ევროპის მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრები 2015 წლის ევრობასკეტის მოსამზადებელ ციკლში ათ საკონტროლო მატჩს გამართავს და სასიხარულოა, რომ მეტოქეთა შორის საქართველოს ეროვნული გუნდიც ეყოლება.
ქართულ-ფრანგული დაპირისპირება 21 აგვისტოს ქალაქ რუანში შედგება, იქვე, 20 აგვისტოს ქართველი კალათბურთელები ძველ ნაცნობ ბელგიას გაეჯიბრებიან, 22-ში კი სამთა ტურნირი სენტ კუენტინში საფრანგეთის და ბელგიის დაპირისპირებით დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები საფრანგეთში, კერძოდ კი, ანტიბის ტურნირზე 2013 ევროპირველობის მოსამზადებელ ციკლშიც იყო მიწვეული და მასპინძლებთან 71:86 დამარცხდა, მე-2 დღეს კი სერბეთს სენსაციურად სძლია – 75:71.
ამჯერად, “სამფეროვნები” პირველ საკონტროლო შეხვედრას 1 აგვისტოს ფინეთში გამართავენ, შემდეგ კი სერბეთთან (2 მატჩი), რუსეთთან, უკრაინასთან (2 მატჩი) და გერმანიასთან (2 მატჩი) თამაშები ელით.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2015 5-20 სექტემბერს გახლავთ დაგეგმილი და პირველად ისტორიაში ერთბაშად ოთხ ქვეყანაში ჩატარდება.
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მატჩებს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართავს და C ჯგუფში, მასპინძელთა გარდა, მეტოქეებად სლოვენია, საბერძნეთი, მაკედონია და ჰოლანდია ეყოლება.