საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” მცველი რაფაელ ვარანი “სამეფო კლუბის” დატოვებას არ აპირებს. 21 წლის ფეხბურთელმა 18 იანვარს “ხეტაფეს” წინააღმდეგ პრიმერადივიზიონის პირველი წრის ბოლო მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
ბოლო დროს ევროპული მედია ფრანგის “რეალიდან” აბარგების შესახებ იუწყება. ახალგაზრდა მცველს სათამაშო პრაქტიკის დეფიციტი აქვს, თუმცა ვარანი გუნდის ერთგულია.
“100%-ით “რეალზე” ვარ ფოკუსირებული და აქ დიდხანს ვითამაშებ. “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე მაკავშირებს და წასვლას არ ვაპირებ. შესაძლოა სერხიო რამოსი და პეპე ჩემგან განსხვავებით უფრო მეტ მატჩს ატარებენ, თუმცა როცა შანსი მეძლევა, ვცდილობ საუკეთესოდ წარმოვაჩინო თავი. შემიძლია ყოველ სამ დღეში ერთხელაც კი ვითამაშო.” – განაცხადა ფრანგმა.
მიმდინარე სეზონში 21 წლის ვარანმა ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა და მეტოქე ორჯერ დაამწუხრა. ფრანგი სასტარტო ფეხბურთელად “რეალში” არ მოიაზრება, თუმცა ჩატარებული მატჩების გათვალისწინებით ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ურიგო შედეგი ნამდვილად არაა.