გერმანიის ქალაქ კიოლნში სამენეჯერო კომპანია Sport Humanagement GmbH–ის დამფუძნებელი და დირექტორი ქართველი გიორგი ელიზბარაშვილია. მის შესახებ ქართველმა გულშემატკივარმა ცოტა რამ იცის, თუმცა მასთან ჩაწერილი ინტერვიუდან ბევრ რამეს გაიგებს. მისი სამენეჯერო კომპანია ამჟამად მხოლოდ ერთ ქართველ ფეხბურთელთან, ვატო მურჯიკნელთან თანამშრომლობს, თუმცა გერმანიის სახელმწიფო საერთაშორისო საფეხბურთო სკოლების აშენების პროგრამას განიხილავს, გიორგი ელიზბარაშვილს კი ამ პროგრამაში ქართველი ფეხბურთელების ჩართვა სურს.
სამენეჯერო კომპანიაში მუშაობის გარდა, ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებში ლოთარ მათეუსის ასისტენტად მუშაობდა, ამ პერიოდში ქართველმა მწვრთნელმა დაწერა სამწვრთნელო თემატიკის წიგნი “გლობალიზაცია ფეხბურთში.” ცნობილ გერმანელ ფეხბურთელებთან მისი მუშაობა მხოლოდ ლოთარ მათეუსით არ შემოიფარგლება, ამჟამად გიორგი ელიზბარაშვილი სამენჯერო კომპანია Sport Humanagement GmbH–ში ტომას ჰესლერთან ერთად მუშაობს.
ქართველი მწვრთნელის ცხოვრება გერმანიაში 2002 წლიდან იწყება, როცა კიოლნის სპორტის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო, მანამდე კი იყო თბილისის ფიზკულტურის უნივერსიტეტი. ამჟამად სამწვრთნელო განათლების პრაქტიკაში გატარებას კიოლნის კლუბ “კონიგსდორფის” 19-წლამდე გუნდში ცდილობს, სადაც გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია. ამ და სხვა თემებზე ესაუბრა “მსოფლიო სპორტი” გიორგი ელიზბარაშვილს.
- ფეხბურთს თამაშობდით?
- დიდი ფეხბურთი არ მაქვს ნათამაშები, ბავშვობაში ვთამაშობდი “ნორჩი დინამოელში” გელა გომელაურთან, შემდეგ სწავლა დავიწყე საქართველოს სპორტის აკადემიაში, დავამთავრე სპორტის აკადემია და 19 წლის ასაკში წავედი გერმანიაში.
- კიოლნის უნივერსიტეტში როგორ მოხვდით?
საბუთები ჩავაბარე, შემდეგ მივიღე მოწვევა, ამ მოწვევით ვიზა, წავედი გერმანიაში, ჩავაბარე სპორტის გამოცდა, რომელიც არის ძალიან ძნელი, 85 პროცენტი იჭრება ამ გამოცდაზე და შემდეგ ენის გამოცდა. ყველა უცხოელმა აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს ენის გამოცდა. ჩავაბარე და გავხდი სტუდენტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და სახელოვან უნივერსიტეტში.
- თქვენს შემდეგ ვინმე ქართველმა ჩააბარა ამ უნივერსიტეტში?
- მიხეილ კახიშვილმა. ამჟამად გერმანიაში მოღვაწეობს, ამ ეტაპზე მუშაობს ერთ-ერთ ძალიან დიდ ფიტნეს ცენტრში. ძალიან კარგი სპეციალისტია, მწვრთნელთა ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და “ა” ლიცენზიის მფლობელია.
- “კიოლნის” საფეხბურთო სკოლაში როგორ მოხდა თქვენი ჩარიცხვა? უცხოელისთვის ხომ უფრო რთული იქნება იქ მოხვედრა?
- 2 წელი მომიწია ბავშვებში მუშაობა. კონკურენცია რა თქმა უნდა დიდია, რადგან ვინც ფეხბურთის სპეციალობით სწავლობს ყველას უნდა. მივედი, ვესაუბრე ხელმძღვანელობას და ასე ჩავირიცხე “კიოლნის” საფეხბურთო სკოლაში. როცა ენას კარგად ფლობ, ამ დროს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, გერმანელი ხარ თუ უცხოელი.
