25 იანვარს ვორარლბერგში (ავსტრია) ოფიციალურად გაიხსნა რიგით XII ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. შეჯიბრებები სპორტის 8 სახეობაში ტარდება, რომელთაგან რაღაც ნაწილი დისციპლინებისა ლიხტენშტეინშიც იმართება.
26 იანვარს, პირველ საშეჯიბრო დღეს საქმეში ფესტივალში მონაწილე ოთხივე ქართველი სპორტსმენი ვიხილეთ, რომელთაგან საუკეთესო შედეგი ფიგურულად მოციგურავე ირაკლი მაისურაძემ აჩვენა, თუმცა ჯერ დანარჩენებზე ვთქვათ.
სამთო-სათხილამურო სპორტში, კონკრეტულად კი გიგანტურ სლალომში ძალები ბესარიონ ჯაფარიძემ და გახსნის ცერემონიალზე ჩვენი გუნდის მედროშე გიორგი კურტანიძემ მოსინჯეს.
სამწუხაროდ, მათ ძალზედ სუსტად იასპარეზეს. ჯაფარიძე 93-ე ადგილს დასჯერდა, ხოლო კურტანიძე სულაც 101-ე გახლდათ. 29 იანვარს, ქართველი მოთხილამურეები ბედს სლალომში ცდიან.
სნოუბორდში ლუკა რურუა შეჯიბრს 1/8 ფინალიდან გამოეთიშა.
პირველად, 1997 წლის შემდეგ არის შანსი საქართველოს ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მედალი მოიპოვოს. 18 წლის წინ შვედეთში ვახტანგ მურვანიძე ვერცხლს დაეუფლა და ახლაც საპრიზო სამეულში მოხვედრის შესაძლებლობა კვლავ ფიგურულ ციგურაობაში გვაქვს.
ირაკლი მაისურაძემ მოკლე პროგრამაში თავი დამაჯერებლად წარმოაჩინა და თავისუფალი ასპარეზობის წინ მეხუთე პოზიციაზეა. ჩვენებურმა მსაჯებისგან 56.49 ქულა დაიმსახურა და საპრიზო ადგილს, რომელსაც ამჟამად 62.66 მაჩვენებლით რუსი დიმიტრი ალიევი იკავებს, 4 ქულა აშორებს.
თავისუფალი პროგრამით ასპარეზობა 28 იანვარს გაიმართება და იმედი ვიქონიოთ, რომ ირაკლი მაისურაძე საქართველოს ესოდენ ნანატრ მედალს მოუტანს.
www.geonoc.org.ge