საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი მურთაზ დაუშვილი ლვოვის “კარპატისთან” ერთად უკრაინის პრემიერლიგის მეორე ეტაპისთვის თურქეთში ემზადება.
ლვოველები თურქეთში პარასკევს გაფრინდნენ და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხორვატმა იგორ იოვიჩევიჩმა 26 მოთამაშე იახლა, რომელთა შორის ერთადერთი ლეგიონერი დაუშვილია. “კარპატისთან” ერთადაა კიდევ ერთი ქართველი ნახევარმცველი ამბროსი ჩაჩუა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. უკრაინელები შეკრებაზე პირველ ამხანაგურ თამაშს 23 იანვარს სპლიტის “ჰაიდუკთან” ჩაატარებენ.
უკრაინის პრემიერლიგის პირველ ეტაპზე 25 წლის დაუშვილმა 11 მატჩი ჩაატარა. “კარპატი” წარუმატებლად ასპარეზობს და 14 გუნდში 4 ქულით მეცამეტეა.