როგორც მწვრთნელი ძალიან ბევრს სწავლობ. თვეში რამდენჯერმე გვიტარდებოდა სემინარები, რომელსაც “კიოლნის” მთავარი მწვრთნელი ან მისი ასისტენტი ატარებდნენ. ასევე იწვევდნენ გერმანიის ფეხბურთის ფედერაციიდან სხვადასხვა გამოცდილ მწვრთნელებს. როდესაც პრაქტიკაზე გადადიხარ კარგად ხვდები, რაზეც არის საუბარი თეორიაში.
- 2006 წლის ივნისში მუშაობდით ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე FIFA-ს საორგანიზაციო კომიტეტში. რა ფუნქციებს ასრულებდით?
- კიოლნის სტადიონზეც ხომ ჩატარდა თამაშები და მაგ პერიოდში ვმუშაობდი მწვრთნელად “კიოლნის” საფეხბურთო აკადემიაში. ფიფამ მიმართა კიოლნის საფეხბურთო აკადემიას საორგანიზაციო საკითხებში დასახმარებლად. კერძოდ, თამაშის მოსამზადებელ საორგანიზაციო საკითხებზე მომიწია ზრუნვა. უამრავი სტუმარი, გულშემატკივარი ესწრებოდა მატჩებს, მათი კოორდინირების გარდა მევალებოდა პრესასთან ურთიერთობა.
- ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ინტერნეტ-მაღაზია “ამაზონის” ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულია თქვენსა და ვალენტინ პენტჩევის მიერ დაწერილი წიგნი “გლობალიზაცია ფეხბურთში.” ამ წიგნის შესახებ საქართველოში არაფერი იციან.
- ბულგარეთში მუშაობის პერიოდში ახლო შეხება მქონდა მწვრთნელთა განათლებასთან. გარკვეული გამოცდილება მქონდა, როფორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ ევროპაში მუშაობის, შევადარე აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ევროპის მწვრთნელთა განათლება. თითქმის ყველა დონეზე ვიმუშავეთ, დაწყებული “ც” ლიცენზიიდან, “ბ”, “ა” და “პრო” ლიცენზიების ჩათვლით. საკმაოდ დიდი განსხვავებებია, განსაკუთრებით ეს ითქმის მწვრთნელთა მომზადების დონეზე. მაგლითად მწვრთნელი, რომელიც გერმანიის ბუნდესლიგის კლუბში გაივლის სტაჟირებას, გაცილებით დიდ ცოდნას იღებს, ვიდრე მაგალითად საქართველოს ჩემპიონატში. ამას საწყენად არ ვამბობ, ეს რეალობაა. მაგალითად, როდესაც მე გავდიოდი “ა” ლიცენზიის კურსებს, იურგენ კლოპი გადიოდა “პრო” ლიცენზიის კურსებს, ყველა მწვრთნელი იჯდა მერხთან და სწავლობდა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და სათაკილო ამაში არაფერია. სხვაგვარად ვერ განვითარდები. აღმოსავლეთ ევროპაში ამის გათავისება ჭირს.
- მოგიწიათ ურთიერთობა ტომას ჰესლერთან, ლოთარ მათეუსთან და სხვა ცნობილ გერმანელებთან. გერმანიაში უცხოეთიდან ჩასული ადამიანი რა გზას გადის?
- რა თქმა უნდა რთულია თავის დამკვიდრება, თუმცა აფრიკელი რომ ჩამოვიდეს საქართველოში, მისთვისაც რთულია ამ გზის გავლა. სხვადასხვა პრობლემებია, მაგალითად ენა არ იცი, გარკვეული ცოდნა მქონდა, მაგრამ არა ისეთი, რომ თავიდანვე ასეთ დონეზე დამეწყო მუშაობა. იმიტომაც გაგრძელდა სწავლის პროცესი.
იქ ჩასული ყველაფერს იწყებ ნოლიდან, უნდა გქონდეს მიზანი და შრომისმოყვარეობის ხარჯზე გარკვეულ შედეგს მიაღწევ, თუმცა ბევრი ადამიანი ჩადის მათ შორის საქართველოდან და ვერ უმკლავდება სიტუაციას. იმიტომ, რომ ცხოვრება ძვირია, თან უნდა მუშაობდე თან უნდა სწავლობდე, გამოცდებია ძნელია, ბევრი ვერ აბარებს ამ გამოცდებს. ადვილი პროცესი არ არის.
