გიბრალტარის პრესტიჟულ საჭადრაკო ტურნირზე მე-3 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმით 13 მონაწილე დაწინაურდა, რომელთა შორის ქართველები არ არიან.
შეგახსენებთ, გუშინდლამდე ბელა ხოტენაშვილი წინ უდანაკარგოდ მიდიოდა, მე-3 პარტია კი შავი ფიგურებით ჩინელ იი ვეისთან (2675) დათმო. შედეგად, ბელამ 2.0 ქულით 48-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ასეთივე მონაგარი აქვს სალომე მელიას (2473), რომელმაც შვეიცარიელ შტეფან ჰეერს (2157) სძლია და დამატებითი მაჩვენებლებით 95-ეა.
გიბრალტარის ტურნირის კიდევ ერთი ქართველი მონაწილე ლელა ჯავახიშვილი (2486) 110-ე საფეხურზეა. ის შავებით ინგლისელ დევიდ ჰოუელთან (2670) დამარცხდა.
მე-4 ტურში, რომელიც 30 იანვარს შედგება, ხოტენაშვილი და მელია შავი ფიგურებით ითამაშებენ, შესაბამისად, ინდოელ სვამინატან სოუმიასთან (2346) და სახალისო გვარის მქონე ფრანგ ჟილ სუეც-პანამასთან (2030). რაც შეეხება ჯავახიშვილს, ის თეთრებით ინგლისელ დევიდ სპენსს (2231) დაუპირისპირდება.