მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-ს ევროლიგაზე ვერავინ აჩერებს. მოსკოვურმა გრანდმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე ათივე მატჩი მოიგო, ტოპ-16-ში კი მე-4 შეხვედრაში იმარჯვა.
ცსკა-მ ამჯერად მალაგას “უნიკახას” უმასპინძლა და მეტოქე 101:74 გაანადგურა, ქართველი კალათბურთელი კი მოედანზე 09:02 წუთი გამოჩნდა და 3 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა.
მარკოიშვილმა ორქულიანი და ტექნიკური საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო, თანაც მოკლე დროში და ბერძენმა თავკაცმა დიმიტრის იტუდისმა სათამაშო დრო ამადაც შეუზღუდა.
მასპინძელთა რიგებში დიდებული შედეგი ჰქონდა ნანდო დე კოლოს, რომელმაც 7 ორქულიანი, 4 სამქულიანი და 2 საჯარიმო ესროლა და ყველა (!) ჩააგდო. ფრანგი უკანახაზელის საბოლოო მონაგარი 28 ქულა იყო.
გამოსარჩევია სერბი მილოშ ტეოდოსიჩის 13 ქულა და 14 პასიც, დემეტრის ნიკოლსმა და საშა კაუნმა კი 13-13 ქულა ჩააგდეს.
“უნიკახას” შემადგენლობაში ლიტველ მინდაუგას კუზმინსკასთან ერთად, ყველაზე შედეგიანი ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი უილ ტომასი იყო. ამერიკელმა ფორვარდმა 22:26 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
ტოპ-16-ის F ჯგუფში ცსკა ერთპიროვნული ლიდერია, თუმცა, ხვალ მისი დაწევა პირეოსის “ოლიმპიაკოსს” შეუძლია, რომელიც თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩას” დაუპირისპირდება. 23 იანვარსვე, ამავე ჯგუფში, ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდი” სტამბულის “ანადოლუ ეფესს” დაუხვდება.