- 2010-2012 წლებში იყავით მენეჯერთა კომპანია “die sportmanufaktur GmbH” –ის მენეჯერი. ამ ორგანიზაციაზე რას იტყვით?
სწავლის დასრულების შემდეგ მათგან მივიღე წინადადება. მისი ყველაზე ცნობილი კლიენტი ლოთარ მათეუსია. იმ პერიოდში მათეუსი უმუშევარი იყო და რამდენიმე თვეში ჩემი კავშირებით ბულგარეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მე ბულგარულად თავისუფლად ვლაპარაკობ და მის ასისტენტად დავიწყე მუშაობა.
- როგორ ფიქრობთ, ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელი რითი ჩამორჩება გერმანელ ახალგაზრდას?
- ჯერ ვიტყვი რითი ვჯობივართ. დაბადებიდან რაც მოყვება ქართველ სპორტსმენს კერძოდ ფეხბურთელს – ნიჭი, ამითი ვჯობივართ. გერმანია ხომ არის 80 მილიონიანი ქვეყანა, საქართველო პატარა ქვეყანაა და შესაბამისად რესურსიც მცირეა, მაგრამ ნიჭი, ფეხბურთის თამაშის პოტენციალი 5-10 წლის ქართველ ბავშვებს უფრო მეტი აქვთ, ვიდრე გერმანელებს. ჩვენ რომ შევქმნათ ქართველების გუნდი ათ წლამდე, ისინი აჯობებენ გერმანელ თანატოლებს და მხოლოდ ნიჭის წყალობით მოუგებენ, მაგრამ შემდეგ მიდიხარ სხვა ეტაპზე, დაახლოებით 11-12 წლის ასაკიდან გჭირდება პროფესიონალური მიდგომა, გჭირდება გამოცდილი მწვრთნელები, პირობები, თეორიული მომზადება, სისტემური ფეხბურთი. გერმანიამ მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ სისტემამ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატი და არა ცალკეულმა ფეხბურთელმა. ბევრი ამბობდა პორტუგალიას რონალდუ ჰყავს, არგენტინას მესი, გერმანიას კი გუნდი. აი ამ გუნდურმა სისტემამ გაამართლა, რომელიც მათ ჩამოაყალიბეს 2001-2002 წლებში. გიოტცე, როისი, კროოსი – ესენი და კიდევ სხვები არიან ამ აკადემიის მოწაფეები, რომლებმაც გამოიარეს 10-12 წლიანი მომზადება მაღალ დონეზე.
ქართველ 15-18 წლის ფეხბურთელებს გერმანელ თანატოლებთან შეჯიბრება უჭირთ იმიტომ, რომ ტემპია ძალიან მაღალი. გერმანიაში ფეხბურთის თამაშის ტემპი ძალიან მაღალია. საქართველოში დიდი პრობლემაა ტაქტიკური მომზადება, რაც სამწუხაროდ მწვრთნელთა განათლებიდან გამომდინარეობს. ეს არც ბავშვების ბრალია და არც მათი მწვრთნელების. გერმანელი ბავშვი მინუსებიდან იწყებს, მაგრამ სისტემით, ტემპით დროდადრო წინ მიდიან, ჩვენთან კი პლიუსიდან უნდა გააგრძელონ და უკან-უკან მოდიან. სამწუხაროდ სისტემა არ არსებობს. სისტემას უნდა დრო, სისტემას უნდა ფული და სხვათაშორის ბევრი ფული არ უნდა.
რა თქმა უნდა ფული გერმანელებს აქვთ, მაგრამ ფულის სწორი ჩადებაა საჭირო. საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ერთი და იგივე რეცეპტით მიდის მუშაობდა. წელიწადში ერთხელ გამოჩნდება 2-3 ფინანსურად შეძლებული ადამიანი, რომელიც ყიდულობს რომელიმე კლუბს და რაღაც მინიმალურ დროში უნდა მაქსიმალური შედეგის მიღწევა. ეს მაქსიმალური შედეგი არ ჩანს, შემდეგ კი მიატოვებენ თავიანთ კლუბს და ეს გუნდი აღარ არსებობს, ანაც გაღატაკების დონეზეა მისული. ეს არის მენტალიტეტი, ეს არის ჩვენი სულსწრაფობა. როდესაც ფული ჩაიდება 5-7 წლიან გეგმაში და დავიწყებთ მუშაობას 12-13 წლის ფეხბურთელებთან, 7 წლის შემდეგ ისინი იქნებიან 19-20 წლისანი, აი იმდროიდან მივიღებთ შედეგს. გრძელვადიანი პროექტის მიზანი მხოლოდ კონკრეტულ შედეგს, მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის ან ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთჯერად მოხვედრას არ გულისხმობს, არამედ ისეთ შედეგს, რომელიც გრძელვადიანად გასტანს.
