ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ skysport-თან საუბრისას წარსულის სურვილები გაიხსენა. პორტუგალიელ სპეციალისტს “არისტოკრატთა” პირველად ჩაბარების დროს სურდა “ლივერპულის” ლეგენდის სტივენ ჯერარდის ტრანსფერი განეხორციელებინა, ხოლო მილანის “ინტერში” ყოფნის პერიოდში ფრენკ ლამპარდის გადაბირებაც უნდოდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა.
“ჯერარდი “ლივერპულის” ისტორიის ნაწილია, ისევე როგორც პრემიერლიგის. მას ყოველთვის ვაღიარებდი და პატივს ვცემდი. თავის დროზე სტივენის გადასაბირებლად ბევრი შეთავაზება გვქონდა. ოცნებად მქონდა კლოდ მაკელელე, ჯერარდი და ფრენკ ლამპარდი ნახევარდაცვაში ერთად მენახა. ინგლისელის წარმომადგენელმა ადრე მითხრა, რომ ჯერარდს ტოპ კლუბის ღირსების დაცვა უნდოდა, ისეთი გუნდის, როგორიცაა “ჩელსი”.
სტივენს ჩემთვის არაფერი უთქვამს. იგი “მერსისაიდელთა” რიგებში დარჩა და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ჩემ სატრანსფერო კარიერაში მისი ვერ გადაბირება ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა, ისევე როგორც ფრენკის განუხორციელებელი ტრანსფერი. “ინტერში” მუშაობის დროს ლამპარდის გუნდში ხილვა მინდოდა, შეთავაზებებიც გვქონდა, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ დასრულდა.” – განაცხადა მოურინიომ.
ამჟამად სტივენ ჯერარდი კვლავ “ლივერპულში” იმყოფება, თუმცა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “წითლების” რიგებს დატოვებს. მოურინიოსთვის კიდევ ერთი საყვარელი ფეხბურთელი ფრენკ ლამპარდი “მანჩესტერ სიტის” ღირსებას იცავს და ჯერარდის დარად ისიც სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.