16 იანვარს, ქართული კალათბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ამ დღეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ ქართულ კლუბებს ოფიციალურად აცნობა, რომ სუპერლიგის მონაწილე ყველა გუნდს სახელმწიფო დაეხმარება ექნება და ბედის ანაბარა არავინ იქნება დარჩენილი. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ კლუბებს სახელმწიფოსაგან ასეთი მხარდაჭერა არასოდეს ჰქონიათ. მართალია, აქამდე საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში იყვნენ ისეთი გუნდები (“ვითა”, “ბასკო”, “არმია”...), რომლებსაც არაფერი აკლდათ და ერთ-ერთმა მათგანმა, კონკრეტულად კი “არმიამ” ნბა-ს მოქმედი და ყოფილი კალათბურთელების აყვანაც კი მოახერხა. მაშინ, როცა მათ გვერდით ისეთი გუნდებიც ("თორსი", “შევარდენი”, სტუ...) კი არსებობდნენ, რომლებსაც ხშირად სრულფასოვანი სათამაშო ფორმაც კი არ ჰქონდათ. ჩემი თვალით მაქვს ნანახი და მოსმენილი სტუ-ს ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ცნობილი ქართველი კალათბურთელი გურამ მინაშვილი როგორ სთხოვდა სამდივნოს, გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დუდუ ორჯონიკიძის შესახებ. ტანსრული კალათბურთელია, მისთვისა და გუნდისთვის ერთი ფერის სათამაშო ტრუსი არ გვაქვს და იქნებ განსხვავებული ფერის ტრუსით ათამაშოთო. რა თქმა უნდა მივესალმებით იმ კლუბების სიმრავლეს, ნბა-ს კალათბურთელების მიწვევას რომ ახერხებენ, მაგრამ არავითარ ლოგიკაში არ ჯდება სუპერლიგის მონაწილე გუნდს სათამაშო ფორმაც კი არ ჰქონდეს, რომელიც თანამედროვე მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
მეორე უაღრესად მნიშვნელოვანი სიახლე. 2015 წლის 16 იანვრამდე ნებისმიერ მსურველს, რომელიც თუნდაც ქუჩაში 10-12 კალათბურთის თამაშის მსურველ და არაპროფესიონალს შეაგროვებდა და ფედერაციაში სამონაწილეო თანხის მინიმუმსაც თუ შეიტანდა, თავისუფლად შეეძლო იმ სეზონის ნებისმიერ ტურნირში (ჩემპიონატი, თასი, მემორიალი...) მიეღო მონაწილეობა. ამიერიდან ეს აღარ იქნება, რადგან იქმნება პირველი ლიგა, რომლის საუკეთესო გუნდები, უმაღლესი ლიგის საგზურს მოიპოვებენ უშუალოდ მოედანზე და არა სამონაწილეო თანხის შოვნის შემდეგ. პირველი ლიგის საუკეთესო გუნდები უმაღლესი ლიგის ხელმოცარული კლუბების ადგილს დაიკავებენ.
ის რაც აქამდე ვერავინ შეძლო, ამ ყველაფერს თავი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალმა ხელმძღვანელობამ მოაბა, რომელსაც ვეტერანი კალათბურთელი, სააქციო საზოგადოება “ჰიუნდაი ავტო საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ გაბრიჩიძე ხელმძღვანელობს.
გთავაზობთ ინტერვიუს მიხეილ გაბრიჩიძესთან, რომელსაც “მსოფლიო სპორტი” სუპერლიგაში მიმდინარე დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით ესაუბრა:
-სუპერლიგის გუნდებთან თქვენი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე გუნდები სხვადასხვა სახის დახმარებას მიიღებენ. თუ შეიძლება კონკრეტულად აგვიხსენით სუპერლიგის მონაწილე გუნდები რატომ არ მიიღებენ ერთნაირ დაფინანსებას?
-დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ძნელია სუპერლიგის მონაწილე ყველა გუნდი დაფინანსების მხრივ თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენო, რადგან ზოგს ჰყავს სპონსორი და ზოგს არა. სუპერლიგის გუნდების მიმართ ფედერაციისა და სახელმწიფოს დახმარება გათვლილია 1 წელიწადზე, ანუ 2015 წლის იანვრიდან აღნიშნული წლის დეკემბრის ბოლომდე. სუპერლიგის მონაწილე გუნდებიდან “დინამო”, “ოლიმპი” და “მგზავრები-არმია”, რომლებსაც სპონსორი არ ჰყავთ, 2014-15 წლების სეზონის ბოლომდე 300-300 ათას ლარს მიიღებენ. სუპერლიგის მონაწილე დანარჩენი გუნდებიდან “რუსთავს”, “ქუთაისი-2010”-ს და “ბათუმს” ადგილობრივი თვითმმართველობა აფინანსებს, ხოლო “შსს აკადემიას” შინაგან საქმეთა სამინისტრო, “სოხუმს” კი საქართველოს რკინიგზა ეხმარება და კვლავაც ასე გააგრძელებს. გამოდის, რომ ყველა გუნდს სახელმწიფო ეხმარება, რადგან, ადგილობრივ თვითმმართველობებზე და შინაგან სამინისტროზე რომ აღარაფერი ვთქვათ, საქართველოს რკინიგზაც სახელმწიფო საკუთრებაა. ამის გარდა, სუპერლიგის მონაწილე ყველა გუნდი, რომელიც მიმდინარე 24-ე ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ უმაღლეს ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს, 2015-16 წლების სეზონის დაწყების წინ 100-100 ათას ლარს მიიღებს. გამოდის, რომ სახელმწიფო უმაღლესი ლიგის მონაწილე თითოეულ გუნდს 1 წლის განმავლობაში საშუალოდ 400-400 ათასი ლარით დაეხმარება. ამის გარდა, მათ უფლება აქვთ სპონსორები მოიძიონ და დამატებითი შემოსავალი მიიღონ. ამის შემდეგ უფლება გვაქვს ვთქვათ, რომ სუპერლიგას ღატაკი, ხელგამოწვდილი გუნდი აღარ ეყოლება. მაგალითად, როგორც შარშან “სოხუმი” იყო, რომელიც სეზონის დაწყების შემდეგ კერძო სპონსორმა გაურკვეველი მიზეზების გამო მიატოვა და მიმდინარე სეზონი ძლივს ჩავამთავრებინეთ.
-სუპერლიგაში დარჩენა-არდარჩენის საკითხი ახსენეთ. დიდი ხანია არის საუბარი პირველი ლიგის შექმნის შესახებ, მაგრამ ამ თემაზე ფედერაციას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია...
-აუცილებლად იქნება პირველი ლიგა, რომლის 6 საუკეთესო გუნდი უმაღლესი ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს.
-რატომ 6, როცა დაუზუსტებელი ინფორმაციით 17-მდე გუნდმა გამოთქვა პირველ ლიგაში მონაწილეობის სურვილი?
-ჩვენი გათვლით, დაახლოებით 6 გუნდში უნდა გადანაწილდეს ის კალათბურთელები, რომლებიც უმაღლეს ლიგაში გუნდების შემცირების შემდეგ უკლუბოდ არიან დარჩენილები. ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ უნდა მოხდეს საქართველოში თუნდაც პირველი ლიგისთვის 17 გუნდის დაკომპლექტება, რომელიც ბრძოლისუნარიანი იქნება.
-ხომ არ მოხდება მათი დაკომპლექტება 20-წლამდელთა და სხვა ასაკობრივი გუნდების კალათბურთელების ხარჯზე?
-მაგაზე ჩვენც ვფიქრობთ. ამიტომ ვაპირებთ პირველი ლიგის გუნდებში გარკვეული ლიმიტის შემოღებას ასაკობრივ კალათბურთელებზე, რადგან მათ შორის ჩემპიონატებს ჩვენ უკვე ვატარებთ და მის ჩატარებას საფრთხე რომ არ შეექმნას.
-თუ შეიძლება კონკრეტულად გვითხარით როგორ ლიმიტზეა საუბარი?
-ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან ბოლომდე ჩვენ თვითონაც არ ვართ ჩამოყალიბებული. 20 იანვარს ფედერაციის ხელმძღვანელობას აქვს შეხვედრა პირველ ლიგაში მონაწილეობის მსურველი გუნდების წარმომადგენლებთან და ამის შემდეგ მივიღებთ ორივე მხარისათვის სასურველ გადაწყვეტილებას.
