ფეხბურთი

17:04 | 19.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მხოლოდ ლორიამ ოფი-ს ვერ უშველა

საბერძნეთის საფეხბურთო სუპერლიგის მე-19 ტურში, კრეტას ოფი, სადაც მეკარე გიორგი ლორია და შემტევი ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი გამოდიან, სტუმრად “ვერიასთან” 1:4 დამარცხდა.

ლორიამ შეუცვლელად ითამაშა და 31-ე წუთზე, როდესაც კრეტელები 0:1 აგებდნენ, პენალტი მოიგერია. ქართველი მეკარე სათამაშოდ 100 პროცენტით მზად არ იყო, მაგრამ გუნდის ინტერესი უფრო წინ დააყენა. გიორგი მერებაშვილს კლუბში გარკვეული პრობლემები აქვს და პრეზიდენტ ნიკოს მახლასთან შეხვედრას და საუბარს აპირებს. ოფი-ს ფეხბურთელების ვალი აქვს და ამიტომ გუნდს 6 ქულა დააკლეს. ამჟამად, კრეტელები 14 ქულით 18 გუნდში მე-16 პოზიციაზე არიან.

“კერკირა” შინ “ქსანთის” დაუზავდა – 0:0. ცენტრალური მცველი აკაკი ხუბუტია კერკირელთა 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია. “კერკირა” 22 ქულით 18 გუნდში მეთორმეტეა.

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-17 ტურში “ჟილ ვისენტემ” სტუმრად “ბელენენსეშთან” 0:2 წააგო. ნახევარმცველი ავთო ებრალიძე ისევ ტრავმირებულია და ამის გამო დამარცხებულთა შორის არ უთამაშია. “ჟილ ვისენტე” 9 ქულით 18 გუნდში ბოლოა.

სეგუნდა დივიზიონის 23-ე ტურში “ფეირენსემ” თავის მოედანზე “ფარენსეს” ვერ მოუგო – 1:1. ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში კვლავ ვერ მოხვდა და თადარიგში ჯდომით შემოიფარგლა. “ფეირენსეს” 36 ქულა აქვს და 24 გუნდში მე-7 პოზიციაზეა.

ბელეკში შეკრებაზე მყოფმა გერმანიის მე-3 ლიგის “ჰალეშერმა” სპარინგში თურქეთის პირველი ლიგის “ალანიასფორს” 3:2 აჯობა. შემტევი ნახევარმცველი აკაკი გოგია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 70-ე წუთზე შეცვალეს. 39-ე წუთზე მან მეტოქის კარი აიღო. გოგიამ ზედიზედ მეორე ამხანაგურში გაიტანა.

ნორვეგიის ელიტესერიენში (უმაღლესი ლიგა) მოასპარეზე “სტაბეკმა”, სადაც გიორგი გოროზია გამოდის, პირველი დივიზიონის “ფოლოსთან” ისპარინგა და 4:1 მოიგო. 19 წლის ქართველმა ნახევარმცველმა მეორე ტაიმი ჩაატარა.

ბიალისტოკის “იაგიელონიამ” ლოძის “ვიძევთან” ამხანაგური შეხვედრა 0:0 დაასრულა. შემტევ ნახევარმცველ ნიკა ძალამიძეს ბიალოსტოკელთა რიგებში ისევ არ უთამაშია.

0.122254