იტალიის სერია A-ში მეორე წრე დაიწყო. მე-20 ტურის ორი სასტარტო შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობებით წარიმართა და მათივე გამარჯვებებით დასრულდა. “კალიარიმ” “სასუოლოს”, ხოლო “ლაციომ” “მილანს” აჯობა.
საშველი ისევ არ დაადგა “მილანს”. “როსონერიმ” ამჯერად კონკურენტ “ლაციოსთან” წააგო. არადა, მატჩი სტუმართათვის კარგად დაიწყო და უკვე მე-4 წუთზე დაწინაურებაც შეძლეს. თავი გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა ფრანგმა ჟერემი მენეზმა გამოიჩინა. მენეზმა ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, საჯარიმოში დაუბრკოლებლად შევიდა და მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა. ფილიპო ინძაგის გუნდმა პირველი ტაიმის მოგება შეძლო, თუმცა მეორე ნახევრის საწყის ექვს წუთში ორი გოლი გაუშვა, რამაც საბოლოოდ თამაშზე გარდამტეხი გავლენა იქონია. ანგარიში ჯერ მარკო პაროლომ გაათანაბრა, ვინაც მიროსლავ კლოზეს გადაცემას კარგად და დროულად გამოეხმაურა. ოთხ წუთში კი უკვე თავად გერმანელმა თავდამსხმელმა იხეირა. კლოზე რიკარდო მონტოლივოს უყურადღებო თამაშის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა და ადვილად გაიტანა. შეხვედრას წერტილი მატჩის დასრულებამდე ათი წუთით ადრე ისევ პაროლომ დაუსვა. იტალიის ნაკრების შუახაზელმა ანტონიო კანდრევას დაწყებული კონტრშეტევა დააგვირგვინა. “ლაციომ” მოპოვებული გამარჯვებით 34 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე აღზევდა, ხოლო “მილანი” მეცხრე პოზიციაზე დარჩა 26 ქულით.
იტალიის სერია A-ს მეორე წრე “კალიარისა” და “სასუოლოს” მატჩით დაიწყო. სარდინიელები, როგორც ჩანს ახალი თავკაცის ხელში ნელ-ნელა გონზე მოდიან. ჯანფრანკო ძოლას ხელმძღვანელობით კუნძულელებმა ზედიზედ მესამე შეხვედრაში არ წააგეს. ამჯერად, “კალიარიმ” დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა. ანგარიში მე-20 წუთზე ცენტრალურმა მცველმა ლუკა როსეტინიმ გახსნა, რომელმაც კუთხურის შემდეგ საჰაერო ორთაბრძოლა ყველას მოუგო. სტუმრებმა წონასწორობა მეორე ნახევარში აღადგინეს. მთავარ როლში კვლავაც როსეტინი მოგვევლინა, ვინაც ამჯერზე საკუთარი კარი დალაშქრა. მასპინძლებმა სამი ქულის მოპოვება მაინც მოახერხეს. 79-ე წუთზე თავი შეცვლაზე შესულმა ახალგაზრდა ფინელმა თავდამსხმელმა კოპმა გამოიჩინა, რომელმაც მეკარე ანდრეა კონსილის ერთი შეხებით გაუტანა. ამ გამარჯვებით “კალიარიმ” 19 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია, ხოლო “სასუოლო” 25 ქულით ისევ მე-11 პოზიციაზეა.
“კალიარი” – “სასუოლო” 2:1 (1:0)
კალიარი, “სანტ ელია”
“კალიარი” (4-3-1-2): ბრკიჩი; კაპუანო, როსეტინი, გონსალესი, აველარი; კრესეტიჯი, გალვაო (ფარიასი 68), დესენა; დონსა (საუ 75); ეკდალი, ლონგო (კოპი)
მწვრთნელი: ჯანფრანკო ძოლა
“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, აჩერბი, კანავარო, გაცოლა; მანიანელი (პავოლეტი 85), მისიროლი, ბრიგი (ფლოკარი 69); ბერარდი, ძაძა, სანსონე (ფლორო ფლორესი 62)
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო
გოლები: 1:0 როსეტინი (20), 1:1 როსეტინი (76, ა.გ), 2:1 კოპი (79)
გაფრთხილება: კაპუანო (31), როსეტინი (57), გალვაო (57), ეკდალი (81) – აჩერბი (35, 88), ძაძა (61), ფლორო ფლორესი (78)
გაძევება: აჩერბი (88)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 8 (1) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 4:6 გაფრთხილება: 4:4 გაძევება: 0:1
მსაჯი: ჯანლუკა როკი
“ლაციო” – “მილანი” 3:1 (0:1)
რომი, “სტადიო ოლიმპიკო”
“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი (მაურისიო 69), სანა, რადუ; პაროლო, ბილია, კატალდი; მაური, კლოზე (ჯორჯევიჩი 74, კეიტა 83), კანდრევა
მწვრთნელი: სტეფანო პიოლი
“მილანი” (4-3-3): დიეგო ლოპესი; აბატე, მექსე, ალექსი, არმერო; პოლი (მუნტარი 83), მონტოლივო, ვან გინკელი (პაცინი 56); ბონავენტურა (ჩერჩი 52), მენეზი, ელშაარავი
მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი
გოლები: 0:1 მენეზი (4), 1:1 პაროლო (47), 2:1 კლოზე (51), 3:1 პაროლო (81)
გაფრთხილება: რადუ (3), ბილია (35), კატალდი (40), მაური (90) – ალექსი (3), პოლი (10), არმერო (43)
გაძევება: მექსე (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (6) – 2 (2) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 5:1 გაფრთხილება: 4:3 გაძევება: 0:1
მსაჯი: პაოლო მაცოლენი
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 13 გოლი, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 10, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 10, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 10, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 10.