ჭადრაკი

17:05 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

საჭადრაკო აკადემიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

2015 წლის იანვრიდან თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. მოხდა სასწავლო პროცესის და მწვრთნელთა კადრების რეორგანიზაცია.

აკადემიაში მიმდინარე სიახლეებზე სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელი, საერთაშორისო დიდოსტატი ვალერი გაფრინდაშვილი ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახურს ესაუბრა.

„25 იანვარს თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიაში გაიმართა დამწყებ მოჭადრაკეთა მიღების პირველი ეტაპი. შერჩევაში მონაწილეობის მიღება 5-7 წლამდე ასაკის ყველა მსურველს შეეძლო.
ჩვენი მიზანია ადრეულ ასაკში აღმოვაჩინოთ პატარა ტალანტები და თავიდანვე სწორად წარვმართოთ მათი საჭადრაკო აღზრდა. შერჩევითმა ტურმა ხარისხობრივად კარგი შედეგი გვიჩვენა. საკმაოდ ბევრი ნიჭიერი პატარა გავიცანით და ვიმედოვნებთ შესაბამისი წვრთნის პირობებში მაღალი შედეგების მიღწევას.

რაც შეეხება სასწავლო პროგრამას, გეტყვით რომ აკადემიაში იფუქციონერებს სხვადასხვა დონის ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტდება შესაბამისი დონის ბავშვებით და მათ კონკრეტულად ეცოდინებათ რა სახის ცოდნას მიიღებენ ამა თუ იმ საფეხურზე.

წელიწადში ორჯერ მოხდება მოსწავლეთა ტესტირება სადაც გამოვლინდება თუ რა დონეზე აითვისა განვლილი მასალა თითოეულმა ბავშვმა. მოხდება წარმატებულთა გამოვლენა და მათი გადაყვანა მაღალ სასწავლო საფეხურზე. ყოველი ტესტირების შემდეგ გამოცხადდება მოსწავლეთა ახალი ნაკადის მიღება.

აქვე, ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვით, რომ გარდა დამწყები ჯგუფებისა, აკადემიაში წვრთნას გაივლიან 8-12 წლამდე ასაკის წარმატებული მოჭადრაკეები. მათ ინტენსიური მეცადინეობები ჩაუტარდებათ საერთაშორისო წოდების მქონე კვალიფიცირებულ მწვრთნელებთან.

ორიოდ სიტყვას რეგიონებზეც გეტყვით. აკადემიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია რეგიონებში ნიჭიერ ბავშვთა აღმოჩენა და მათი წვრთნის პროცესის უზრუნველყოფა.
ამიტომ, ჩვენ შევარჩიეთ მწვრთნელთა ჯგუფი, რომლებსაც დაევალათ რეგიონებში აკადემიის სასწავლო პროგრამის განხორციელება.

ვფიქრობ, ესეთი კოორდინებული მუშაობის შედეგად ჩვენ მოგვეცემა საშუალება ქართულ საჭადრაკო სამყაროს ღირსეული თაობა აღვუზარდოთ.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრესსამსახური

0.116045