საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა “გვახარიას თასზე” გამოსვლა წარუმატებლად დაასრულა, თუმცა როგორც ნაკრების წევრები აღნიშნავდნენ, ტურნირი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მოსამზადებლად იყო განკუთვნილი.
დღეს საწყალოსნო კომპლექს “ოლიმპიკში” მიმდინარე ტურნირის დასკვნითი მატჩები გაიმართა. რუსეთის ნაკრებმა ქართველი სპორტსმენები 19-10 დაამარცხდა, რუსებმა ტურნირის ყველა მატჩი დამაჯერებლად მოიგეს, შესაბამისად პირველი ადგილი დაიკავეს.
მეტოქე გუნდის მოთამაშეებმა რამდენჯერმე ლამაზი კომბინაციიით გაგვიტანეს გოლები, თუმცა იყო რიგი ეპიზოდები, სადაც რუსები ქართველებმა დავჩაგრეთ.
რუსეთისა და საქართველოს ნაკრებთა დაპირისპირებამდე გაიმართა ყაზახეთისა და თურქეთის დაპირისპირება. ყაზახეთი მხოლოდ რუსეთთან დამარცხდა, გუშინდელ და დღევანდელ შეხვედრებში კი გამარჯვებები მოიპოვა და მეორე ადგილზე გავიდა. მესამე ადგილი თურქეთმა დაიკავა გამომდინარე იქიდან, რომ მათ მასპინძელი გუნდის დამარცხება შეძლეს. შესაბამისად მეოთხე ადგილზე ჩვენი გუნდი გავიდა.
შესაძლოა არაკორექტული იყოს ორგანიზაციულ საკითხებზე ყურადღების გამხვილება, მაგრამ ტურნირის არც ერთ შეხვედრაში არ ყოფილა გუნდების განაცხადი. იმედი გვაქვს ორგანიზატორები შემდეგი შეხვედრებისთვის გამოასწორებენ ამ პრობლემას. შეგახსენებთ შემდეგი მატჩები საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს თებერვლის თვეში ელის, როცა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაიწყება.