის არ აქვს ამხანაგური მატჩები, 21-წლამდე გუნდი კი შედარებით ხშირად მართავს მეგობრულ შეხვედრებს.
- არაევროკავშირელი ქვეყნების მოქალაქეეების ნაწილი ინგლისურ კლუბებში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს...
- დიდ ბრიტანეთში არსებულ კანონს აქვს ალტერნატივა, მაგრამ ამ შემთხვევაში ფეხბურთელს ეროვნული ნაკრებში ბოლო 2 წლის განმავლობაში ოფიციალურ შეხვედრათა 75 პროცენტში უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული.
- ასაკობრივ ნაკრებებში ასპარეზობას არ ითვალისწინებენ?
- სამწუხაროდ, არა.