ბლოგი

10:55 | 18.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩვენი დიდი და მარადიული ოცნება

ქართველ გულშემატკივრებში გამოკითხვა რომ ჩაატაროთ და დაინტერესდეთ, თუ რა არის მათი ყველაზე დიდი ოცნება სპორტული კუთხით, დარწმუნებული იყავით, რომ უმეტესობა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას იტყვის და ეს არცაა გასაკვირი, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნაკრები სიხარულის არანაირ იმედს არ გვიტოვებს, ფეხბურთის სიყვარული ქართველებში ამან მაინც ვერ მოსპო. განსაკუთრებით ის ადამიანები არიან “გამოუსწორებელი“ ფეხბურთის ტრფიალნი, ვისაც ჩვენი ქვეყნის სტადიონებზე დიდი ფეხბურთი უნახავთ და ფეხბურთით მათი “მოწამვლა“ ალბათ არასოდეს “განიკურნება“.

საყოველთაოდ აღიარებული აზრია, რომ სამხრეთის ზღვისპირა ქვეყნებში (საქართველოც მათ შორის მოიაზრება) ფეხბურთის სიყვარული განსაკუთრებული ფანატიზმითაა ნასაზრდოები და ადგილობრივ მოსახლეობას ფეხბურთი გულ-გვამში ისე ძალუმად აქვს გამჯდარი, რომ ხშირად საფეხბურთო მატჩები ომისა და დიდი გაწევ-გამოწევის წინაპირობა ხდება და ამის მიზეზი პირველ რიგში ამ ხალხების სამხრეთულ ხასიათში უნდა ვეძებოთ და ეს მხოლოდ ფეხბურთში არ გამოიხატება.

ქართველებს სიყვარულიც და სიძულვილიც მთელი ძალ-ღონითა და ემოციის ბოლო წვეთამდე შეუძლაით, რაც კაცმა რომ თქვას, სულაც არაა კარგი, მაგრამ ეს რომ ასეა, ჩვენი ქვეყნის ისტორია ყველაზე ნათელ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ. ქართველი, ისევე როგორც ვთქვათ ესპანელი, ანდა კოლუმბიელი ჯერ ჩხუბობს და მერეღა ფიქრობს კონფლიქტის დაწყების მიზეზებსა და შედეგებზე. ჯერ უყვარდებათ და მერეღა ფიქრდებიან სიყვარულზე, ჯერ სძულთ და მერეღა ხვდებიან სიძულვილის აბსურდულობას.

ჩემს ბავშვობაში მინახავს გერმანიისა და იტალიის ნაკრებების ქომაგი ქართველი ბიჭების ჩხუბი. ახლა ეს ამბავი მეც სასაცილოდ მეჩვენება, მაგრამ როცა ვიხსენებ მაშინ იმ ბიჭების წამონთებულ თვალებს, აჭარხლებულ სახეებს და ბრაზით შემართულ მუშტებს, მერწმუნეთ მათი შემხედვარე არაერთი ტიფოზი თუ ინჩასი დაიხევდა უკან. წარმოიდგინეთ, მსგავსი რამ ხდება სხვა ქვეყნის ნაკრებების რაობაზე მსჯელობის დროს და რა შეიძლება მოხდეს, თუკი მართლაც დადგა ნანატრი ჟამი და ჩვენს ნაკრებს მსოფლიოს, ანდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი მიეცა...

დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ქართული საგულშემატკივრო ტრადიციის სულ სხვანაირი გადააზრება და მიმიქარავს არგენტინელი, ან ბრაზილიელი ნაგიჟარი ქომაგები აქ რომ ამბები დატრიალდება. ჩვენ ხომ ყველაფერი მონატრებული გვაქვს: დიდი ფეხბურთიც, ამ დიდი ფეხბურთის თანმხლები ზღვა ემოციებიც და ქომაგობაც, რომელიც სამწუხაროდ დღეს ხშირ შემთხვევაში სტადიონზე მზესუმზირის ჩენჩოების ფურთხებითა და შინაურ-გარეულის დედის გინებით შემოიფარგლება.

მთავარი კი ალბათ მაინც ისაა, უნდა გვქონდეს თუ არა უკეთესი მომავლის იმედი. ამას ერთადერთი პასუხი აქვს: აუცილებლად! თუკი დიდ საფეხბურთო ტურნირებზე გასვლის ილაჯი და ნიჭი ისეთ ქვეყნებს ეყოთ, როგორიც მაგალითად ბოსნია ან ლატვიაა (ჩვენი დიდი პატივისცემა მათ!), ყოველთვის უნდა გვჯეროდეს, რომ ამის გაკეთება ჩვენც შეგვიძლია, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ეს უნდა დავიმსახუროთ!

0.138779