მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ იანვრის სუპერტურნირი მაქსიმალური შედეგით (ძიონ-შო) დაასრულა. “თეთრმა ფენიქსმა” მე-15 გამარჯვება ასევე იოკოძუნა კაკურიუსთან იზეიმა, თანაც, ამ ბრძოლას ჰაკუჰოს მამა – ლეგენდარული მონღოლი სუმოიოსტი ჟიგჟიდინ მუნხბატიც ესწრებოდა.
ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ჰაცუ ბაშოს დასკვნითი დღე (სენსიურაკე) წარმატებული გამოდგა ქართველი სეკიტორებისთვის. ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში დასავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინმა აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა კიოკუტენჰოს იორიკირით სძლია.
შედეგად, ლევან გორგაძემ ტურნირი 6 მოგებით და 9 მარცხით დაასრულა და მცირე უკუსვლა ელის.
სამაგიეროდ, მაკუუჩიში დაბრუნდება გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელმაც რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში 11 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა.
ბოლო ბრძოლაში ქართველმა გოლიათმა ძურიოს ჩემპიონ კიტატაიკის იორიკირით აჯობა. ელიტაში დაწინაურებაც სწორედ ამ ორმა სუმოისტმა გაინაღდა.
განახლებული რეიტინგი 23 თებერვალს გამოქვეყნდება, მომდევნო ბაშო კი 8-22 მარტს ოსაკაში შედგება.
ჰაცუ ბაშოს მე-15 დღის მიმოხილვა. ტოჩინოშინის ორთაბრძოლა 6:45-დან