ყოველთვის უმჯობესია ვუყუროთ ფაქტებს. გასაგებია, რომ ქართველები ნიჭიერები ვართ, მაგრამ როდის იყო ბოლო გამარჯვება? 1981 წელს, დიუსელდორფის გამარჯვებას მუდამ ვიხსენებთ, გერმანელს რომ ჰკითხო, გეტყვის - 13 ივლისი უკვე დამავიწყდა, წინ დიდი ამოცანები გვაქვს, მესამე ადგილზე ვართ ჯგუფშიო.
სამწუხაროდ, ისინი ვისაც რესურსი ნაკლები აქვს, აღწევენ უფრო მეტს, ჩვენ კი, რესურსი გვაქვს და ვერაფერს ვაღწევთ.
- ფინანსურად ვინ უზრუნველყო გერმანიაში გატარებული პროგრამა? აღნიშნულ საქმეში ფული სახელმწიფომ ჩადო თუ კერძო პირებმა?
- რა თქმა უნდა სახელმწიფომ. ეს იყო სახელმწიფო პროგრამა. რაც შეეხება გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას, მას საკმაოდ ბევრი ძლიერი სპონსორი ჰყავს: “ადიდასი”, “მერსედესი” და სხვა. ყველაზე მთავარი, რაც შექმნეს, ეს იყო გეგმა. რა თქმა უნდა საჭიროა გარკვეული ფინანსები. წარმოვიდგინოთ, გვაქვს სახლის გეგმა, მაგრამ არ გვაქვს აგურის ფული. ვერ ავაშენებთ სახლს, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში ხშირად ისე ხდება, რომ აგურის ყიდვის ფული გამოიძებნება ხოლმე, მაგრამ არ არის გეგმა.
- საქართველოში წლების განმავლობაში არ არსებობდა სპორტის უნივერსიტეტი. ესეც ხომ სერიოზული პრობლემაა?
- რა თქმა უნდა. ამდენი წლის განმავლობაში არ არსებობდა, რაც ავტომატურად აისახება მომავალში. გამოჩნდება, რომ დაკარგული დროა, 4 თუ 5 წელი არ არსებობდა. პრაქტიკულად დაკარგულია კადრი, რომელიც ამ პერიოდში მიიღებდა განათლებას. სად უნდა ესწავლათ?
- ამჟამად საფეხბურთო კლუბ “კონიგსდორფის” 19-წლამდე გუნდს წვრთნით. რას იტყვით ამ გუნდში მოღვაწეობის შესახებ?
- 2010 წელს კიოლნში ტომას ჰესლერთან ერთად შევქმენი სააგენტო Sport Humanagement GmbH. პარალელურად ძლიერი გუნდის გაწვრთნას ვერ მოვახერხებდი, კიოლნის დატოვების უფლება არ მქონდა, ამიტომაც ამავე ქალაქის კლუბ “კონიგსდორფის” 16-წლამდე გუნდის მწვრთნელი გავხდი. გუნდი მეოთხე ლიგიდან ვარდებოდა, ჩემი მოსვლის შემდეგ კი მესამე ლიგაში გადავედით, ხოლო შემდეგ მეორე ლიგაში. “კონიგსდორფი” პატარა კლუბია, ძირითადი გუნდი სამოყვარულო ჩემპიონატში თამაშობს. ჩემდა სასიხარულოდ, ასაკობრივ ფეხბურთელთა გუნდი ანგარიშგასაწევ ძალად იქცა.
ასევე აღვნიშნავ იმას, რომ ჩვენს კლუბში ფეხბურთი ნაკლებად იყო განვითარებული, ჩოგბურთი და სხვა სპორტის სახეობები ფეხბურთზე წინ იდგა. დღესდღეობით ფეხბურთიც განვითარდა, მეორე ბუნდესლიგაში ვთამაშობთ 19-წლამდე ფეხბურთელთა შორის. როგორც ზევით ვთქვი, მივედი 16-წლამდე გუნდში, სადაც მყოფ ფეხბურთელებს მოვყვები დღემდე. რაც შეეხება პირველ ბუნდესლიგას, იქ დორტმუნდის “ბორუსიას” და სხვა ძლიერი გუნდების 19-წლამდე შემადგენლობები ასპარეზობენ, ხოლო ჩვენ ქვედა ლიგაში ვასპარეზობთ. პირველ ბუნდესლიგაში გადასვლა საკმაოდ რთულია.
- ევროპის ქვეყნებში ფსიქოლოგი უამრავ კლუბს ჰყავს. ბოლო წლებში საქართველოშიც ხშირად საუბრობენ კლუბში ფსიქოლოგის აყვანის საჭიროებაზე. თქვენ თავად თუ გყავთ ფსიქოლოგი და ზოგადად რას ფიქრობთ ამ თემაზე, შესაძლებელია მწვრთნელმა შეითავსოს ფსიქოლოგის ფუნქციები?
- პირადად მე ფსიქოლოგი არ მჭირდება გუნდში, რადგან ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ფსიქოლოგიას. სტუდენტობის დროიდან მოყოლებული ფსიქოლოგიაზე ბევრს ვკითხულობ. ფეხბურთელს შეუძლია ტექნიკა თითქმის 100 პროცენტამდე განავითაროს, ასევე ფიზიკური მომზადება, ტაქტიკური განვითარება იმ დონეზეა შესწავლილი, რომ შესაძლებელია მოთამაშის 100 პროცენტამდე განვითარება, მაგრამ ფსიქოლოგია, ტვინი ბოლომდე არ არის შესწავლილი, ვერ ჩაწვდნენ ამ საკითხს. ამიტომაც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ფსიქოლოგიას, ფეხბურთელებთან საუბარს. არ შეიძლება თითოეულ მოთამაშეს ერთნაირად მიუდგე. მაგალითად, ზოგიერთ ფეხბურთელს საქებარი ან კრიტიკული სიტყვა უნდა უთხრა პირადულ საუბარში. ასევე ფეხბურთელთა ნაწილს თამაშამდე ორი დღით ადრე უნდა უთხრა, რომ ამა და ამ პოზიციაზე ითამაშებს, ზოგს კი ათი წუთით ადრე. ფსიქოლოგიური მომზადება ძალიან ინდივიდუალურია. გუნდი არის მთლიანი ორგანიზმი. ადამიანის ორგანიზმი ხან საკვებს ითხოვს, ხან წყურია, ხან ცივა, ხან ცხელა. უნდა იგრძნოს მწვრთნელმა რა სჭირდება თითოეულ მათგანს.
- ლევან კობიაშვილს იცნობთ?
- დიახ.
- მასთან ხომ არ აპირებთ თანამშრომლობას?
- ლევანს ბოლოს ველაპარაკე დაახლოებით ერთი თვის წინ. დაგეგმილი გვაქვს, რომ იანვარში ან თებერვალში შევხვდეთ ერთმანეთს გერმანიაში. ამ ეტაპზე კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, ვნახოთ როგორ წარიმართება საუბარი.
- დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ქართული ფეხბურთის წარმატება შორეული პერსპექტივაა. რა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი?
- არსებობს რეგიონალური ფედერაციები. მათ პროფესიონალი ხელმძღვანელები უნდა ჩაუდგნენ სათავეში და შეიქმნას ბავშვთა აკადემიები. საქართველო პატარა ქვეყანაა და 5-6 აკადემიის არსებობა რეალურ შედეგს მოიტანს, თუმცა ეს არ მოხდება დღეს ან ხვალ. წარმატება მოვა რამდენიმე წელიწადში. 5-7 წელია ამისთვის საჭირო. საფეხბურთო აკადემიების არსებობისთვის აუცილებელია პირობები და პროფესიონალი მწვრთნელები. იმ შემთხვევაში, თუ მათი მოძებნა გაგვიჭირდება, არსებობს სხვა საშუალებაც. მაგალითად, ჩვენს დონეზე წარმატებული და ნიჭიერი მწვრთნელები გადავამზადოთ ინგლისის, გერმანიის და სხვა დასავლურ ევროპულ კლუბებში. ვიდრე ქართულ ფეხბურთში არ იქნებიან პროფესიონალი მწვრთნელები, დონე ვერ აიწევს. ეს მოიტანს რეალურ შედეგს, თუმცა ამ პროცესს, როგორც ფინანსურ ხარჯებს, ასევე სწავლის მიღებისა და მთლიანად მთელ პროცესს სჭირდება კონტროლი. კონტროლი აუცილებელია, მე ვიტყოდი სწორი მართვის აუცილებელი პირობაა.
- როგორც ვიცი გერმანიაში საერთაშორისო აკადემიების აშენების იდეა სახელმწიფო დონეზე გადაწყდა და ამ პროექტში ქართველი ფეხბურთელების ჩართვის სურვილიც გაქვთ.
- ამჟამად Sport Humanagement GmbH–ის დირექტორი ვარ და ჩემი სააგენტო აქტიურად მუშაობს ფეხბურთელთა ჩამოყვანის პროექტზე. დიახ, ეს სურვილი ნამდვილად არსებობს, ავიღოთ საუკეთესო ტალანტები, 15-დან 19 წლის ასაკამდე 10 საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი წავიყვანოთ გერმანიაში. შემიძლია ვთქვა, რომ მათგან რვა მოთამაშე ვერ მოიკიდებს ფეხს ბუნდესლიგის კლუბთა ასაკობრივ გუნდებში. რატომ? სჭირდებათ გარკვეული დრო ადაპტაციისათვის. ენის პრობლემა, მენტალიტეტის პრობლემა, ტაქტიკური განათლების პრობლემა, ამასთან სათამაშო ტემპს ვერ უღებენ ალღოს. გერმანიაში შეიქმნა იდეა, რომ სერბეთიდან, უკრინიდან, უნგრეთიდან და სხვა ქვეყნებიდან 3 ან 6 თვით ჩამოვიყვანოთ ფეხბურთელები გერმანიაში. მათ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაიარონ ეს ეტაპები, გამოცდილებამ გვანახა, რომ ამ პროგრამას შედეგი მოაქვს. რამდენიმეთვიანი პერიოდი იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩასულმა ფეხბურთელმა ნაკლოვანება აღმოფხვრას. ფეხბურთი შედგება მაგალითად ექვსი კომპონენტისგან: ტექნიკა, ტაქტიკა, ფიზიკური მომზადება,ფსიქოლოგიური მომზადება, სპორტული რეჟიმი და მენტალიტეტი, სამი კომპონენტი გაქვს, ორი არ გაქვს. სუსტი მხარეები რომ განავითარო გჭირდება დრო, რაც ორ კვირაში შეუძლებელია. ამჟამად ჩემს სააგენტოს ქალაქ კიოლნში ათი ფეხბურთელი ჰყავს ჩამოყვანილი სხვადასხვა კლუბებში, თუმცა მოთხოვნა დიდია. მოთხოვნის გაზრდას ზაფხულში გერმანიის 19-წლამდე და ეროვნული გუნდის გამარჯვებებმა შეუწყო ხელი, არაერთი ქვეყნიდან გვიკავშირდებიან, რომ მათი მოთამაშეები მოხვდნენ გერმანიის საერთაშორისო საფეხბურთო აკადემიებში.
ამჟამად ჩემი სააგენტო აქტიურად მუშაობს ფეხბურთელთა ჩამოყვანის პროექტზე.
- როდის იწყება აკადემიების მშენებლობა და ამჟამად განვითარების რა სტადიაზეა პროგრამა?
- გეტყვით. მაგალითად ქალაქ კიოლნის მუნიციპალიტეტმა საერთაშორი აკადემიის ასაშენებლად გამოყო ტერიტორია, 9 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. აზიელ ინვესტორებთან მოლაპარაკების პირველი ეტაპი გავიარეთ. სავარაუდოდ გაზაფხულიდან დაიწყება მშენებლობა. ეს არის გრანდიოზული გეგმა და გარკვეული პროცედურების გავლას მოითხოვს.
- ქართველი მოთამაშეები ხშირად აწყდებიან ვიზის პრობლემას. სახელმწიფო პროგრამა გაადვილებს ქართველი ფეხბურთელების ჩაყვანას გერმანიაში?
- რა თქმა უნდა. ქართველი ფეხბურთელის მთავარი პრობლემა ვიზაა, თუმცა საერთაშორისო აკადემიას გერმანიის სახელმწიფო მისცემს მოთამაშის ჩაყვანის უფლებას. ეს პროცესი გამარტივდება. ვერ ვიტყვი, რომ ადვილი პროცესი იქნება, მაგრამ მკვეთრად გამარტივდება.