-რეგიონებსაც ხომ არ სურთ პირველ ლიგაში თამაში?
-ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, გორში აპირებენ კარგი გუნდის გაკეთებას.
-“მსოფლიო სპორტთან” ერთ-ერთი საუბრის დროს თქვენ განაცხადეთ, რომ პირველ ლიგაში სომხეთის გუნდებიც ითამაშებენ. რამდენი გუნდით აპირებენ სომხები პირველ ლიგაში თამაშს და რა სტატუსით იქნებიან დაშვებულნი. უმაღლეს ლიგაშიც ხომ არ გვეყოლება სომხეთის გუნდი?
-სომხებმა თვითონ მოგვმართეს თხოვით, რათა პირველ ლიგაში ითამაშონ. ეს მინიმუმ 1, მაქსიმუმ კი 2 გუნდი იქნება. სომხებისაგან გუნდების ზუსტი რაოდენობა ჯერ არ მიგვიღია. რაც შეეხება მათ სტატუსს, პირველ ლიგაში მოასპარეზე სუმხური გუნდები კონკურსგარეშე ითამაშებენ.
-მათთან ნაჩვენები შედეგი ქართულ გუნდებს არ ჩაეთვლებათ?
-რა თქმა უნდა ჩაეთვლებათ. სიახლე ის არის, რომ როგორც კონკურსგარეშე მოასპარეზე, თუ სუმხური გუნდი მეორე ადგილს დაიკავებს, საჭიროების შემთხვევაში მეორეადგილოსნად მის შემდეგ მყოფი ქართული გუნდი გამოცხადდება.
-პირველი ლიგის რამდენი გუნდი მიიღებს უმაღლესი ლიგის საგზურს?
-ამ სეზონის ბოლოს პირველი ლიგის 2 საუკეთესო გუნდი უმაღლესი ლიგის ბოლო, მე-7-მე-8 ადგილზე გასულ გუნდებს დაუპირისპირდება და მათ შორის 2 საუკეთესო უმაღლეს ლიგაში ითამაშებს. განსხვავებული სისტემა იქნება 2015-16 წლების სეზონში. პირველი ლიგის გამარჯვებული პირდაპირ დაიკავებს უმაღლესი ლიგის ბოლოადგილოსნის ადგილს, ხოლო პირველი ლიგის მეორეადგილოსანი და უმაღლესი ლიგის ბოლოსწინა ადგილზე გასული გუნდები უმაღლესი ლიგის საგზურისთვის შეხვდებიან ერთმანეთს. მათ შორის საუკეთესო კი 26-ე ეროვნულ ჩემპიონატში იასპარეზებს.
-ამ სეზონში რატომ ვერ ხერხდება ანალოგიური სისტემის გატარება?
-2014-15 წლების სეზონის დაწყების წინ არ ჩაგვიყენებია უმაღლესი ლიგის გუნდები საქმის კურსში და უხერხულია შუა სეზონში ვუთხრათ, რომ ერთ-ერთი მათგანი, ანუ ბოლოადგილოსანი, პირდაპირ დატოვებს უმაღლეს ლიგას. ამიტომ ვაძლევთ ბოლოადგილოსნებს ამ სეზონში უმაღლეს ლიგაში დარჩენის კიდევ ერთ შანსს.
-მაშინ როცა პირველ ლიგაში თამაშის მსურველი გუნდი დაახლოებით 17-ა, მათგან ექვსს როგორ შეარჩევთ?
-შესარჩევი ტურნირით.
-პირველი ლიგის გუნდებიც თუ დაფინანსდებიან?
-შესარჩევი ტურნირის დასრულების შემდეგ მხოლოდ ის 6 გუნდი დაფინანსდება, რომლებიც უმაღლესი ლიგის საგზურისათვის ბრძოლას გააგრძელებენ. რაც შეეხება თანხას, თითოეული მათგანი 40-დან 47 000 ლარს მიიღებს, რადგან ჯერ არ დაგვიზუსტებია, მინიმუმი – 40, მაქსიმუმი 47 000 იქნება.