კოტდივუარის ეროვნული ნაკრების და “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა იაია ტურემ აფრიკის ეროვნებათა თასზე გვინეასთან ჩასატარებელ მატჩამდე ტრავმა მიიღო. ფეხბურთელს ბარძაყის კუნთი დაეჭიმა და მალაბოს ერთ-ერთ სტადიონზე გამართულ ვარჯიშზე მონაწილეობა თითქმის არ მიუღია.
“ქალაქელთა” ერთ-ერთი ლიდერი სპილოს ძვლის სანაპიროს წარმომადგენლის საკვანძო ფეხბურთელად ითვლება. იმ შემთხვევაში, თუ ტურე “აფრიკის თასზე” მონაწილეობას ვერ მიიღებს, კოტდივუარისთვის მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება.
ჯერჯერობით უცნობია, რა სიმძიმის ტრავმა აწუხებს იაიას. მოსალოდნელია, რომ ნახევარმცველმა შესაძლოა 20 იანვარს მხოლოდ გვინეის წინააღმდეგ გამოტოვოს მატჩი, შემდეგ კი ფორმაში ჩადგება.
აფრიკის კონტინენტის ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში კარგად გამოიყურება. “ქალაქელთა” რიგებში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 26 შეხვედრაში 31 წლის ფეხბურთელმა 9 გოლი გაიტანა. ფებურთელი აფრიკის ეროვნებათა თასზე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. ტურეს სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს.