ჭადრაკი

11:16 | 19.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბაციაშვილს ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა 72-ე ეროვნული ჩემპიონატის ბოლოსწინა მე-8 ტურში გამორჩეულ ინტერესს ის პარტიები იწვევდა, რომლებშიც სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი ბელა ხოტენაშვილი და ნინო ბაციაშვილი მონაწილეობდნენ. ორივეს ძლიერი, გამოცდილი მეტოქეები ჰყავდა. შესაბამისად, ნინო ხურციძისა და სოფო გვეტაძის სახით, რომლებიც ერთ-ერთი სინჯის მედლის მოპოვების პრეტენზიას აცხადებენ.

გვეტაძე-ბაციაშვილის პარტია მალე დასრულდა, მეტოქეები ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდნენ და ყაიმზე შეთანხმდნენ. დიდი ბრძოლა გაიმართა ხოტენაშვილი-ხურციძის შეხვედრაში. ჩემპიონატის ყველაზე გამოცდილმა მოჭადრაკემ, შავებით მოასპარეზე ხურციძემ შეძლო ტურნირის რეიტინგ-ფავორიტ ხოტენაშვილის დამარცხება და პირველ სამეულში მოხვედრის შანსი კიდევ უფრო განიმტკიცა.

ამრიგად, ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე ასპარეზობას ბაცაშვილის სახით ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს, რომელსაც 6,5 ქულა აქვს და მეორე ადგილზე გადასულ ხოტენაშვილს ნახევარი ქულით უსწრებს. თუ გადავხედავთ ბოლო ტურის შეხვედრათა განრიგს, ბაციაშვილს დიდი შანსი აქვს პირველი ადგილი შეინარჩუნოს და თავის კარიერაში პირველად მოიპოვოს ჩემპიონის ტიტული, რადგან იგი თეთრებით ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერს ანა კუჭავას ეთამაშება. რაც შეეხება ხოტენაშვილს, იგი შავებით სალომე მელიას დაუპირისპირდება. ეს უკანასკნელი ხოტენაშვილს ნახევარი ქულით ჩამორჩება და აღნიშნულიდან გამომდინარე, გამარჯვება ჰაერივით სჭირდება. ერთი სიტყვით, ხოტენაშვილი, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატს დიდი ხნის განმავლობაში ერთპიროვნულად ლიდერობდა, ჩემპიონობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, შეიძლება ვერცხლის ან ბრინჯაოს მედლის გარეშეც კი დარჩეს.

მერვე ტურის ტექნიკური შედეგები:

სოფო გვეტაძე – ნინო ბაციაშვილი 0.5-0.5

ანა კუჭავა – ალექსანრდა ვახანია 1-0

მერი არაბიძე – ლელა ჯავახიშვილი 0.5-0.5

მერი ჟორჟოლიანი – სალომე მელია 0-1

ბელა ხოტენაშვილი – ნინო ხურციძე 0-1

სატურნირო მდგომარეობა 8 ტურის შემდეგ

I ადგილი – ბაციაშვილი (6 ქულა); II- ხოტენაშვილი (5.5); III-IV – ხურციძე, მელია (5-5); V-VI – გვეტაძე, არაბიძე (4.5-4.5); VII – ჯავახიშვილი (4.0); VIII – კუჭავა (2.5); IX-X – ვახანია, ჟორჟოლიანი (1.5-1.5).

მეცხრე ტურის შეხვედრათა განრიგი

ხურციძე – გვეტაძე

მელია – ხოტენაშვილი

ბაციაშვილი – კუჭავა

ვახანია – არაბიძე

ჯავახიშვილი – ჟორჟოლიანი

0.123728