ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძე ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე იანვრის სუპერტურნირზე მე-6 მარცხი განიცადა.
დასავლეთის პირველი მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ენდოს გაეჯიბრა და შიტატენაგეთი წააგო.
ჰაცუ ბაშოს მე-10 დღეს გორგაძის მეტოქე კომუსუბი ტაკაიასუ იქნება და ლევანმა წარმატებისთვის მაქსიმუმი უნდა გაიღოს. ტოჩინოშინს ტოკიოში 6 ბრძოლა აქვს დარჩენილი და წოდებაში დასაწინაურებლად, მინიმუმ ხუთის მოგება მართებს.
ელიტარულ მაუუჩი დივიზიონში დაუმარცხებელი მხოლო იოკოძუნა ჰაკუჰოა, რომელსაც 8 მოგებით კვალში მონღოლივე იოკოძუნა ჰარუმაფუჯი უდგას, ოძეკი კისენოსატომ კი მე-2 მარცხი ოძეკივე კოტოშოგოკისთან განიცადა.
რანგით მე-2 ძურიოს დივიზიონში ჩინებული შედეგი აქვს დასავლეთის მე-2 ნომერ გაგამარუს. თეიმურაზ ჯუღელმა ერთადერთი წაგების წილ მე-8 გამარჯვება (იორიკირით) აღმოსავლეთის მე-8 ნომერ ფუჯიაძუმასთან იზეიმა.
გაგამარუ პირველ-მეორე ადგილებს აღმოსავლეთის მე-3 ნომერ კიტატაიკისთან იყოფს, რომელმაც პირველი მარცხი განიცადა. ქართველ გოლიათს დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) უკვე განაღდებული აქვს, შემდეგი ბრძოლა კი დასავლეთის მე-8 ნომერ კაგაიაკისთან ელის.
ჰაცუ ბაშოს მე-9 დღის მიმოხილვა. ტოჩინოშინის ორთაბრძოლა 6:07-დან