ფეხბურთი

15:38 | 19.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

გელა ინალიშვილი: „მეორე წრეს მილიონიანი ბიუჯეტით და დიდი ოპტიმიზმით ვხვდებით“

საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“, 26-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება, თუმცა პირველ ეტაპზე გუნდის არასტაბილურად ასპარეზობას მთელი რიგი ობიექტური მიზეზები თან სდევდა. უპირველესი მიზეზი ის გახლდათ, რომ გუნდმა ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე, მხოლოდ ერთი კვირით ადრე მოახერხა ფეხბურთელების თავმოყრა და ადგილზე შეკრების გავლა. 25-ე ეროვნული ჩემპიონატის ბოლოს „ზუგდიდი“ უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა, ხოლო უმაღლესში გუნდების რაოდენობის გაზრდის შესახებ სფფ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ს.კ. ,,ზუგდიდს“ მუშაობა და ასპარეზობა, მთლიანობაში ფორსმაჟორში მოუწია. მეორე ეტაპისთვის ზუგდიდელებმა თადარიგი დროულად დაიჭირეს და მზადება ყველაზე ადრე განაახლეს. გუნდის მზადებასა და სამომავლო გეგმებზე,კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან .. „ზუგდიდისდირექტორმა, გელა ინალიშვილმა ისაუბრა.

პირველი წრისგან განსხვავებით, გუნდი მეორე ეტაპისთვის რადიკალურად გასხვავდება მომზადების მხრივ, თუმცა უფრო დეტალურად, რა ვითარებაა ამ ეტაპისთვის გუნდში და როგორია მზადების ციკლი?

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე რთული პერიოდი უდგას ჩვენს გუნდს და თქმა არ უნდა, რომ მოდუნების უფლება არ გვაქვს, თუმცა შედარებითობაზე თუ ვისაუბრებთ, პირველი და მეორე წრისთვის მომზადების მხრივ, გეთანხმებით - აბსოლუტურად გასხვავებული სურათი გვაქვს. უფრო მეტსაც ვიტყვი, პირველი წრე ნამდვილი „საგიჟეთი“ იყო ჩვენთვის და ამაზე ფეხბურთის ქომაგებმა კარგად უწყიან, ამიტომ ერთი და იგივე თემაზე საუბარი უხერხულად მიმაჩნია. მეორე წრეს კი ნამდვილი საფეხბურთო გარემოთი ვხვდებით და ეს ორმაგი სტიმულია თვითონ ფეხბურთელებისთვის. საფეხბურთო გარემოში უპირველესად იმას ვგულისხმობ, ყველაზე ადრე დავიწყეთ მომზადება და ჩვენს ფეხბურთელებს მთლიანობაში, პირველი წრის შემდეგ მხოლოდ ერთკვირიანი დასვენება თუ გამოუვიდათ. მომზადების დროულად დაწყებასა და გუნდის ნაყოფიერად შეკრების ძირითად ფუნდამეტს, ყოველთვის ფინანსები განაპირობებს და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ზუგდიდის მერიის, ქალაქის საკრებულოსა და სამხარეო ადმინისტრაციის თანადგომა ჩვენი გუნდის მიმართ, რომელთა ერთიანი ძალისხმევითაც კლუბს სოლიდური ბიუჯეტი დაუმტკიცდა. საფეხბურთო კლუბზუგდიდს“, რომელიც მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატზე ქალაქ ზუგდიდის მერიის ბალანსზეა, ერთი მილიონი ლარი დაუმტკიცდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თანადგომისთვის, დიდი მადლობა ვუთხრა სამეგრელოს გუბერნატორს, ლევან შონიას, ქალაქ ზუგდიდის მერს, ირაკლი გოგოხიას და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს, მერაბ ქვარაიას, რომლებიც ვარჯიშებზეც ინტენსიურად ჩვენს გვერდით არიან. ასევე მადლობას გადავუხდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ედიშერ თოლორაიას, რომელიც ტექნიკური მხარეებით ყოველთვის სუბსიდირებას გვიწევდა.

გუნდი ჩვეულებრივად „ბაიას“ ბაზაზე ემზადება და ასევე მადლიერება მინდა გამოვთქვა, „ბაიას“ ბაზის დირექტორის, ფელიქს კუჭუხიძის მიმართ, რომელიც ასევე ტექნიკური მხარეებით მთლიანად ეხმარება გუნდს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ, ადრეული შეკრება ორი, ორმხრივი ტესტ-მატჩით დაასრულა, თუმცა მიმდინარე კვირას კიდევ ორი ამხანაგური შეხვედრა გვაქვს მონიშნული - ფოთისკოლხეთსა დაბათუმისდინამოს, „ბაიას“ ბაზაზე ვუმასპინძლებთ, ხოლო თვის ბოლოსკენ შეკრებას თურქეთში გავაგრძელებთ.

ცნობილია, რომ .. „ზუგდიდიანტალიის საკურორტო ზონაში, სიდეში გაივლის შეკრებას -კონკრეტულად რამდენი საკონტროლო მატჩის ჩატარებას გეგმავს გუნდი უცხოეთში და თუ არის სპარინგ-პარტნიორების ვინაობა ცნობილი?

