მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციასთან (FIFA) თანამშრომლობა კიდევ სამმა ცნობილმა კომპანიამ Castrol-მა, Continental-მა და Johnson&Johnson-მა შეწყვიტა.
Sony-სა და Emirates-ის შემდეგ, რეგულარულად კორუფციულ სკანდალებში გახვეულ ორგანიზაციასთან ურთიერთობა კიდევ სამმა უდიდესმა სპონსორმა გაწყვიტა. ზემოთნახსენებმა კომპანიებმა დაადასტურეს, რომ კონტრაქტი, რომელსაც ვადა გასული წლის ბოლოს ამოეწურა, აღარ გაახანგრძლივეს.
არცერთ კომპანიას ურთიერთობის გაწყვეტის ოფიციალური მიზეზი არ დაუკონკრეტებია, თუმცა, ხუთივე მათგანმა ფიფასთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი მას შემდეგ განაცხადა, რაც ამ ორგანიზაციამ მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატების მასპინძლობის უფლება რუსეთსა და ყატარს გადასცა.
მთლიანობაში, ფიფა სპონსორებისგან ოთხწლიან ციკლში დაახლოებით მილიარდ გირვანქა სტერლინგს იღებს, მაგრამ ახლა საერთაშორისო ფედერაცია შემოსავლების დიდ ნაწილს დაკარგავს.