სამშაბათს ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის 2022 წლის საფეხბურთო მუნდიალის ორგკომიტეტმა პრეზენტაცია მოაწყო.
ალ ბიდა თაუერის 29-ე სართულიდან მოჩანს დოჰას ყურე და მთელ მის კიდეზე - ალ კორნიშის ბულვარი. ჩვენი კოშკიც კორნიშის სიახლოვესაა. ამ შენობაში არის ყატარის ოლიმპიური კომიტეტის, ფეხბურთის ფედერაციისა და მსოფლიო ჩემპიონატი საორგანიზაციო კომიტეტის ოფისები. გიდობას ორგკომიტეტის დეპარტამენტების უფროსები გვიწევენ - უმეტესობა სრულიად ახალგაზრდა ხალხია.
ძალიან თავდაჯერებულები არიან. პირველი შეკითხვა, რათქმაუნდა, ესაა - როდის უნდა გაიმართოს მსოფლიო ჩემპიონატი - ზაფხულში თუ ზამთარში?
- ჩვენთვის აბსოლუტურად სულერთია! ჩვენ ორივე ვარიანტისთვის მზად ვართ. უკვე არსებობს გამაგრილებელი სისტემები. მაგალითად, რიოში, შარშანდელ ტურნირზე, მოქმედებდა ე.წ. ფანზონა, სადაც 15 000 ადამიანი ეტეოდა. თუ გარეთ 41 გრადუსი იყო, შიგნით - 20 გრადუსით ნაკლები. ასეთი რამის გაკეთება ორმოციათასიან სტადიონზეც შეიძლება. ჰო, მსოფლიო ჩემპიონატისთვის ფიფას მინიმალური მოთხოვნა 40-ათასიანი არენაა. მაგრამ ჩვენ ამხელა სტადიონები ჩემპიონატის შემდეგ არ დაგვჭირდება, ამიტომაც ამ საკითხს წმინდა ბიზნესის კუთხით ვუყურებთ - სადაც და რაც ზედმეტი იქნება, მოვაშორებთ და დავტოვებთ ოციათასიან ტრიბუნებს.
-და მაინც, უფრო ზამთარში თუ უფრო ზაფხულში? - კი ბატონო, გიპასუხებთ. განსხვავება ისაა, რომ თუ 2022 წლის იანვარში გადაწყდება, მაშინ 6 თვით ნაკლები გვექნება მოსამზადებლად, თუ ივლისში იქნება - მაშინ ექვსი თვით მეტი. სულ ეგაა.
არადა, იანვარში ყატარში სუფთა საფეხბურო ამინდია. თავიდან ვიყინებოდით კიდეც დილა-საღამოობით, 15 გრადუსი იყო. ცხადია, მოკლესახელოიანში გვციოდა, თორემ ერთი თხელი ჟაკეტი ყველა პრობლემას ხსნიდა. ახლა ჩამოცხა, მაგრამ დღისით 25 გრადუსზე მეტი არ ყოფილა. კი, სტადიონი შეიძლება გააგრილო, მიკროკლიმატი შექმნა, გადახურო, მაგრამ ჩემპიონატი ხომ მარტო სტადიონი არაა, მთელ ქვეყანას ხომ ვერ გადახურავ და გააგრილებ. ამიტომ მგონია, რომ ეს საკითხი ბუნებრივად გადაწყდება - ზამთრის სასარგებლოდ.
- საქმე რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყდეს და ასე იქნება თუ ისე, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ!
ყატარის მუნდიალის ძირითადი მახასიათებელი იქნება კომპაქტურობა. ჩვენ, მაგალითად, 10 დღეში მოვახერხეთ ოცდაოთხივე გუნდის ნახვა. არა, 23 გუნდის - საუდის არაბეთი ვერ ვნახეთ და ამისათვის დაგვჭირდა ავტობუსის ერთი მარშრუტი და მაქსიმუმ, საათნახევრის მგზავრობა, ისიც, თუ ქალაქში საცობი იყო ან გამოუცდელ მძღოლს გზა შეეშლებოდა. საცობები ნაკლებად, მაგრამ აქ ყოველ ნახევარ კილომეტრში გზაჯვარედინია, სადაც წითელზე შეიძლება სამი წუთი იდგე. შეიძლება შენთვის საჭირო შენობა ქუჩის გადაღმა იყოს, მაგრამ პირდაპირ ვერ გადაუხვევ, საკმაოდ შორიდან უნდა შემოუარო. ცოტათი ქალაქიდან გასვლა ჭირს, თორემ მერე 10 წუთში დუჰაილში ხარ და იქიდან 15 წუთში - ლუსაილში.