ჩვენი გუნდი სიდეში გაივლის შეკრებას და ფეხბურთელები ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ROYAL ANTLANTIS”-ში განთავსდებიან. 30 იანვარს, კლუბის მთლიანი დელეგაცია ტრაპზონიდან ანტალიაში ავიარეისით ჩავა, იქედან სიდეში გადავა. საწვრთნელი პროცესი ცამეტდღიანი იქნება და სამწვრთნელო შტაბსაც ფეხბურთელებზე დაკვირვების მეტი საშუალება მიეცემა. როგორც ადრე იყო გაცხადებული, კონტრაქტების ვადის ამოწურვის შემდეგ, რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა გუნდი, თუმცა, საკმაოდ კარგი შევსებაც მივიღეთ და 8 ფეხბურთელი დავიმატეთ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქედან უმრავლესობა ამავე კლუბის აღზრდილია და აქცენტიც სწორედ ადგილობრივ ფეხბურთელებზე კეთდება.

რაც შეეხება თურქულ სპარინგებს - ამ ეტაპისთვის ორი კლუბის ვინაობაა ცნობილი და ესენია, ლატვიური და რუმინული კლუბები, გამგზავრებამდე კი კიდევ ორი გუნდის ვინაობა გვეცოდინება. ოთხი საკონტროლო მატჩი გვაქვს თურქულ შეკრებაზე დაგეგმილი, თუმცა შესაძლოა ახალბედა ფეხბურთელებზე დაკვირვების მიზნით, საკონტროლო მატჩების რაოდენობა გავზარდოთ. გარდა ამისა, ახალმა ბიუჯეტმა მოგვცა იმის საშუალება, რომ მთლიანი სპორტული ეკიპირებაც ასევე ნორმალური გვქონოდა. კომპანია „SALER”-ს ორი სათამაშო ფორმის მთლიანი კომპლექტის გარდა, სპორტული ინვენტარები და სპორტული ეკიპირების მთლიანი სახეობა შევუკვეთეთ. ასე რომ, პირველი ეტაპისგან განსხვავებით, საგაზაფხულო სეზონისთვის სხვა მოტივაციით ვემზადებით.

მორიგი შეკითხვაც სწორედ ამ თემას შეეხება - თავიდანვე იყო გაცხადებული, რომზუგდიდიმიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატზე უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძოლებდა და არსებული შედეგიდან გამომდინარე ,ალბათ პროგრამა მაქსიმუმი მეორე წრეშიც უცვლელი იქნება?

მთლიანი გუნდის შემადგენლობა თანხმდება იმაზე, რომ საფეხბურთო კლუბმა „ზუგდიდმა“ უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის უნდა იბრძოლოს და სხვა ალტერნატივა ამ საკითხს, სამწუხაროდ, ამ სეზონზე არ გააჩნია, მაგრამ სრულებითაც არ ნიშნავს ეს, რომ გუნდი მხოლოდ ვიწრო წრეში ჩაიკეტოს. მთავარი მწვრთნელი ბესიკ შეროზია ყველა ფეხბურთელს აკვირდება და რამდენიმე ახალბედა ფეხბურთელის დაწინაურებასაც არ გამოვრიცხავ, თუმცა ეს მწვრთნელების პრეროგატივაა. სამწვრთნელო შტაბი და ჩვენ ხელმძღვანელობა, მომავალს სხვა კუთხითაც და დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ. ბუნებრივია თითოეული მატჩი მხოლოდ შედეგზე იქნება ორიენტირებული, მაგრამ ამავდროულად „ზუგდიდის“ საშინაო არენა თითოეული კლუბისთვის ანგარიშგასაწევი იქნება. არ გადავაჭარბებ და სამომავლოდ უფრო სასიკეთო ძვრებისთვის ვემზადებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების სრული მხარდაჭერა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ არათუ მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე, უკეთეს მომავალზე ვიფიქროთ და ყველაფერი ეს, რეალურად განვახორციელოთ.

თქვენი შეფასებით და ოპტიმიზმით თუ ვიმსჯელებთ, „ზუგდიდისამომავლოდ უმაღლეს ლიგაში უფრო მაღალი მიზნებისთვის გააგრძელებს ასპარეზობას?

აუცილებლად. გუნდს სამომავლოდ სხვა პროგრამა ექნება დასახული. რთულია, როცა სეზონის დასაწყისში ერთგულ ქომაგებს განაწყობ იმისთვის, რომ გუნდი მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოლებს, მაგრამ ასევე ძნელია, როცა სხვა არანაირი საშუალება გაგაჩნია. ამიტომ დროა, უკვე სხვა მიმართულება მივცეთ ამ ყველაფერს და არასტაბილურობის პერიოდი დავასრულოთ. ეს ქალაქი ნამდვილად იმსახურებს საპრიზო ადგილისთვის მებრძოლ გუნდს და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. უპირველესად კი ამ სეზონზე დასახული ამოცანა უნდა დავძლიოთ წარმატებით და მჯერა, რომ დავძლევთ. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ აქვე მინდა გავახმოვანო ის სიახლე, რაც ცენტრალური სტადიონის საკითხს უკავშირდება - საბოლოოდ გადაწყდა, რომ ზუგდიდში ევროპული დონის, თანამდროვე სტანდარტების სტადიონი აშენდება. მერიისგან ვიცი, რომ რეალურად დაიძრა ეს საკითხი და დაპროექტებაც თითქმის დასრულებულია, ხოლო წელიწადნახევარში სტადიონი სრულფასოვან სახეს მიიღებს. რაც შეეხება განმუხურის სტადიონს - მინდორს რეაბილიტაცია უტარდება და სამუშაო პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ხოლო 27-ე ეროვნული საფეხბურთო სეზონის დასაწყისშივე, აქ ახალი საფარი გვექნება და გუნდი ჩვეულებრივად ახალ საფეხბურთო სეზონს, განმუხურში გახსნის.

fczugdidi.ge

0.111591