მიხეილ ქორქია-ზურაბ საკანდელიძის მემორიალის პირველი ტურის მესამე შეხვედრაში ქვეყნის ვიცეჩემპიონი, თასისა და სუპერთასის მფლობელი „ქუთაისი-2010“ ახალგაზრდა კალათბურთელებით დაკომპლექტებულ „ოლიმპთან“ 61:80 დამარცხდა.
მიმდინარე ჩემპიონატში ქუთათურები ლიდერ „დინამოს“ ქულით ჩამორჩებიან, ხოლო „ოლიმპი“ მე-6 ადგილზე იმყოფება. 24-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ, ორივე გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. „ქუთაისი-2010“ სხვადასხვა მიზეზით გიორგი ცირეკიძემ და ბექა ბექაურმა დატოვა, ხოლო გუნდში ოთო ბულიავა აიყვანეს. რაც შეეხება „ოლიმპს“, გუნდში აღარ ირიცხებიან ირაკლი ალხანაიძე და ზვიად ანთაძე. მათ ნაცვლად „ოლიმპში“ ადგილი სერბმა ლეგიონერმა ცენტრალურმა თავდამსხმელმა მარკო დუშკოვიჩმა და „ქუთაისი-2010“-ის აწ უკვე ყოფილმა კალათბურთელმა ცირეკიძემ დაიკავეს.
როგორც შემადგენლობიდან, ისე მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ფავორიტად „ქუთაისი-2010“ ითვლებოდა. თამაშის დაწყებიდან პირველივე წუთების შემდეგ მოვლენები პროგნოზების საპირისპიროდ განვითარდა. „ოლიმპმა“ სწრაფი შეტევებით მალე შეძლო დაწინაურება, ბოლომდე შეძლო მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და საბოლოოდ, დიდი ანგარიშით 80:61 იმარჯვა.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 26 ქულა, "ოლიმპის" უკანახაზელმა ნოდარ გოგოძემ დააგროვა. მის თანაგუნდელ სერბ ლეგიონერს დუშკოვიჩს კი ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა, მან 13 ქულა შემატა გუნდს. ქუთათურების შემადგენლობაში ყველაზე მეტი 15 ქულა მძიმე ფორვარდ ბარბაქაძის ანგარიშზე დაფიქსირდა.
ამჟამად მიმდინარეობს მემორიალის პირველი ტურის ბოლო შეხვედრა, სადაც ერთმანეთს „შსს-აკადემია“ და „ბათუმი“ ხვდებიან.