ფეხბურთი

18:59 | 25.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ღირსსახსოვარი ეპიზოდები

ფეხბურთი უცნაური რამაა. კაცმა შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში ათასობით მატჩი ნახოს, მაგრამ რომელიმე მნიშვნელოვანი საფეხბურთო სეზონიდან მხოლოდ ერთი საუცხოო პასი, დრიბლინგი ანდა უცნაურად დარტყმული ბურთი დაამახსოვრდეს. გავიხსნებოთ აბა. განა ყველა ასე არ ვართ?

ფეხბურთი პირველყოვლისა ცალკეული ეპიზოდებისაგან შედგება და ეს ეპიზოდები შესაძლებელია, ერთი შეხედვით არასაფეხბურთოც კი იყო. თუკი ვინმეს სუარესის კბენა, მატერაცის მუცელში შეჩრილი ზიდანის შუბლი, ანდა ლუიშ ფიგუსათვის ტრიბუნიდან გადაგდებული ღორის თავი უმნიშვნელო რამ ჰგონია, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ მომავალში შეიძლება ვერც წელიწადი გავიხსენოთ და ვერც სეზონი, თუ როდის მოხდა ეს ამბები, თუმცა საკუთრივ ასეთ მომენტებს ალბათ არასოდეს დავივიწყებთ.

ალბათ სწორედ ამიტომაც, ფეხბურთი არასოდეს ყოფილა და იმედია, არც იქნება 90-წუთიანი რუტინა, როდესაც 22 გადარეული ერთ ბურთს დასდევს და როგორც ფეხბურთზე გამწყრალ ადამიანებს უყვართ ხოლმე თქმა: “რა ყრია ამ ყველაფერში?..“ ფეხბურთი ზეთისხილივითაა – ან ძალიან უყვართ ანდა სასტიკად ეჯავრებათ და კონკრეტულ ადამიანებზეა დამოკიდებული, ამ სიძულვილს როგორ გამოამჟღავნებენ. თუმცა ამ შემთხვევაში სხვა რამაა მნიშვნელოვანი.

თბილისის “დინამოს“ უფროსი თაობის გულშემატკივრებისაგან ალბათ ყველას მოგვისმენია საუბრები 60-იანი წლების ლეგენდარულ “დინამოზე“ და იმაზეც თუ რა სასწაულებს აკეთებდნენ მიშა მესხი და სლავა მეტრეველი. თუკი ამას ამბობენ, იმასაც ამატებენ, ქომაგებიდან ვინ “მესხისტი“ იყო და ვინ “მეტრეველისტი“ და ეს ქომაგები ხშირად სტადიონის ტრიბუნებზე ორივე მხარეს ყიდულობდნენ ბილეთებს, რათა საყვარელი ფეხბურთელის ფრანგზე თამაში ორივე ტაიმში კარგად ენახათ. არაერთხელ მითხოვია ამ ხალხისათვის ბედნიერი 1964 წლის გარდა (როდესაც “დინამოს“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა როგორც იქნა ეღირსა) ზუსტად გაეხსენებინათ თუნდაც ერთი სეზონი და კონრეტული მატჩები, მაგრამ სამწუხაროდ ამ ამბების გახსენება უჭირთ. აი, ცალკეული ეპიზოდები კი იცოცხლეთ, უამრავი ახსოვთ. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ უმთავრესი ცალკეული ამბებია და ფეხბურთიც ალბათ სწორედ ამიტომაცა სპორტის გამორჩეული სახეობა.

რამდენიმე წლის წინათ, როდესაც ლეგენდარულმა რობერტო ბაჯომ საბოლოოდ გადაწყვიტა ფეხბურთიდან წასვლა და ბუცები კედელზე დაჰკიდა, ერთი თბილისელი ბიჭი მიმტკიცებდა, ჩემი ახლობელი იტალიაში ცხოვრობს და იმან მითხრა, რომ ბაჯოს თამაში კიდევ შეეძლო, მაგრამ რაკი იგი ბუდისტი გახდა, ბუდისტმა ბერებმა ურჩიეს, ფეხბურთისათვის თავი დაენებებინა და ბაჯომ მათ ხათრი ვერ გაუტეხაო. ამ ამბის რეალურობაში მაშინვე შემეპარა ეჭვი და შემდეგშიც გადავამოწმე. რასაკვირველია აღმოჩნდა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა და რობერტოს კარიერის დასრულებაში ბუდისტ ბერებს არანაირი “წვლილი“ არ მიუძღვოდათ. მაშ რატომ მითხრა იმ ბიჭმა მსგავსი რამ? ადრე მიჭირდა ამაზე პასუხის პოვნა, ახლა კი თითქოს ყველაფერი ცხადი გახდა. რიგითმა ქართველმა ქომაგმა იცოდა მაგიური სამი სიტყვა: “ბაჯო ბუდისტი გახდა“ და ამ სამი სიტყვის შემდეგი მოვლენები უკვე მარტივად აიხსნება. ბუდისტი გახდა? მაშინ ბუდისტ ბერებსაც იცნობს. ბერებს იცნობ? მაშინ მათ რატომ უნდა მოსწონდეთ ფეხბურთელი, როდესაც თავად არასოდეს თამაშობენ ფეხბურთს?.. ჰოდა აიგო ეს ამბავიც ასე მარტივად და უბრალოდ – ბაჯოს ბუდისტმა ბერებმა ფეხბურთისათვის თავის დანებება ურჩიეს... სისულელე!

ზოგიერთები წუწუნებენ, რომ ფეხბურთი თანდათან კარგავს სახეს და უფრო და უფრო ემსგავსება ბიზნესს. შესაძლებელია ამ ხალხის შიშები გამართლებულიცაა, მაგრამ ახლა ვიხსენებდი და აღმოვაჩინე, რომ წინა ზაფხულში გამართული მუნდიალიდან მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თვეა გასული, ყველაზე მეტად ლეო მესის დამჟავებული სახე და სუარესის ნაკბენი მახსენდება. ეპიზოდები ეძახეთ თქვენ და...

0.115748