ეს პრობლემა აღარ იქნება, როდესაც გაიყვანენ ჩქაროსნულ მატარებელს. და მუნდიალის ყველაზე შორეული წერტილი არის ქალაქი ქვეყნის ჩრდილოეთში - მადინატ აშ შამალი - დოჰადან დაახლოებით 100 კილომეტრში. ჩემპიონატისთვის შვიდი ქალაქია შერჩეული ქვეყნის შვიდივე მუნიციპალიტეტიდან, მაგრამ სინამდვილეში ხუთი სხვა ქალაქი დოჰას შემოგარენშია, მაქსიმუმ 50 კილომეტრში. მათგან ოთხი აღმოსავლეთ სანაპიროზეა: სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ - სკრა-აგარა-ქარელი-გორი არა და დისტანცია დაახლოებით იგივეა - ვაკრა-დოჰა-ლუსილი-ხორი. ორი ქალაქიც აღმოსავლეთითაა, უდაბნოში - უმ სალალი და ალ რაიანი. ჩვენ სწორედ ალ რაიანის ქუჩაზე ვცხოვრობთ და ყოველ დილით ვხედავთ ანძა-სასტუმროს, ესპაირ თაუერს, რომელიც ყატარის ეროვნული სტადიონის, ხალიფა ინტერნეიშენალის გვერდითაა.
დოჰაში იქნება თორმეტიდან ხუთი სტადიონი. მათ შორის, ხალიფა, რომლის ტევადობა 68 ათასამდე გაიზრდება. უფრო სწორად, თავდაპირველი განაცხადი 12 სტადიონზე იყო შეტანილი და ამ მომენტისთვის შენდება ხუთი - ხალიფა, ალ ვაკრა, ალ ბაითის სტადიონი ალ ხორ-სიტიში, ალ რაიანის არენა და Qatar Foundation Stadium - აქედან ორს რეკონსტრუქცია უტარდება. შესაბამისად, მხოლოდ ამ ხუთი არენის მაკეტები გვანახეს. დანარჩენები პროექტირების სტადიაშია და, როგორც პრეზენტაციაზე გვითხრეს, მუნდიალის სტადიონების გეოგრაფია ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არცაა. დაიყარა ხმები რომ ყატარი ამხელა ტურნირს ვერ აუვა და ცოტას მეზობელ ქვეყნებსაც უწილადებს, მაგალითად, საუდის არაბეთსო, მაგრამ მშვენივრადაც აუვა. ხელბურთს აუვიდნენ და ფეხბურთზეც იგივეს იზამენ.
არის ერთადერთი პრობლემა, რომლის შესახებაც კითხვა პრეზენტაციაზე ყველაზე ხშირად ისმოდა - ესაა ჩემპიონატის მომსახურე პერსონალის, მეტადრე კი სტადიონების მშენებლების ყოფითი და სოციალური პირობები. პერსონალი თითქმის 100 პროცენტით ღარიბი ქვეყნებიდან ჩამოსული უცხოელია და მათი მუშაობისა და ცხოვრების პირობები ეჭვებს აჩენს.
- როგორია უსაფრთხოების ნორმები? - შესანიშნავი. ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე 7 მუშა დაიღუპა, ჩვენთან, მადლობა უფალს, ჯერ არავინ მომკვდარა. - დღეში რამდენი საათი მუშაობენ? - მაქსიმუმ, 10-11 საათი, 8 საათის ზემოთ დამატებით ანაზღაურებას იღებენ. ყველაფერი ჩვენი შრომის სამინისტროს უმკაცრესი კონტროლის ქვეშაა. - ხელფასი როგორი აქვთ? - გააჩნია კვალიფიკაციას. ხელფასის საკითხი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური და კონფიდენციალურია!
გააჩნია, ვინ რამდენად ღარიბი ქვეყნიდანაა და ვის რამდენად უღირს მუშაობა. დელიკატური საკითხია და საკმაოდ ძნელად გამოსაკვლევი ჟურნალისტისთვის, რომელიც ოციოდ დღითაა ჩამოსული სრულიად კონკრეტული საქმისთვის - ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გასაშუქებლად. სიტყვაზე ვენდობით.
პრეზენტაცია დასრულებულია. წერტილს სვამს ბატონი თენგიზ გაჩეჩილაძე. ლელოს მთავარი რედაქტორი სუვენირს გადასცემს ორგკომიტეტის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორს, ნასერ ალ ხატერს. - ჯორჯია? თბილისიდან ხართ? ძალიან სასიამოვნოა. ჩვენთვისაც სასიამოვნოა, ატლანტიდან რომ არ ვგონივართ.
ჩემპიონატის მთავარი არენა, 86-ათასიანი სტადიონი კი იქნება ლუსაილში, იგივე ლუსილში, მომავლის ქალაქში, რომელშიც ჯერ მხოლოდ ხელბურთის არენაა შუაგულ უდაბნოში. მომავალ არენას კი ჰქვია ლუსაილის ხატოვანი სტადიონი, თუ ლუსაილის ხატება.
მამუკა ჩიხლაძე, geohandball.ge
სპეციალურად, ყატარიდან