ფეხბურთი

6:10 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” ნახევარფინალშია

ესპანეთის თასის 1/4 ფინალური ეტაპის პირველმა განმეორებითმა შეხვედრამ “ვისენტე კალდერონზე” უშეღავათო ბრძოლაში ჩაიარა და საბოლოოდ შემდეგი ეტაპის საგზური კატალონიურმა “ბარსელონამ” მოიპოვა, რომელსაც პირველი მატჩი 1:0 ჰქონდა მოგებული.

განმეორებითი მატჩის პირველი ტაიმი შესანიშნავი სანახავი გამოდგა. შეხვედრა “ატლეტიკოსთვის” იდეალურად დაიწყო და ფერნანდო ტორესმა პირველივე წუთზე გაუტანა ტერ შტეგენს. გატანილი გოლის შემდეგ მასპინძლებს უკან არ დაუხევიათ, რაც ძვირად დაუჯდათ. მე-9 წუთზე სტუმართა განხორციელებული კონტრშეტევა ნეიმარის გოლით დასრულდა. “როხიბლანკოს” კვლავ ორი გოლის გატანა მართებდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება ურთულესი იყო, მაინც არ დანებებულა. 29-ე წუთზე ხავიერ მასკერანომ ხუანფრანი საჯარიმოს ხაზთან წააქცია, თუმცა ხესუს ხილ მანსანომ სიტუაცია არასწორად შეაფასა და სტუმართა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც რაულ გარსიამ აქცია გოლად. მადრიდელებმა ანგარიში დიდხანს ვერ შეინარჩუნეს და 38-ე წუთზე დასანანი გოლი გაუშვეს, კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ ბურთი ჟოაო მირანდას მოხვდა და ობლაკის კარში შევარდა. მადრიდელებს ფარ-ხმალი მაინც არ დაუყრიათ და უმალ გასატანად წავიდნენ. მე-40 წუთზე სიკეირას ჩაწოდების შემდეგ ანტუან გრიზმანმა ძლიერად დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით, მაგრამ ხორდი ალბას ბურთი ხელზე მოხვდა. შეხვედრის მთავარი მსაჯი კი, კიდევ ერთხელ შეცდა და ამჯერად ნაღდი პენალტი არ დანიშნა. აღნიშნული ეპიზოდი საკვანძო აღმოჩნდა, რადგან იმავე წუთს სტუმრებმა კონტრშეტევა განახორციელეს, მესიმ დიდებული გადაცემა გაუკეთა ალბას, ხოლო მარცხენა მცველმა ცარიელი კარის წინ მყოფ ნეიმარს დაუგდო ბურთი, რომელმაც წყნარად შეაგორა ობლაკის კარში და დუბლი გაიფორმა.

დიეგო სიმეონეს შეგირდების ამოცანა ურთულესი გახლდათ. მათ მეორე ნახევარში სამი უპასუხო ბურთი უნდა გაეტანათ “ბარსელონასთვის”. ამას ისიც დაემატა, რომ შესვენებაზე არასპორტული საქციელის გამო მანსანომ მასპინძელთა კაპიტანი გაბი გააძევა და “ატლეტიკო” 10 კაცის ამარა დარჩა. პირველი ნახევარისგან განსხვავებით, მეორე ნახევარმა მოსაწყენად ჩაიარა და მხოლოდ უხეშობით გამოირჩა. “როხიბლანკოს” შეხვედრის ბოლოს მარიო სუარესიც გაუძევეს და თამაში 9 მოთამაშით დაასრულეს. ანგარიში აღარ შეცვლილა, “ბარსელონა” შემდეგ ეტაპზეა და მომავალ მეტოქეს ელის.

ატლეტიკო – ბარსელონა 2:3 (2:3)


მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, მირანდა, ხ.ხიმენესი, სიკეირა, ხუანფრანი (გამესი 59), მ.სუარესი, გაბი, თურანი (კანი 62), რ.გარსია, გრიზმანი (საული 46), ფ.ტორესი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ბარსელონა (4-3-3):
ტერ შტეგენი, მასკერანო (მატიე 62), პიკე, ალვეში, ალბა, რაკიტიჩი (რაფინია 70), ინიესტა, ბუსკეტსი, ნეიმარი (პედრო 77), სუარესი, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები:
1:0 ფ.ტორესი (1), 1:1;2:3 ნეიმარი (9;41), 2:1 რ.გარსია (30 პენ.), 2:2 მირანდა (38 ს.კ.).
გაფრთხილებები: რ.გარსია, გაბი, თურანი, მ.სუარესი, სიკეირა, ხ.ხიმენესი, კანი – ალვეში, მასკერანო, მესი
გაძევებები: გაბი (შესვენებაზე), მ.სუარესი (84).
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო


0.123097